თამთა ჩაჩანიძე
12.11.2026

მეთერთმეტე სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში კვლავ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსამართლეების კითხვებს მხარეთა შორის სიტყვიერი შელაპარაკებები მოჰყვა. განსაკუთრებული დაპირისპირება მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის გაჩაღდა, როდესაც გოცირიძემ პარტიას მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობასა და მკვლელების წახალისებაზე პასუხისმგებლობის საკითხი დაუსვა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსამართლის კითხვები პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს, კამათი კი საბოლოოდ გოცირიძის აცილების საკითხის დაყენების მინიშნებით დასრულდა.

მეთერთმეტე სხდომაზეც განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსამართლეები მოპასუხე მხარისგან სარჩელში წარმოდგენილი ფაქტებისა და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის შესახებ დამატებით განმარტებებს ითხოვდნენ. პარალელურად, მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა როგორც სასამართლოს მიერ დასმული კითხვების შინაარსი, ისე მათი პოლიტიკური კონტექსტი. სხდომაზე კვლავ გამოიკვეთა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული პოზიციები წარსულში ჩადენილი დანაშაულების, სასამართლოს შეფასებებისა და პარტიების პასუხისმგებლობის საკითხებზე.

„ოცნების" არგუმენტები

საკონსტიტუციოში საქმის განხილვისას მმართველი გუნდის მთავარი გზავნილი ამჯერადაც ამომრჩევლის პოლიტიკური ორიენტაციისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებების შეფასება იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მთავარ განსხვავებად ამომრჩევლის დამოკიდებულება დაასახელა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას" პროქართული ამომრჩეველი ჰყავს.

ჭეიშვილის ეს განცხადება „ლელოს" წევრის, გიორგი სიორიძის რეპლიკას მოჰყვა. სიორიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას" ელექტორატში პრორუსული მსოფლმხედველობის მქონე ამომრჩეველი ჰყავს. ჭეიშვილმა ეს შეფასება უარყო და ოპონენტებს ამომრჩევლის შეურაცხყოფაში დასდო ბრალი.

„წეღან საუბარი იყო მილიონ ას ოცი ათას ამომრჩეველზე, რაც საარჩევნო შედეგებით არის დადასტურებული. „ქართულ ოცნებას" ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით, შეურაცხყოფას თავი დაანებეთ", - განაცხადა ჭეიშვილმა.

ოპოზიციის მისამართით კიდევ უფრო მწვავე შეფასებები გააკეთა „ოცნების" წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ. მისი თქმით, ხუთშაბათის სხდომამ ოპოზიციის წარმომადგენელთა ინტელექტისა და პროფესიონალიზმის დონე გამოაჩინა, ამბობს, რომ ოპონენტები სამართლებრივად დაუსაბუთებელ მოსაზრებებს გამოთქვამენ და ხშირად საკუთარ განცხადებებსაც ეწინააღმდეგებიან. მაგალითად მოიყვანა ოპოზიციის განცხადებები, თითქოს ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი არ აქვთ, ასევე „ლელოს" პოზიცია ალეკო ელისაშვილზე. გორდულაძის შეფასებით, ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური წარსულისგან გამიჯვნას ცდილობს და ამ პროცესში საკუთარ ნათქვამსაც კი უარყოფს.

„ნახევარ საათის განმავლობაში საკუთარ ნათქვამსაც კი ეწინააღმდეგებიან, ხშირ შემთხვევაში ნახევარი საათიც არაა საჭირო, ათ წუთში უარყოფენ."

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე ისეთი სამართლებრივი მოსაზრებები გამოთქვეს, რომლებიც სამართლის პირველკურსელ სტუდენტსაც კი გაუკვირდებოდა.

მან ოპოზიცია ნაცისტურ და ფაშისტურ პრაქტიკებთანაც შეადარა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში მმართველი პარტიის მხარდამჭერებს, შესაძლოა, საკონცენტრაციო ბანაკებში მოეთავსებინათ. გორდულაძის მტკიცებით, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ საფრთხეებს, რომელთა გამოც, მისი შეფასებით, ამ პარტიების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

ოპოზიციონერები სხდომაზე

ოპოზიციონერებმა კი მმართველი გუნდის ბრალდებებსა და სარჩელში მოყვანილ არგუმენტებზე საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს. ყურადღება გაამახვილეს როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე, ისე რეალური ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის მისაღები პოლიტიკური ძალების გამიჯვნის აუცილებლობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ანა წითლიძემ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დააყენა. მისი თქმით, მოპასუხე მხარეს აქვს უფლება, არ ენდობოდეს სასამართლოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ისტორიაში პირველად სანქცირებული მოსამართლეები ჰყავს.

„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ დღეს გადაწყვეტილებების სასამართლო არის ან თავისუფალი, ან სამართლიანი, ესეც ჩვენი უფლებაა."

მის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას შენიშვნა მოჰყვა, რომელმაც მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

სხდომაზე სასამართლოსთან დაპირისპირება კითხვა-პასუხის ფორმატსაც შეეხო. „გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ თავმჯდომარეს მიმართა კითხვით, რამდენად ჰქონდა აზრი მხარის პასუხებს, თუ სასამართლოს შეკითხვებზე წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია უკვე ჰქონდა. მოსამართლე ვასილ როინიშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლის მიერ კითხვის დასმა არ ნიშნავს, თითქოს მას პასუხი არ აქვს ან ცოდნის შევსება სჭირდება - მას მხარის ხედვა აინტერესებს.

რაც შეეხება პოლიტიკური ოპოზიციის კრიტერიუმებს, „ლელოს" წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ რეალურ ოპოზიციად ვერ ჩაითვლება პოლიტიკური ძალა, რომელიც დეკლარირებულად განსხვავებულ მიზნებს აცხადებს, თუმცა პრაქტიკულად მმართველი პარტიის პოლიტიკას იმეორებს და მის ნაბიჯებს თითქმის ყველა საკითხში ეთანხმება. მაგალითად „ხალხის ძალა" და „ევროპელი სოციალისტები" დაასახელა და აღნიშნა, რომ მათი საპარლამენტო და ადგილობრივი წარმომადგენლობა, ოპოზიციური კვოტებისა და პრივილეგიების მისაღებად გამოიყენება. მისი თქმით, რეალური ოპოზიცია მხოლოდ ფორმალური სტატუსით არ განისაზღვრება - გადამწყვეტია პოლიტიკური დამოუკიდებლობა და მმართველი გუნდისგან რეალური განსხვავება.

მოსამართლეები

სხდომაზე მოსამართლეების კითხვები მხოლოდ სარჩელში წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტებით არ შემოფარგლულა. ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განმარტება მოსთხოვა, მათ შორის, რამდენად აუცილებელია ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და ხომ არ შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ საპირისპირო პოლიტიკური შედეგი გამოიწვიოს.

  • მოსამართლე ევა გოცირიძემ იკითხა, თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რატომ არის საჭირო პოლიტიკურ პროცესში უხეში ჩარევა და ხომ არ შეიძლება აკრძალვამ მათ, პირიქით, პოლიტიკური გაძლიერებისთვის მისცეს ბიძგი

გოცირიძემ ეჭვქვეშ დააყენა „ერთიანი ორგანიზმის თეორიის" სამართლებრივი საფუძვლებიც. მისი თქმით, გასარკვევია, რამდენად მყარია პარტიებს შორის კავშირი იმისთვის, რომ მათ ერთმანეთის ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ. მან ასევე იკითხა, ცალკეული პარტიების საქმიანობა, ერთმანეთთან კავშირის გათვალისწინების გარეშე, რამდენად იქნებოდა აკრძალვისთვის საკმარისი.

მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ შედეგებზეც და იკითხა, თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რატომ არის საჭირო პოლიტიკურ პროცესში უხეში ჩარევა და ხომ არ შეიძლება აკრძალვამ მათ, პირიქით, პოლიტიკური გაძლიერებისთვის მისცეს ბიძგი, საზოგადოების მხრიდან „დაჩაგრულის მხარეს" დგომის ტრადიციული დამოკიდებულების გათვალისწინებით.

გორდულაძის პასუხის შემდეგ სხდომის პროცესზე ზოგადი პოზიცია სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამაც გამოკვეთა. მისი განცხადებით, სასამართლოს მიზანი არა რომელიმე მხარისთვის სასურველი ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა, არამედ საქმის ობიექტური განხილვაა.

„სასამართლო მხოლოდ იმითაა დაინტერესებული, რომ საქმე ობიექტურად განიხილოს", - განაცხადა ნადარაიამ.

მოსამართლე ევა გოცირიძემ „ნაციონალურ მოძრაობას" მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობასა და, მისი შეფასებით, მკვლელების წახალისებაზე პასუხისმგებლობის საკითხი დაუსვა. დაინტერესდა, ვინ იყო პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფო აგენტების მიერ სიცოცხლის ხელყოფას სათანადო გამოძიება არ მოჰყოლია და რამდენად უნდა მიეწეროს ეს ყველაფერი მაშინდელ მმართველ პარტიას. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლის კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რაზეც გოცირიძემ განმარტა, რომ საუბარი ფაქტების პარტიისთვის მიკუთვნებას ეხებოდა.

კამათში ჩაერთო ანა წითლიძეც, რომელმაც მოსამართლეს ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების პასუხისმგებლობა არ დამდგარა. გოცირიძემ საპასუხოდ მიუთითა, რომ საუბარი იმ პერიოდში მომხდარ ფაქტებზე იყო. სიტყვიერი დაპირისპირების დასასრულს წითლიძემ მოსამართლეს მიმართა: „არა, ქალბატონო ევა, ახლა თქვენი აცილების საკითხს ხომ არ დავაყენებთ?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×