
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ბრიუსელის ბიუროკრატიასა და პირადად კაია კალასს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის დირექტივების მიცემასა და საქართველოსთან ორმხრივი კონტაქტების ხელოვნურად შეზღუდვაში ადანაშაულებს. პაპუაშვილის მტკიცებით, ევროპულ დედაქალაქებში პირდაპირი მითითებები სწორედ კალასის ოფისიდან იგზავნება, რასაც ის საბჭოთა მმართველობის სტილს ადარებს.
„ქალბატონი კალასი, რომელიც ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ადამიანია, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ რაც წამოიღო საბჭოთა კავშირიდან, ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, როდესაც თავს უფლებას აძლევს ქვეყნებს, პარლამენტებს, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან არ იმეგობრონ, ვის დაელაპარაკონ და ვის არ დაელაპარაკონ. მერე სწყინს ბატონ ჰერჩინსკის, საბჭოთა კავშირს რატომ გვადარებთო, ნუ მოიქცევით, როგორც საბჭოთა კავშირი და არავინ, არაფერს არ შეგადარებთ. თქვენ თვითონ იქცევით და ამ პარალელებს აღძრავთ იმ ხალხში, რომელთაც საბჭოთა კავშირი მართლა გამოვლილი აქვს.
- შალვა პაპუაშვილი კაია კალასზე: „ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, როდესაც თავს უფლებას აძლევს ქვეყნებს, პარლამენტებს, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს მითითებები მისცეს, ვის დაელაპარაკონ და ვის არა."
„გასაგებია, ევროკავშირთან მიმართებით მათი დამოკიდებულება, მაგრამ როდესაც ცდილობენ, რომ საქართველოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დააზიანონ, ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედებაა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს რეალისტურად აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, ევროკავშირის მთავარ დიპლომატს აქვს საამისოდ საკმარისი პოლიტიკური წონა:
„კაია კალასს აქვს საკმარისი გავლენა და უფლებამოსილება. შეგახსენებთ, ის არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. შესაბამისად, მას აქვს საკმარისი ბერკეტები და გავლენები იმისათვის, რომ, დავუშვათ, აიღოს ტელეფონი, ან ელექტრონული ფოსტა გაგზავნოს კონკრეტული მთავრობის ან სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებთან ევროკავშირის ნებისმიერ დედაქალაქში, რომ მოახსენოს მათ, რომ ბრიუსელში არ იქნებოდნენ კმაყოფილი, თუ ისინი მიიღებდნენ საქართველოს დელეგაციას.
„მე ეს სავსებით დასაშვებად მიმაჩნია იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ უკვე წელიწადზე მეტია. ეს პოლიტიკა არის საქართველოსთან მაღალი დონის კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა, უფრო სწორად, შეწყვეტა. ის, რომ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც დაკავშირებადობას ეძღვნებოდა, საქართველოდან მხოლოდ ელჩი იქნა მიწვეული, ესეც ამ პოლიტიკის გამოხატულებაა. ასე რომ, პაპუაშვილის ბრალდებებს, ყველა სიტყვას ნამდვილად აქვს საფუძველი."
ზაალ ანჯაფარიძე ვიზიტების დაგეგმვის პროცესში კულუარული ზემოქმედების შესაძლებლობაზე საუბრობს და ამ პროცესს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ „დამსჯელ ზომად" აფასებს.
- ზაალ ანჯაფარიძე: „მას აქვს საკმარისი ბერკეტები და გავლენები იმისათვის, რომ აიღოს ტელეფონი, ან ელექტრონული ფოსტა გაგზავნოს კონკრეტული მთავრობის ან სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებთან ევროკავშირის ნებისმიერ დედაქალაქში, რომ ბრიუსელში არ იქნებოდნენ კმაყოფილი, თუ ისინი მიიღებდნენ საქართველოს დელეგაციას."
„მე არ ვიცი შიდა კომუნიკაცია რა არის საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის სახელმწიფოების მთავრობებს შორის; როდესაც ვიზიტი იგეგმება, რაზე იღებენ ისინი უარს და რაზე თანხმობას. ეს არის ორმხრივი შეთანხმების საფუძველი. სადღაც ქართულ დელეგაციას იღებენ, სადღაც არ გამოვრიცხავ, რომ უარს ეუბნებიან სწორედ კაია კალასის და სხვა ევროჩინოვნიკების სატელეფონო ზარებისა თუ წერილების ზეგავლენით. ასე რომ, ეს პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოს შეზღუდვას, როგორც ერთგვარ დამსჯელ ზომას, ვფიქრობ, გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ან საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება და მოვა ის ხელისუფლება, რომელიც აწყობს ბრიუსელს, თუ მანამდე არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდება", - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ბრიუსელის საბჭოთა კავშირთან შედარებას კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ ეფექტის მოსახდენად შერჩეულ ტერმინოლოგიად განიხილავს. ამავდროულად, ანჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს იზოლაცია ევროინტეგრაციის მიზანს აზიანებს და რუსულ ინტერესებს აძლიერებს.
„პაპუაშვილის ეს და სხვა მსგავსი გზავნილები გათვლილია იმაზე, რომ საქართველოს მხარე აჩვენებს ევროკავშირს, შეიძლება საკმაოდ ხისტი ფორმებით, რომ ის უკმაყოფილოა იმ მდგომარეობით, რაც არის შექმნილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ტერმინოლოგიის შერჩევა და შედარებების გაკეთება - ეს, რა თქმა უნდა, ცალკეული პიროვნებების საქმეა. ახლა ვიღაცას შეიძლება ურჩევნია მეტი ეფექტის მოსახდენად ასეთი შედარებები გააკეთოს, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში რომ შევხედოთ საკითხს, ფაქტობრივად, მაინც ამოდის მეხსიერებაში ის პერიოდი, როდესაც ჩვენ გარედან გვკარნახობდნენ იმას, თუ რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და ასე შემდეგ.
„რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად შორსა ვარ იმისგან, რომ პირდაპირი პარალელები გავავლო, ვთქვათ, მოსკოვსა და თბილისს შორის საბჭოთა დროინდელ ურთიერთობებსა და თბილისსა და ბრიუსელს შორის ამჟამინდელ ურთიერთობებს შორის, მაგრამ ერთიც და მეორეც, ჩემი აზრით, არის მანკიერი. იმიტომ, რომ საბოლოო ანგარიშში ეს არ ემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რასაც ჰქვია საქართველოსთან ევროკავშირის დაახლოება. იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად მოახდენს ევროკავშირი საქართველოს დისტანცირებას, მით უფრო მეტად დაასხამს ის წყალს რუსეთის წისქვილზე, რომ მან ისარგებლოს ამით და საკუთარი გავლენები უფრო გააძლიეროს, განსაკუთრებით ევროსკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის გარემოში", - „რეზონანსთან" აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.