
აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღეს რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, სამმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების ცენტრალური თემა უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ევროპაში მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა იყო.
„მსოფლიოს სჭირდება ახალი, თანამედროვე, განახლებული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც სამართლიანია და არ აზიანებს არცერთ ცალკეულ ქვეყანას. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ", - განაცხადა მედინსკიმ. მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტმა აჩვენა, რომ ევროპაში არსებული უსაფრთხოების სისტემა კარგად არ მუშაობს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მოლაპარაკების დროს განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები იყო და მხარეები შეთანხმდნენ ტყვეების ახალ ფართომასშტაბიან გაცვლაზე, რომლის კონკრეტული პირობები მალე გამოცხადდება.
„შევთანხმდით ტყვეების ახალ მასშტაბურ გაცვლაზე, რომლის კონკრეტული პარამეტრები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი", - აღნიშნა მედინსკიმ. ამასთან, მისი თქმით, მოსკოვს ევროპული ქვეყნებისგან არც ერთი სამშვიდობო წინადადება არ მიუღია. „ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი სამშვიდობო ინიციატივა, არც ერთი კონკრეტული სამშვიდობო წინადადება ევროპული ქვეყნებისგან", - განაცხადა მედინსკიმ.
მისი მტკიცებით, ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელობა, ფაქტობრივად, უკრაინელი ხალხის კოლექტიური მოტყუებით არის დაკავებული: ისინი უკრაინაში კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს აფინანსებენ და ამარაგებენ, ამასთან, ხელს უწყობენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ დაღუპვას.
„რაც შეეხება რიგი ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობის პოზიციას, ისინი არსებითად უკრაინელი ხალხის კოლექტიურ მოტყუებაში არიან ჩართულები. აფინანსებენ და ამარაგებენ ერთ-ერთ მხარეს, სინამდვილეში კი ხელს უწყობენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილს. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად არ გვესმის, რაზე შეგვიძლია მათთან საუბარი", -აღნიშნა მედინსკიმ.
უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესში 2022 წლიდან ვარ ჩართული, შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ვფიქრობ, რუსები ძალიან რთული დირექტივებით მოვიდნენ, ამიტომ მოლაპარაკების შერბილება ურთულესი აღმოჩნდა", - განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, მხარეები მომავალი შეხვედრის შესაძლო თარიღს მას შემდეგ განიხილავენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. „ვფიქრობ, კარგი დინამიკა გვაქვს, რათა ახალ წლამდე გამოსავალი ვიპოვოთ", - აღნიშნა არახამიამ.
ამასთან, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, 12 ნოემბერს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს, ხოლო მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„ხვალ, სტივ უიტკოფთან ერთად მოსკოვში გავემგზავრებით პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად და დღევანდელი საკითხების განსახილველად. ვეცდებით, რომ მეტ პროგრესს მივაღწიოთ დღეს განხილულ ზოგიერთ საკითხში, რადგან ჩვენ გარკვეულ შესაძლებლობებს ვხედავთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა. ასევე, კუშნერის ცნობით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ დუბლინში გაფრინდება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„შემდეგ დუბლინში გავფრინდებით. იქ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას ვგეგმავთ, რათა განვიხილოთ ზოგიერთი იდეა, რომელიც აქ წარმოიშვა", - აღნიშნა კუშნერმა.
კუშნერის თქმით, აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „ძალიან შინაარსიანი, თუმცა რთული იყო". აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების ძირითად თემებს შორის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და ნებისმიერი მომავალი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხები იყო.
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ მოლაპარაკების ფორმატში ევროპის ჩართვაზე მუშაობს. „ვმუშაობთ, რათა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ევროპელების ამ ფორმატში ჩართვას, რათა ეს მრავალმხრივი ფორმატი გახდეს", - განაცხადა ჯარედ კუშნერმა.
იქამდე ცნობილი გახდა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებაში ევროპის წარმომადგენელი იყოს. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა, მისი აზრით, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას კრემლთან მოლაპარაკებებში. „ამას დღეს საღამოს და მოგვიანებით დუბლინში განვიხილავთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, სურდა თუ არა მას ევროპის წარმომადგენელი გამხდარიყო, ფრედერიქსენმა უარყოფითად უპასუხა. „არა. იმედი მაქვს, ევროპის ხმის ნაწილი ვიქნები. თუმცა, ჩვენი ინსტიტუტები ჩვენი მუშაობის ცენტრში უნდა იყვნენ", - აღნიშნა დანიის პრემიერმა.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, სწრაფად უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ წარადგენს მათ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. „ვფიქრობ, ნოემბერში, არა უგვიანეს, უნდა განვსაზღვროთ, ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებებზე. ეს უკეთესი იქნება, რადგან წარმომადგენელი მიიღებს მოლაპარაკებების მანდატს მთელი ევროპისგან, მთელი ამ კოალიციისგან", - აღნიშნა ზელენსკიმ.