
საქართველო, სავარაუდოდ, უარს იტყვის ევროკავშირის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობაზე, თუკი ქვეყანა „ღირსეული ფორმით" არ იქნება მიწვეული. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის გადაწყვეტილებას 15-16 ნოებერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებაზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით.
15-16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. 15 ნოემბერს დაგეგმილია გაფართოების მინისტერიალი, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის. 16-ში კი დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება, რომელიც შუა დერეფნის განვითარებას ეხება და მასზე საქართველო, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ ელჩის დონეზეა მიწვეული. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, გიომ მერსიემ გააკეთა განცხადება.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცავდით დიალოგისადმი ღია და კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება და მიზნად ისახავს არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნას, თუმცა, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი ურთიერთობა შეზღუდული დარჩება მანამ, სანამ ისინი არ გამოავლენენ მტკიცე მზაობას, შეცვალონ არსებული კურსი.
„რაც შეეხება მეორე შეხვედრას - მინისტერიალს დაკავშირებულობის საკითხებზე, რომელიც მომავალ ორშაბათს გაიმართება, როგორც ეს წარსულშიც ხდებოდა, მსგავს შეხვედრებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი ყოველ ჯერზე ინდივიდუალურად, ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინებით წყდება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ შეხვედრას, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა - უფრო დაბალ დონეზე", - განაცხადა გიომ მერსიემ.
აღნიშნულ მიდგომას 5 ნოემბერს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, სადაც ქვეყანა ღირსეული ფორმით არ იქნება მიწვეული.
„თუ საქართველო რაიმე ღონისძიებაზე ღირსეული ფორმმით არ იქნება მიწვეული, რა თქმა უნდა, არ მივლენ. ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ღირსეული პასუხი იქნება ნებისმიერ განსხვავებულ მიდგომაზე", - განაცხადა კობახიძემ.
- ირაკლი კობახიძე: „თუ საქართველო რაიმე ღონისძიებაზე ღირსეული ფორმით არ იქნება მიწვეული, რა თქმა უნდა, არ მივლენ. ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ღირსეული პასუხი იქნება ნებისმიერ განსხვავებულ მიდგომაზე".
ხელისუფლების პოზიციას სრულიად ლოგიკურს უწოდებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
„არავითარ არალოგიკურს მე საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში ვერ ვხედავ მაშინ, როდესაც შენ შეგნებულად გექცევიან დისკრიმინაციულად, როგორც სახელმწიფოს. იმიტომ, რომ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს და შესაბამისად, ასეთი ხაზგასმით, ასე ვთქვათ, დაკნინება სახელმწიფოსი, რომ აი, შენ არ მოგიწვევთ, იმიტომ, რომ მე შენით უკმაყოფილო ვარ, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა.
„თუ ევროკავშირს აქვს პრეტენზიები საქართველოსთან, ჩემის აზრით, ეს პრეტენზიები უნდა გადაწყდეს ცივილიზებული დიალოგის გზით და არა ასეთი დამამცირებელი ჟესტებით, რომ თითქოს საქართველო გარიყონ პროცესებიდან. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება რომ დათანხმებულიყო იმ სტატუსით მიწვევას, რასაც სთავაზობდა და სთავაზობს ევროკავშირი, ეს პირიქით, სახელმწიფოებრიობისთვის არ იქნებოდა სასარგებლო. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და სახელმწიფო ყველაფერთან ერთად ზრუნავს საკუთარ პრესტიჟზე და იმიჯზე."
ანალიტიკოსის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ განხორციელებული წნეხი პირდაპირი გზავნილია ადგილობრივი ოპოზიციური ძალებისთვის, რათა მათ ეს თემა საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის გამოიყენონ.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ევროკავშირს ჰგონია, რომ პატარა, სუსტ საქართველოსთან შეუძლია ასეთი დამოკიდებულების გამოვლენა, რომ ეს ეფექტურია და მათი აზრით, შედეგს მოიტანს. მაგრამ შედეგს თუ მოიტანს, მხოლოდ ევროკავშირისთვის საზიანოს."
„ეს არის გზავნილი იმ ძალების მიმართ, ვისზეც დღეს, ასე ვთქვათ, ფსონს დებს ბრიუსელი, რომ აი, შეხედეთ, ჩვენ საქართველოს ხელისუფლება როგორ მოვაქციეთ წნეხის ქვეშ. პრინციპში, ეს არის ოპოზიციისთვის გადაგდებული თემა, რომ მათ მერე ამ თემის ირგვლივ ააგონ, დაიწყონ რაღაც გარკვეული კამპანიის წარმოება. თორემ, როგორ შეიძლება საქართველო ამოვარდეს ამ რგოლიდან, რომ ის მიწვეულიც კი არ იყოს, როდესაც ის არის შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო, შემადგენელი რგოლი.
„მხოლოდ იმიტომ, რომ შენ რაღაც პირადი ჯავრი და უკმაყოფილება გაქვს საქართველოს ხელისუფლებაზე და ასე უჩვენებ, ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა ევროკავშირს ნამდვილად არ შეჰფერის. ეს არის, ასე ვთქვათ, ძლიერის და სუსტის დამოკიდებულების დემონსტრირება. ევროკავშირს ჰგონია, რომ პატარა, სუსტ საქართველოსთან შეუძლია ასეთი დამოკიდებულების გამოვლენა, რომ ეს ეფექტურია და მათი აზრით, შედეგს მოიტანს. მაგრამ შედეგს თუ მოიტანს, მხოლოდ ევროკავშირისთვის საზიანოს.
„ვფიქრობ, რომ ღონისძიება ჩატარდება ისე, როგორც ადრე ჩატარებულა საქართველოს მონაწილეობის გარეშე და არაფერს ეს არ შეცვლის საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების კონტექსტში. ურთიერთობები დარჩება ისეთ დონეზე, როგორც იყო ადრე", - „რეზონანსთან" განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.