თამარ ოყუჯავა
13.11.2026

აბუ-დაბის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 ნოემბერს სასტუმრო Yas Hilton-ში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული ქართველი სპორტსმენები მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი გაათავისუფლეს. მათ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50-50 ათასი დირჰემის (13615$) ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰემის ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.

აბუ-დაბიში მომხდარი დაპირისპირების გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სპორტული ინდუსტრიის გავლენიანმა წარმომადგენლებმა და ცნობილმა სახეებმა დააფიქსირეს.

ბრაზილიელმა მებრძოლმა პაულო კოშტამ X-ში სპეციალური სამნაწილიანი ვიდეო-მტკიცებულება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დაღესტნელ და ჩეჩენ მებრძოლებს, მათ შორის უსმან ნურმაგომედოვისა და ხამზატ ჩიმაევის გუნდებს, კონფლიქტების დროს „მუდამ ხროვად გამოჩენა" სჩვევიათ. კოშტამ საკუთარი წარსული გამოცდილებაც გაიხსენა (2022 წლის შემთხვევა UFC-ის დარბაზში და 2023 წლის დაპირისპირება აბუ-დაბიში), სადაც მასაც დიდი ჯგუფით დაუპირისპირდნენ.

„მერაბი და ერთი მეგობარი მთელი ბანდის წინააღმდეგ. ეს ისინი არიან, ვინც მუდამ ხროვად ჩნდებიან. 2022 წელს სავარჯიშოდ მივედი და უცებ უამრავი ადამიანი შემომეხვია გარს, ყველა ერთდროულად ყვიროდა. მე დამხმარეები არ მჭირდება, რადგან თავად ვარ ერთი კაცის არმია," - ვკითხულობთ კოშტას პოსტში.

  • პაულო კოშტა: „მერაბი და ერთი მეგობარი მთელი ბანდის წინააღმდეგ. ეს ისინი არიან, ვინც მუდამ ხროვად ჩნდებიან. 2022 წელს სავარჯიშოდ მივედი და უცებ უამრავი ადამიანი შემომეხვია გარს, ყველა ერთდროულად ყვიროდა."

აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდიც. მან უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდი ზურგიდან თავდასხმის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი რეალურ ბრძოლას გაურბიან. მოგვიანებით კი მერაბ დვალიშვილის ინსტაგრამ პოსტის ქვეშ ჩხუბში მონაწილე ყველა პირისთვის სპორტიდან სამუდამო მოკვეთა მოითხოვა.

„ეს ბიჭები დარბიან და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს მაგრები არიან, სინამდვილეში კი მხდალ ძაღლებივით იქცევიან, რომლებიც ელოდებიან, როდის გაიხედავ გვერდზე, რომ თავს დაგესხან. სამუდამო დისკვალიფიკაცია ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა," - აღნიშნა შონ სტრიკლენდმა.

ნიუ-იორკში გამართულ UFC 334-ის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დანა უაითმა მომხდარს სისულელე უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მსგავსი ქმედებებისთვის შეუფერებელი ადგილია.

„ასეთი რაღაცები ბიზნესისთვის კარგი არასდროს არის. ყველა მონაწილეს ცუდად წარმოაჩენს... ეს აბსოლუტურად სასაცილო და სულელური საქციელია."

სკანდალური ინციდენტის შემდეგ უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა გამოცემა MMA Junkie-სთან საუბარში მომხდარის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა. მან აღნიშნა, რომ წარსულში მერაბ დვალიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ამ თავდასხმას არ ამართლებს, ქალაქ აბუ-დაბის ხელმძღვანელობასა და მოსახლეობას კი უპატივცემულობისთვის ბოდიში მოუხადა.

„გულწრფელად ვწუხვარ. სამარცხვინოა ის, რაც მოხდა. იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები კარგ გაკვეთილს მიიღებენ. მსგავსი რამ აღარასდროს უნდა განმეორდეს... ბოლო ორი დღეა არ მძინავს, ვცდილობ სიტუაცია გამოვასწორო. აბუ-დაბის ხალხსა და ხელმძღვანელობას ვპირდები, რომ ეს აღარასდროს მოხდება. უკეთესები უნდა ვიყოთ, როგორც მუსლიმები, როგორც ადამიანები და როგორც სპორტსმენები. ის, რაც მოხდა, სრულიად მიუღებელია. ვფიქრობ, ორივე მხარე შეცდა და ეს ყველასთვის კარგი გაკვეთილია.

„რაც შეეხება უსმანის კარიერას, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ყველაზე იმოქმედებს: მასზეც, ხაბიბზეც, ყველაზე. თუმცა ახლა მის საბრძოლო კარიერაზე არ ვღელავ; ჩემი მთავარი საზრუნავი მისი კეთილდღეობაა და ის, თუ როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან," - განაცხადა აბდელაზიზმა.

ინციდენტის გამომწვევ მიზეზად არმან ცარუკიანმა და ისლამ მახაჩევმა საერთო გარემოება, წარსულში თბილისში მომხდარი დაპირისპირება დაასახელეს. ცარუკიანმა მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა და განსაკუთრებული აღფრთოვანებით შეაქო მერაბ დვალიშვილის 21 წლის მეგობარი, მოჭიდავე საბა ლაზიშვილი.

„მერაბის მეგობარი უბრალოდ მხეცია! რაები აკეთა! გათიშა, დააგდო, შევარდა! გავიგე, რომ მებრძოლიც არაა და მოჭიდავეა. მარტო ჩხუბებზე უნდა წაიყვანო, მართლა მხეცია.

„ვფიქრობ, ამ ამბავს არანაირი გაგრძელება არ უნდა მოჰყვეს. საჭიროა, ერთად დასხდნენ და ხელი ჩამოართვან. მერაბმა სამშობლოში გააკეთა ეს, უსმანმა - აქ. ასე რომ, როგორც იტყვიან, ბარიბარში არიან. კონფლიქტის გაგრძელებას შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება გაჩნდება... რა საჭიროა ეროვნებათაშორისი კონფლიქტების გაღვივება? პირიქითაა საჭირო. ვთქვათ, ხაბიბი გამოვიდეს კონტაქტზე ან ასაკოვანი ადამიანები ჩაერიონ და ეს კონფლიქტი მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოაგვარონ." - აღნიშნა ცარუკიანმა.

MMA-ის სამყაროში პრაქტიკულად ერთადერთი ცნობილი მებრძოლი, რომელმაც უსმან ნურმაგომედოვის საქციელი ღიად გაამართლა, ისლამ მახაჩევია.

„ის, რაც დღეს მოხდა, მერაბმა თავის სამშობლოში დაიწყო, როცა თავს უფლება მისცა, სტუმრისთვის დაერტყა და დედამისისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა," - განაცხადა მახაჩევმა.

ინციდენტის მიუხედავად, შაბათს, 14 ნოემბერს, აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირია ჩანიშნული, სადაც მერაბ დვალიშვილი მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს. ორგანიზატორებმა უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე დასწრება ოფიციალურად აუკრძალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×