
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პერსპექტივა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო კონტურები საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად რჩება. 11-12 ნოემბერს გაკეთებული ოფიციალური განცხადებები და პარალელურ რეჟიმში მიმდინარე დიპლომატიური ვიზიტები ცხადყოფს, რომ ომის დასრულების გზებზე მხარეებსა და საერთაშორისო აქტორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
სამშვიდობო პროცესის გააქტიურების ფონზე, ყურადღების ცენტრში მოექცა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ვიზიტი მოსკოვში, რომელიც აბუ-დაბიში გამართული კონსულტაციების შემდეგ შედგა. კუშნერის განცხადებით, კრემლში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ამერიკული დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასაც გეგმავს.
უშუალოდ ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი გრძელვადიან ზავს ემხრობა, თუმცა კიევის მიერ შეთავაზებულ გარდამავალ ტერიტორიულ მოდელებს კატეგორიულად არ იზიარებს.
„რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის სიმტკიცესა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მშვიდობა მარადიული იყოს. ვიცით, რომ უკრაინული მხარე განსახილველად დღის წესრიგში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. ეს ყოველთვის განხეთქილების ვაშლი იქნება. ჩვენთვის ერთადერთი გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარია. რადგან მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება: აქ ჩვენ ვართ, იქ კი თქვენ", - განაცხადა პუტინმა.
ვაშინგტონის მიერ წარმოებული დიპლომატიური კონსულტაციების პარალელურად, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ უკრაინული მიწების სტატუსი სავაჭრო თემად ვერ იქცევა.
„თუ ამერიკაში ვიღაც გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც, ფაქტობრივად, უკრაინულ ტერიტორიას ისე განიხილავს, თითქოს უკრაინული არაა, მაშინ ეს გვეუბნება, თუ სად მიდის საქმე. ცხადად უნდა ვთქვათ, რომ არასდროს და არანაირად არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, 11 ნოემბერს, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ დონბასის საკითხზე ვაშინგტონის მიდგომებიც გააკრიტიკა და ჯარების გაყვანა გამორიცხა.
„ამერიკულ მხარეს ხშირად წამოუყენებია დონბასის, ჩვენი უკრაინული მიწის ნაწილის, თემა. და, რა თქმა უნდა, საკუთარი ყურადღების ფოკუსირებას ამაზე ახდენენ. ისინი ფიქრობენ, რომ ომის გასაჩერებლად ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ. ეს შეუძლებელია - ასეთი ფორმით გველაპარაკო, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება."
ბრიუსელის პოზიცია სანქციებზე და თბილისის კრიტიკა
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს 11 ნოეემბერს FRANCE 24-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითებში, კაია კალასი. მან ვაშინგტონს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ევროპული სანქციების ბედი ევროკავშირის გარეშე ვერ გადაწყდება.
„აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე ევროპის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს, ამ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ევროპას შეუძლია", - განაცხადა კალასმა.
ბრიუსელის ამ პოზიციას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან ევროკავშირის რიტორიკა არათანმიმდევრულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბრიუსელი უგულებელყოფს თავად უკრაინის სუვერენულ უფლებას, თავად განსაზღვროს ომის დასრულების პირობები.
„აშშ-ზე აქცენტის გაკეთებით კაია კალასი გვერდს უვლის მთავარ ფაქტს: მოლაპარაკების მხარე უკრაინაა, ხოლო ევროპული უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაცაა.
- შალვა პაპუაშვილი: „აშშ-ზე აქცენტის გაკეთებით კაია კალასი გვერდს უვლის მთავარ ფაქტს: მოლაპარაკების მხარე უკრაინაა, ხოლო ევროპული უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაცაა"
„ევროკავშირის ამ რიტორიკის ფონზე, ხომ ცხადია, რომ ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის: აქვს თუ არა უკრაინას უფლება, ომი საკუთარი პირობებით დაასრულოს? ცხადია, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სულ უფრო მეტად ავლენს უმწიფრობის და არათანმიმდევრულობის ნიშნებს. შედეგად, ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს, და სწორედ ეს არის, ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ." - წერს პაპუაშვილი.
მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლების მიერ მოსკოვსა და კიევს შორის დაწყებული შუამავლობის პარალელურად, მხარეებს შორის წითელი ხაზები კვლავ მკვეთრია, კიევისთვის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, მოსკოვი ხისტ სასაზღვრო გამიჯვნას ითხოვს, ხოლო ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის სანქციების ბერკეტის გამოყენებაზე განსხვავებული ხედვები იკვეთება.