"საკურიერო მომსახურების, მგზავრთა გადაყვანისა და გიდის მომსახურების სფეროებში წლიური კვოტა ნულოვანია, ანუ ამ კუთხით უცხოელი ვერ იმუშავებს"
თამარ ვეფხვაძე
12.11.2026

საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებელი გარდამავალი ვადა 2027 წლის 1-ელ იანვარს იწურება. ცვლილება ეხება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2026 წლის 1-ელ მარტამდე, სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი. ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიზანია შრომითი მიგრაციის პროცესის მოწესრიგება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომითი საქმიანობის კონტროლი და ადგილობრივი შრომის ბაზრის ინტერესების გათვალისწინება.

2026 წლის 1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის/თვითდასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების პარალელურად, გათვალისწინებული იყო გარდამავალი პერიოდი საქართველოში დასაქმებული იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2026 წლის 1-ელ მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უკვე იყვნენ რეგისტრირებულები.

„კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1-ელ იანვარს იწურება, ვინაიდან შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა 30 კალენდარულ დღეს მოიცავს, რეკომენდებულია პროცესის დროულად დაწყება, შესაბამისი დოკუმენტაციის წინასწარ მომზადება და სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონით გათვალისწინებული ჯარიმები, როგორც კომპანიისთვის, ისე უცხოელი დასაქმებულისთვის“, - აღნიშნულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ხოლო „აი ტი“ სფეროში დასაქმებულებისთვის - 3 წლამდე ვადით. ნებართვის მიღების სტანდარტული, 30-დღიანი მომსახურების საფასური 200 ლარია, დაჩქარებული, 10-დღიანი მომსახურების შემთხვევაში - 400 ლარი.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის წევრისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ უფროსი იურისტის, მარიამ ბაღდავაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები საქართველოს შრომის ბაზარზე განსხვავებულ, ახალ მოთხოვნებს აწესებს. ამ ცვლილებების მიზანია შრომითი მიგრაციის პროცესის მოწესრიგება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომითი საქმიანობის კონტროლი და ადგილობრივი შრომის ბაზრის ინტერესების გათვალისწინება.

„2026 წლის 1-ლი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა. ამასთან, გარდამავალი პერიოდი განესაზღვრათ იმ შრომით იმიგრანტებს, რომლებიც 2026 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში აქტიური სტატუსით იყვნენ რეგისტრირებულნი. მათ არაუგვიანეს 2027 წლის 1-ელი იანვრისა (თუმცა, მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ვადის გათვალისწინებით), უნდა მოიპოვონ, როგორც შრომითი საქმიანობის უფლება, ასევე მის საფუძველზე შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

კანონის თანახმად, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება უშუალოდ დამსაქმებელს ეკისრება. შესაბამისად, ახალი რეგულაციები მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ ქმნის დამატებით სამართლებრივ მოთხოვნებს - მათთან ადაპტირება მოუწევთ თავად დამსაქმებლებსაც. უცხოელი თანამშრომლის დაქირავება უკვე საჭიროებს დამატებითი საკანონმდებლო მოთხოვნებისა თუ სანებართვო პროცედურების გათვალისწინებას საიმიგრაციო მიმართულებით“, - განუცხადა „რეზონანსს“ მარიამ ბაღდავაძემ.  

რეგულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარკვეულ სფეროებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმიანობის კვოტირებაც. 

„კერძოდ, საკურიერო მომსახურების, მგზავრთა გადაყვანისა და ტურისტებისთვის გიდის მომსახურების სფეროებში წლიური კვოტა ნულით განისაზღვრა, ხოლო სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების მომსახურებისთვის წლიური კვოტა 200-ია. აღნიშნული კვოტები ყოველწლიურ განახლებას ექვემდებარება, შესაბამისად, ჩამოთვლილ სფეროებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმიანობა არსებითად იზღუდება, ხოლო სხვა სფეროებში მათი დასაქმება/თვითდასაქმება შესაბამისი უფლების მოპოვებას დაექვემდებარა. გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია, შეამოწმონ არსებული უცხოელი თანამშრომლების სამართლებრივი სტატუსი და უზრუნველყონ მათთვის დადგენილ ვადაში შესაბამისი საქმიანობის უფლების მოპოვება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ბაღდავაძემ. 

ჩვენს კითხვაზე, შეუწყობს თუ არა ეს ცვლილება ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვას უცხოელი მოქალაქეებისგან, მარიამ ბაღდავაძემ გვიპასუხა, რომ ამ რეგულაციას ნამდვილად აქვს ასეთი შესაძლებლობა.

„განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმიანობაზე ნულოვანი კვოტაა დაწესებული, შესაძლებელია ადგილობრივი სამუშაო ძალისთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების შეზღუდვა თავისთავად არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ავტომატურ ზრდას. საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ სექტორებში ადგილობრივი სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობაზე, კვალიფიკაციაზე, ანაზღაურების პირობებსა და დამსაქმებელთა მოთხოვნაზე.

ამდენად, საკანონმდებლო სიახლეები უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების შეზღუდვისა თუ კონტროლს დაქვემდებარების მექანიზმი, არამედ, როგორც შრომითი მიგრაციის მართვის ახალი მოდელი, რომელიც ადგილობრივი შრომის ბაზრის ინტერესების დაცვასა და უცხოელი სამუშაო ძალის საქმიანობის რეგულირებას ემსახურება“, - დასძინა მარიამ ბაღდავაძემ.

იგივე პოზიცია აქვს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტს, მიხეილ ჭელიძეს, რომლის აზრითაც, ეს რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისა და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვას ემსახურება.

„კომპანიები ჯერ ადგილობრივ ბაზარზე მოიძიებენ დასაქირავებელ თანამშრომლებს და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ გარდაუვალია, რომ ქართველის გარდა, უცხოელი თანამშრომელიც ჰყავდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიქირავებს მათ. საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები არიან, დასაქმების უფლება უნდა ჰქონდეთ. ეს არის ზოგადი რეგულაცია, რომელიც ყველა ცივილურ ქვეყანაში არსებობს. უცხოელის თვითდასაქმება ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ადგილობრივის - აი, ზუსტად ესაა ამ რეგულაციის ჩანაფიქრი. რაც მთავარია, ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი შრომითი ბაზრის დაცვას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას მიხეილ ჭელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×