
10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით დაგეგმილი შეხვედრები მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი კითხვა ევროპის ჩართულობასა და მის როლს ეხება. ბრიუსელის პოზიცია მკაფიოა, კონტინენტის უსაფრთხოებისა და მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ევროპელების გარეშე ვერ მიიღება.
სწორედ ამ კონტექსტში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ პარიზი აბუ-დაბის დისკუსიებს შეუერთდება. საფრანგეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპული მხარის წარმომადგენლობისა და მათი მოთხოვნების გათვალისწინების აუცილებლობა.
„საფრანგეთი აბუ-დაბიში ჩავა ამ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. ჯერ ვერ ვიტყვი, ვინ წარმოადგენს საფრანგეთს ამ შეხვედრაზე, მაგრამ საფრანგეთი უეჭველად იქ იქნება.
„მათ [ევროპელებმა] ამერიკელ შუამავალს მკაფიოდ განუცხადეს, რომ კონტინენტის მომავალთან დაკავშირებული არცერთი განხილვა არ შეიძლება ჩვენი მოლოდინებისა და მოთხოვნების უგულებელყოფით წარიმართოს. საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპის ხმა ისმოდეს, რადგან ევროპა ის მხარეა, რომელიც ამ ომის შედეგებმა დააზარალა", - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.
ევროპული სახელმწიფოები დიპლომატიურ ძალისხმევას აძლიერებენ, რათა აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე უკრაინაში ომის ნებისმიერი გადაწყვეტა სამართლიანი იყოს კიევისათვის. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ევროკავშირის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა, რათა ამ კვირაში აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი რუსეთთან მოლაპარაკებების წინ პოზიციები შეეთანხმებინა.
„შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები აბუ-დაბიში შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სამმხრივმა ფორმატმა შედეგი გამოიღოს". - განაცხადა ზელენსკიმ.
პარალელურად, კრემლი აღნიშნავს, რომ 10-11 ნოემბრის მოლაპარაკებები კვლავ უკრაინა-რუსეთი-აშშ-ის სამმხრივ ფორმატში გაიმართება.
„რაც შეეხება ევროპელებს, უკრაინელებსა და ევროპელებს, ისევე როგორც ამერიკელებსა და ევროპელებს შორის, კომუნიკაციის ცალკეული არხები არსებობს", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებმა ევროპაში ვაშინგტონის მოსკოვისკენ შესაძლო გადახრასთან დაკავშირებით ახალი მოლოდინები გააჩინა. ტრამპმა რუსეთთან „ძალიან დიდი" შეთანხმების გაფორმება იწინასწარმეტყველა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომს, არამედ „მთელ ევროპას" შეეხება.
სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლისა და სიძის, ჯარედ კუშნერის განცხადება. კუშნერის თქმით, თეთრი სახლი მუშაობს „ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურაზე", რომელმაც უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას უნდა შეუწყოს ხელი. ევროპულ დედაქალაქებში კი შიშობენ, რომ ეს არქიტექტურა შესაძლოა სწორედ კონტინენტის ინტერესების გვერდის ავლით ჩამოყალიბდეს.
აბუ-დაბის შეხვედრები აჩვენებს, რომ მიუხედავად მთავარი მოთამაშეების (აშშ, რუსეთი, უკრაინა) პირდაპირი დიალოგისა, ევროკავშირი და კერძოდ საფრანგეთი არ აპირებენ პროცესების პასიური მაყურებლის როლში დარჩენას. ევროპის აქტიური ჩართულობა მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ახალი წესრიგი ევროპული კონტინენტის ფუნდამენტური ინტერესების დაცვით შეიქმნას.