
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსამართლე ევა გოცირიძემ კითხვები მათი მმართველობის დროს მედიის თავისუფლების შესახებ დაუსვა. ევა გოცირიძეს პასუხები ლევან ბეჟაშვილმა და ანი წითლიძემ გასცეს:
მოსამართლე ევა გოცირიძე: მედიის თავისუფლება სერიოზული წნეხის ქვეშ იყო თქვენი მმართველობის პერიოდში და არის თუ არა ამაში თქვენი პოლიტიკის ბრალის წილი? კორექტულია ასეთი შეკითხვა?
ლევან ბეჟაშვილი: სასამართლოს დანიშნულება ჩვენ გვესახება და გვინდა ამაში სასამართლო დაგვეხმაროს, რომ ეს ზოგადი ბრალდებები გადავაქციოთ კონკრეტულ მსჯელობებად, კონკრეტულ გამოვლინებებად. აი ასე დაჯგუფებული ბრალდებები გადავაქციოთ კონკრეტულ თემებად და ვიმსჯელოთ და სასამართლომაც დაადგინოს, ჰქონდა კი ადგილი ასეთ შეზღუდვას? პარტიის როლი ამ ფუნქციაში ან პარტიული პოლიტიკის განსაზღვრულობა ამ თემებთან დაკავშირებით საერთოდ არ არის და შესაბამისად, არც პოლიტიკური პასუხიმგებლობის პარტიების გაუქმების კუთხით ვერ დადგება ეს საკითხი დღევანდელ პერიოდში.
ანი წითლიძე: ოდიშთან დაკავშირებით, თრიალეთთან დაკავშირებით, ჟურნალ ომეგასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია იბერიასთან დაკავშირებით - ამ საკითხებთან დაკავშირებით არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარა. თუ სასამართლო გადაწყვეტს, მოვიყვანთ ამ ხალხს სასამართლოზე. ამ ხალხს პრეტენზია "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ჰქონიათ. არათუ ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ სახელმწიფოსთანაც. მოგვეცით საშუალება, რომ მათ შორის მოწმეები იყვნენ ამ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ან ერთად გავარკვიოთ და რაშიც აღმოჩნდება, რომ არ ვართ მართლები, ვიტყვით, რომ არ ვართ მართლები. მაგრამ რაშიც ვხედავთ რომ მართლები ვართ და თვითონ ეს ხალხი იძახის, რომ პრეტენზია არ აქვთ, ცხადია ვთქვლით, რომ ეს არის მანიპულაცია და ტყუილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვა ასევე შეეხებოდა, ჰქონდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევას ადგილი?
მოსამართლე ევა გოცირიძე: თქვენი აზრით, 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა? იყო ცალკეული დარღვევები და იქნება ყოველთვის სხვადასხვა ხელისუფლების დროს, მიგაჩნიათ რომ ეს ადამიანის უფლებათა დარღვევები რომ ყოფილიყო, არ უნდა შეერაცხოს ენმ-ს და ისინი არ უნდა გახდეს მისი აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი?
ლევან ბეჟაშვილი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ცალკეული ადამიანის უფლებათა დარღვევის მასობრიობასთან დაკავშირებით, არის მანიპულტიური, გამომდინარეობს პოლიტიკური ანგაჟირებულობიდან, ამ კუთხის საზოგადოების დაზომბირებულობა ხდებოდა. თითოეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი ჯერადობითაც ვერ იქნება პარტიის გაუქმების საფუძველი.