ნატალია ჯვარიძე
12.11.2026

დიდუბეში, პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დაკავებულია. 11 ნოემბერს, წყვილი საკუთარი საცხოვრებლის კორპუსის ლიფტში ჩაცხრილეს. ამას წინ უძღოდა ქონებრივი დავა, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მათი ბინის ყოფილმა მეპატრონემ გვიან ღამით მოკლა. ბრალდებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მკვლელობა მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ, გერმანული ჰოსპიტლის სიახლოვეს, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტთან მოხდა.

როგორც გახდა ცნობილი, გარკვეული პერიოდის წინ იპოთეკით დატვირთული 227 კვადრატული მეტრის ფართის ბინა იძულებით აუქციონზე გარდაცვლილმა ცოლ-ქმარმა საბურთალოზე შეიძინა, რის შემდეგაც მათთან კავშირზე გავიდა ბინის ყოფილი მეპატრონე და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინის უკან დაბრუნება შესთავაზა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მოკლულები ყოფილი მეპატრონის გამოსახლებას ვერ ახერხებდნენ, ბოლოს კი, როცა უნდა გამოესახლებინათ, ყოფილი მეპატრონე ჩაუსაფრდა და ჩაცხრილა.

  • იპოთეკით დატვირთული 227 კვადრატული მეტრის ფართის ბინა იძულებით აუქციონზე გარდაცვლილმა ცოლ-ქმარმა საბურთალოზე შეიძინა, რის შემდეგაც მათთან კავშირზე გავიდა ბინის ყოფილი მეპატრონე და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინის უკან დაბრუნება შესთავაზა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში ბრადლებული 62 წლის კაცი გია ძლიერაშვილია. არსებობს ვერსია, რომ მასთან ერთად დანაშაულის ადგილზე იყო კიდევ ერთი პირი, რომელიც სიტუაციას კორპუსის გარეთ ზვერავდა, ხოლო თავად დაკავებული ლიფტთან იყო ჩასაფრებული.

მოკლულები არიან 72 წლის სოსო სუჯაშვილი და მისი მეუღლე, ნანა ფირანიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, წარმოშობით ყაზბეგელი წყვილი თბილისში ცხოვრობდა და მცირე ბიზნესს ეწეოდა. ისინი ავეჯის სახლ „საბაში" ვაჭრობდნენ. სწორედ იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაოს ლიფტთან მათ შეაიარაღებული პირი დახვდა.

შსს-ს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×