
ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - საკანში განთავსებამდე, ვახტანგ ყიფიანმა სთხოვა N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას, რომ ის და ამ საქმეზე ბრალდებული სხვა პირები - ავთანდილ ბილანიშვილი, შოთა ყიფიანი, ამავე დაწესებულებაში განთავსებული ავთანდილ კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე განეთავსებინა იმ საკანში, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა,- ამის შესახებ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, შოთა ყიფიანის, პავლე გოცირიძისა და დავით კაჭარავას საქმის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერებიც.
„ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. ძალადობა განხორციელდა N8 პენიტენციური დაწესებულების 72-ე საკანში, სადაც განთავსებული იყო დავით ფეიქრიშვილი. სწორედ მის მიმართ განახორციელეს ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა ვახტანგ ჟვანიამ, იგივე ვახტანგ ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ.
16 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ბრალდებულ პირებს ვახტანგ ჟვანიას, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს, სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, აღნიშნული პირები N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. საკანში განთავსებამდე, ანუ შესახლების პროცედურის გავლის დროს, ვახტანგ ყიფიანმა სთხოვა N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას, რომ ის და ამ საქმეზე ბრალდებული სხვა პირები - ავთანდილ ბილანიშვილი, შოთა ყიფიანი, ამავე დაწესებულებაში განთავსებული ავთანდილ კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე განეთავსებინა იმ საკანში, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, კერძოდ, პენიტენციური კოდექსისა და N8 პენიტენციური დაწესებულების დებულებების რეგულაციებს, რამაზ ფირცხალავამ ეს საკითხი სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმჟამინდელი გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის წინაშე დააყენა. პატარიძემ კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით მიუთითა რამაზ ფირცხალავას, რომ დაეკმაყოფილებინა ვახტანგ ჟვანიას თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში შესახლების თაობაზე.
მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები. გამოკითხულია მოწმეთა ის კატეგორია, რომელსაც რაიმე კავშირი ჰქონდა საქმესთან, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება",- განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.