
„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში, საოჯახო მოგზაურობის დროს, ავტოავარიაში მოჰყვა. ხაზარაძის ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ შემთხვევა ოთხი დღის წინ მოხდა, როდესაც მამუკა ხაზარაძე შვილთან, ნიკა ხაზარაძესთან ერთად, სამოგზაუროდ იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკაში.
ხაზარაძეები საკუთარი ავტომობილით ბრაზილიიდან მონტევიდეოში (ურუგვაი), ჩილეში, არგენტინაში მოგზაურობდნენ. ახლობლის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს ავარიის შედეგად ნეკნების მოტეხილობა აქვს.
„დაახლოებით, ორი კვირა მამუკასთვის ფრენა არ შეიძლება, რის გამოც ჯერ ვერ დაბრუნდებიან“, - ამბობს ახლობელი.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მამუკა ხაზარაძესთან ერთად მყოფი ნიკა ხაზარაძე თავს კარგად გრძნობს. ამჟამად, მათთან ერთად იმყოფება ხაზარაძის ქალიშვილი ელენეც. სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, ბრაზილიაშია მამუკა ხაზარაძის მეუღლე ირინე ხაზარაძეც და მისი კიდევ ერთი ვაჟი იოანე ხაზარაძე, რომელიც განათლებას ბრაზილიაში იღებს.
წყარო: „პრაიმტაიმი“