ნატალია ჯვარიძე
10.11.2026

აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებისა შეხვედრა დაიწყო.თეთრი სახლის „ფრთხილი ოპტიმიზმის" მიუხედავად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოზიციების განსხვავებულობის გამო მყისიერი სამშვიდობო შეთანხმება ნაკლებად მოსალოდნელია და შეხვედრას უფრო ტაქტიკური ხასიათი აქვს.

სამმხრივ შეხვედრამდე უკრაინის დელეგაციამ ცალკე კონსულტაციები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატო-ს და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. მათ შეუერთდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მხარეები შეაჯერებენ შენიშვნებს და შეთანხმდებიან შემდეგ ნაბიჯებზე.

„აქსიოსის" ცნობით, სამმხრივი მოლაპარაკებები ორი მიმართულებით წარიმართება. ალექსუს გრინკევიჩის ხელმძღვანელობით სამხედრო სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების მექანიზმებსა და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს განიხილავს. პოლიტიკური ჯგუფი კი იმ ტერიტორიულ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლებშიც წინა რაუნდში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული. აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ კი, ამერიკელი მომლაპარაკებლები, შესაძლოა, მოსკოვსა და კიევში გაემგზავრონ ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ.

„პოლიტიკოს" ცნობით, აბუ დაბიში მოლაპარაკებების პირველი დღის მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო გადახედვა იქნება. მეორე დღისთვის ტერიტორიული საკითხებია დაგეგმილი, მათ შორის საზღვრები და დემარკაციის ხაზები. ამერიკელი ოფიციალური პირები ამ სფეროებს ურთიერთდაკავშირებულად მიიჩნევენ. გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი უსაფრთხოების სისტემა არ მუშაობს და საჭიროა ახალი.

რა ითქვა უშუალოდ შეხვედრის წინ

ჯარედ კუშნერმა აბუ დაბიში სამმხრივი შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში. მისი თქმით, ამერიკის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურ კონტაქტზე იმყოფებოდნენ მოსკოვთან და კიევთან და მოამზადეს არაერთი წინადადება, რომელთა განხილვასაც მოლაპარაკებების დროს აპირებენ:

„მე მჯერა, რომ ჩვენ ნამდვილად შევძელით იმ განსხვავებული მიდგომების იდენტიფიცირება და შემცირება, რომელიც უნდა გადავჭრათ. ვფიქრობ, რომ გვაქვს რამდენიმე კარგი იდეა, თუ როგორ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები", - აღნიშნა კუშნერმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კონტაქტების შემდეგ, ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია:

„იმის საფუძველზე, რაც სტივ უიტკოფმა და მე რუსეთის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, ეს სრულიად შესაძლებელია".

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა:

„ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ მშვიდობისკენ. ეს რუსეთისა და უკრაინის ხალხის ინტერესებშია. მოდით, საქმეს შევუდგეთ".

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა კი, უსაფრთხოების გარანტიები კიევის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა და მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების პროცესის ხელმძღვანელობისთვის და მის ევროპელ პარტნიორებს შეხვედრის მომზადებაში მონაწილეობისთვის.

პროგნოზები

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინის მთავარი მიზანი ამ მოლაპარაკებებში რეალურად მშვიდობის დამყარება კი არა, დასავლეთის ყურადღების გადატანა და კიევისთვის დასავლური დახმარების შესუსტებაა. მათი პროგნოზით, სანამ მოსკოვზე რეალური წნეხი არ გაიზრდება, კრემლს არ აქვს მოტივაცია, პოზიციები შეიცვალოს და მსგავსი დიპლომატიური ფორმატები მხოლოდ ომის გაწელვის ტაქტიკად გამოიყენება.

ევროპელი ანალიტიკოსები და პოლიტიკური წრეები კი ყურადღებას ამახვილებენ უსაფრთხოების გარტიებზე. მათი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, მიღწეულ იქნას ე.წ. „დიდი გარიგება", რომელიც შესაძლოა მთელ ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურას შეეხოს, შეიცავს დიდ რისკებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სანამ მხარეებს შორის ტერიტორიულ დათმობებსა და ნატო-ს გარშემო ფუნდამენტური უთანხმოებები არსებობს, რაიმე სახის გარდატეხა გამორიცხულია.

უკრაინული ანალიტიკური წრეები, მაგალითად უკრაინის უსაფრთხოების კვლევების ცენტრები, ხაზს უსვამენ იმას, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია მკაცრია - კიევი ეწინააღმდეგება მის შეიარაღებაზე რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებას და იმ ტერიტორიების დათმობას, რომლებიც რუსეთმა ვერ დაიკავა. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, აბუ-დაბის ფორმატი შეიძლება იყოს კარგი არხი ტექნიკური საკითხების, მაგალითად, კრიზისული კომუნიკაციის ან ჰუმანიტარული დერეფნების საკითხის განხილვის თვალსაზრისით, მაგრამ არა ფუნდამენტური სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ამასთან, რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსები და კრემლთან დაახლოებული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ვაშინგტონის მცდელობისა, სწრაფად მიაღწიონ შედეგს, მოსკოვი არ აპირებს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას ან უკრაინის სასარგებლოდ დათმობებზე წასვლას, სანამ მისი ძირითადი პირობები არ დაკმაყოფილდება. მათი პროგნოზით, ეს შეხვედრები უფრო მეტად ტაქტიკური დიპლომატიური ნაბიჯია პოზიციების ზონდირებისთვის და არა საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზაობის მაჩვენებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×