
ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფარგლებში რუსეთი ნატო-ს ცალკეულ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თავდაუსხმელობის პაქტების გაფორმების ინიციატივით გამოდის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსეი დრობინინი, ევროპის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების ფარგლებში, აანონსებს სამ შესაძლო სცენარს, მათ შორის ნატო-ს ცალკეულ წევრებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებების გაფორმებას.
მოსკოვში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას დრობინინმა რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამი ძირითადი ვარიანტი ჩამოაყალიბა: პირველი, კოლექტიური თავდაცვითი ალიანსი ან ორმხრივი ურთიერთდახმარების შეთანხმებები – ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის მოდელის მსგავსად. მეორე, პოლიტიკური შეთანხმებები აგრესიის შემთხვევაში მოწინააღმდეგის დახმარებაზე უარის თქმის შესახებ – ირანთან არსებული პაქტის ანალოგიურად. მესამე, ორმხრივი თავდაუსხმელობის პაქტები ნატოს კონკრეტულ წევრებთან.
„მაგალითისთვის, ამ ტიპის შეთანხმებები შეიძლება, მიღწეულ იქნეს ნატო-ს ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც სანაცვლოდ რუსეთის ფედერაციისგან ინდივიდუალურ დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებენ“, – განაცხადა დრობინინმა.
ამ თემას გამოეხმაურა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკიც. მისი განცხადებით, ევროპის უსაფრთხოების ახალი ჩარჩო-შეთანხმების იდეა უკვე გახდა აბუ დაბიში უკრაინასთან გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა. თუმცა, ვლადიმერ მედინსკი დეტალებზე არ საუბრობს.