"თუკი ამჟამინდელი სიტუაცია შენარჩუნდება, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი 89-95 დოლარის ფარგლებში იმერყევებს"
რეზონანსი
10.11.2026

თითქმის ორი კვირაა ნავთობის მუდმივად იაფდება. ამერიკის შუალედური არჩევნების შემდეგ დამდგარი ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ღირებულებამ 91 დოლარი შეადგინა. სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო შეიცვალოს ჰორმუზის სრუტის გახსნის შემთხვევაში, რაც ბაზარზე ნავთობის დამატებით ნაკადს შეიტანს და ფასს კიდევ უფრო დააგდებს. თუ ახალი რეალური სამხედრო დაპირისპირება არ გაჩაღდა, ენერგომატარებლების საგრძნობი გაიაფება გარდაუვალია.

როგორ აისახება ეს გლობალურ ეკონომიკასა და ბიზნესზე, შეინარჩუნებს თუ არა ტენდენციას საერთაშორისო ბაზარი და როგორი იქნება ამ ყველაფრის ეფექტი საქართველოში? ეს ის მთავარი კითხვებია, რომლებზეც პასუხები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მასშტაბური დაღმასვლის ტენდენცია აშკარაა. "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 91 დოლარამდეა შემცირებული, ამერიკული "ლაითი" 85 დოლარი ღირს.

ნავთობის ბაზარზე არსებული ვარდნა პირველ რიგში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ განცხადებას უკავშირდება. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტის საკითხებზე დიპლომატიური მოლაპარაკებების პროგრესის შემთხვევაში, ამერიკა თეირანზე ახალ სამხედრო იერიშებს აღარ მიიტანს და კონფლიქტს სამშვიდობო შეთანხმებით დაასრულებს.

სიტუაციაზე დიდ გავლენას ახდენს აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებიც. კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ირანის ომი და მის ფონზე გაძვირებული საწვავი იყო. შესაბამისად, ინვესტორების მოლოდინით, დემოკრატიული პარტიის კონტროლქვეშ გადასული კონგრესი ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის დასასრულებლად და პრეზიდენტის ძალაუფლების შესაზღუდად.

რა გახდა ენერგომატარებლების ასეთი სწრაფი გაიაფების მთავარი მიზეზი და როგორ აისახება ეს გლობალურ ბიზნესსა და საქართველოს ეკონომიკაზე?

როგორც ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები მომხმარებლისთვის პოზიტიური სიგნალია, თუმცა მთავარი კითხვა მისი სტაბილურობაა:

„ნავთობის ფასის ბოლოდროინდელი შემცირება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით არის განპირობებული. პირველ რიგში, შეიცვალა გეოპოლიტიკური რისკების შეფასება - ინვესტორები უფრო ოპტიმისტურად უყურებენ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციის შესაძლებლობას. ამას ემატება ბაზარზე არსებული ჭარბი მიწოდება და მოთხოვნის შესუსტება.

განსაკუთრებით საინტერესოა აშშ-ის შუალედური არჩევნების ფაქტორიც. დემოკრატების მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვებამ ბაზარზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი გააჩინა: ინვესტორები მიიჩნევენ, რომ შეცვლილი ბალანსი პრეზიდენტ ტრამპზე ზეწოლას აძლიერებს, რათა ირანთან კონფლიქტი დიპლომატიური გზით დასრულდეს.

არასწორი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ფასის ვარდნა მხოლოდ ამერიკის არჩევნების შედეგია. მან, უბრალოდ, გააძლიერა უკვე არსებული დაღმავალი ტენდენცია და პოლიტიკური დეესკალაციის მოლოდინი. მიუხედავად ამისა, ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე პროდუქტია და გეოპოლიტიკური ვითარების ნებისმიერმა გართულებამ შესაძლოა, სიტუაცია სწრაფად შეცვალოს" - განაცხადა ,,რეზონანსთან" ცუცქირიძემ.

უახლოესი პერიოდის პროგნოზი რამდენიმე სცენარს მოიცავს. თუ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მოიხსნება და მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებს, ფასების შემდგომი ვარდნა რეალურია. კონფლიქტის განახლებამ ან საზღვაო გადაზიდვების შეფერხებამ შესაძლოა, სიტუაცია სწრაფად შემოაბრუნოს. 

ცუცქირიძის თქმით, მუხედავად იმისა, რომ ნავთობის გაიაფება საქართველოსთვის პოზიტიური სიგნალია, საწვავზე საცალო ფასი მხოლოდ ნედლი ნავთობის ღირებულებით არ განისაზღვრება. საბოლოო ღირებულებაზე გავლენას ახდენს: საწვავის საერთაშორისო საბითუმო ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი და ლარის გაცვლითი კურსი, ბოლოს კი კომპანიების სავაჭრო მარჟა.

„საქართველო პირდაპირ ნედლი ნავთობის ფასზე კი არა, ძირითადად გადამუშავებული ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, "ბრენტის" გაიაფება ბენზინგასამართ სადგურებზე ფასის მყისიერ კლებას არ ნიშნავს.

თუ საერთაშორისო ბაზარზე გაიაფება გაგრძელდება და ლარის კურსიც სტაბილური იქნება, საწვავის შემცირების საფუძველი ნამდვილად გაჩნდება. რამდენად სწრაფად აისახება ეს მომხმარებელზე, დამოკიდებულია მარაგის განახლებასა და კომპანიების პოლიტიკაზე. ქართველი მომხმარებლისთვის მთავარი საზომი მაინც ერთი იქნება - რეალურად რა თანხის გადახდა მოუწევს ბენზინგასამართ სადგურზე,“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ფასების გარკვეული კლება მოსალოდნელია, რეალური შვება მხოლოდ მაშინ დადგება, თუ საერთაშორისო ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე გამჭვირვალედ და სათანადო დოზით აისახება.

საპირისპირო მოსაზრება აქვს ფინანსისტ ნიკა შენგელიას. მისი შეფასებით, მიმდინარე ვარდნა გლობალურ ბაზარზე ფუნდამენტური ტენდენცია არ არის და ის მხოლოდ დროებით კორექციას წარმოადგენს:

„ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი 89-95 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. თუკი ჰორმუზის სრუტეში აქტიური მოქმედებები განახლდება, ნავთობი კვლავ დაუბრუნდება 105-დოლარიან ნიშნულს. ეს ბაზრის დროებითი კორექციაა და არ ნიშნავს იმას, რომ ნავთობი მკვეთრად 75 ან 70 დოლარამდე დაეცემა.

რაც შეეხება აშშ-ის შუალედურ არჩევნებს, მას გარკვეული ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონდა. ბაზარმა იმოქმედა იმ იმედით, რომ დემოკრატები რუსეთის დასაჩოქებლად ნავთობის გაიაფებას შეეცდებიან, მაგრამ რეალურად ეს დროებითი რეაქციაა. მალე ვნახავთ, რომ ფასი კვლავ ზევით წავა", - განუცხადა ,,რეზონანსს" შენგელიამ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ექსპერტი ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს და მიიჩნევს, რომ კომპანიები მაღალი მარჟის შენარჩუნებას კვლავ შეეცდებიან:

,,გლობალური კლება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში საწვავი გაიაფდება. შესაძლოა სიმბოლური კლება ვიხილოთ, მაგრამ მაღალი მოგების მარჟიდან და იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა უკვე მიაჩვიეს მაღალ ფასს, საწვავის ღირებულება 4 ლარს დიდად არ ჩამოსცდება,“- აღნიშნა შენგელიამ. 

ჯერჯერობით მიუხედავად გლობალური ტენდენციებისა, ქართველი მომხმარებელი საწვავის საგრძნობ გაიაფებას ასრ უნდა ელოდოს. მაღალი მარჟისა და იმპორტიორთა პოლიტიკის გამო, ადგილობრივ ბაზარზე ფასები არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×