თამთა ჩაჩანიძე
09.11.2026

მოსკოვიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კიდევ ერთი განცხადება ისმის - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წელს პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსი აიღო.

ამასთან, შოიგუ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მიესალმება და "3+3" რეგიონული ფორმატის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება ისტერიულია, რადგან მოსკოვი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში მისი გავლენები სუსტდება.

ექსპერტების თქმით, რუსეთი ცდილობს "3+3" ფორმატის გაცოცხლებას და საქართველოს ჩათრევას, თუმცა ოფიციალური თბილისის პოზიცია უცვლელია.

მმართველი პარტიის შეფასებით, შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისა და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, "რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს - სხვა არანაირი დანიშნულება ამას არ აქვს".

რას ნიშნავს მორიგი განცხადება მოსკოვიდან

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება, ხოლო მოსკოვის უკმაყოფილებას აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკა და თურქეთის გაძლიერება იწვევს. მისი შეფასებით, რუსეთი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საკუთარ წარმატებად წარმოაჩინოს და ამ გზით ქართულ საზოგადოებაში პრორუსული განწყობები გააძლიეროს.

"რეგიონში რუსეთისთვის არაფერი არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება. აშკარად ეს ისტერიული განცხადებაა, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი რუსეთის ინტერესებს არ ემორჩილება, უბრალოდ რაც მოსწონს აზერბაიჯანში არის ის, რომ აზერბაიჯანი არ მიდის ნატოში და არ მიდის ევროკავშირში, მაგრამ სამაგიეროდ მისი წამყვანი პარტნიორი თურქეთია. ეს არანაირად არ უნდა მოსწონდეს, რადგან თურქეთი ძლიერდება.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "რეგიონში რუსეთისთვის არაფერი არ უმჯობესდება, პირიქით უარესდება. აშკარად ეს ისტერიული განცხადებაა"

„ამიტომ ერთადერთი მოკავშირე რუსეთს ჰყავს საქართველო, მაგრამ საქართველოსთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს - საქართველო არც დსთ-ს, არც ოდეკაბეს წევრი არ არის და ცდილობენ იქნებ "3+3" ფორმატში მაინც ჩაითრიონ. ეს აბსოლუტურად უაზრობაა და არაფრისმთქმელი ფორმატია, იქაც კი არ არის საქართველო. აშკარად საქართველო ცდილობს, რომ ამ ყველაფერში არ ჩაერთოს.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხეულის მოძრაობით, ყველანაირად რუსეთის ინტერესებში ჯდება, განცხადების დონეზე ცდილობს, რომ არ შეესაბამებოდეს რუსეთის ინტერესებს, თუმცა ეს აშკარად რაღაც გაკვრული პოლიტიკის ნაწილია - ვინაიდან საქართველოში რუსეთი არაპოპულარულია, ამიტომ რუსეთზე არ ლაპარაკობენ.

„საქართველოს პოლიტიკაა - რუსეთზე საერთოდ არ ვილაპარაკოთ, არც ცუდი არც კარგი, სამაგიეროდ გადავუვლით ევროპას და ნატოს. რუსეთი ცდილობს, რომ ქართულ საზოგადოებას შეუქმნას განცდა, რომ საქართველო ჩვენთანაა. სასაცილო ვითარებაა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს არ გამომჟღავნდეს, მაგრამ რუსეთი ამის შანსს არ აძლევს, ყველა მომენტში საზოგადოებას ახსენებს, რომ ეს რუსული პოლიტიკის ნაწილია, რასაც ქართული მხარე აკეთებს და ამით ცდილობს პირველ რიგში მსოფლიოს ჩვენოს და ქართულ საზოგადოებასაც, ვინც პრორუსულია შეუქმნას განცდა, რომ "ქართული ოცნების" წარმატებები რუსეთის დამსახურებაა. შოიგუს განცხადება, ეს არის საქართველოში არსებული პრორუსული ძალების მხარდაჭერა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ მიუხედავად რუსეთის მცდელობისა გააცოცხლოს "3+3" ფორმატი და გააძლიეროს გავლენა რეგიონში, ეს ინიციატივა რეალობას აღარ შეესაბამება. მისი თქმით, ოფიციალური თბილისი მოსკოვთან დიალოგის დაწყებას დეოკუპაციასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირებს და სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს.

"კრემლიდან მუდმივად ისმის მსგავსი განცხადებები, ხან საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ხან სხვადასხვა მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების მხრიდან და ბუნებრივია რუსეთს აქვს საკუთარი ინტერესები კავკასიასა და საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ, მათ ყოველ ჯერზე ოფიციალური თბილისი შეახსენებს, რომ ორმხრივი დიალოგის დასაწყებად აუცილებელია, რომ დაიწყოს საუბრები დეოკუპაციაზე, საქართველოდან ე.წ. დამატებითი რუსული საელჩოების გაწვევაზე და ეს უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ.

  • გია აბაშიძე: "კრემლიდან მუდმივად ისმის მსგავსი განცხადებები, მაგრამ მათ ყოველ ჯერზე ოფიციალური თბილისი შეახსენებს, რომ ორმხრივი დიალოგის დასაწყებად აუცილებელია, რომ დაიწყოს საუბრები დეოკუპაციაზე, საქართველოდან ე.წ. დამატებითი რუსული საელჩოების გაწვევაზე"

"სხვა დანარჩენი, სოციალურ-ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან წლებია არსებობს და მათ მიერ დაწესებული სავიზო რეჟიმი თავად რუსეთმა გააუქმა და პირდაპირი ფრენები დანიშნა.

"მოსკოვის დაუოკებელი სურვილია, რომ როგორმე "3+3" გაცოცხლდეს, მაგრამ ბოლო პერიოდის ვითარებას რომ შევხედოთ - როგორ ლაგდება ურთიერთობა აზერბაიჯან-სომხეთს შორის, როგორ საომარ კრიზისშია ირანი... ამ ფონზე მემგონი რუსეთში თავადაც უნდა ხვდებოდნენ, რომ ამ ფორმატის არსებობა უკვე ვადაგასულია. როდესაც საუბარია გლობალურად ახალ მსოფლიო წესრიგზე, ეს თავად უნდა გადახედონ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც მოგვწონს თუ არა განაგებენ გლობალურ პოლიტიკას, ესენი არიან: აშშ, ჩინეთი და რუსეთი.

"ერთია რას სურს მოსკოვს, მეორეა - რა არის რეალობა და მესამე და მთავარი - რა სურს ოფიციალურ თბილისს, რომელიც სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არ დათმობს რაც არ უნდა შეძახილები იყოს სხვადასხვა ფლანგიდან",-განაცხადა აბაშიძემ.

რას აცხადებს სერგეი შოიგუ

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება.

"საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო", - განაცხადა შოიგუმ დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოს მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე.

მისი თქმით, რუსეთი მიესალმება საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ხაზს უსვამს 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლების მნიშვნელობას.

"მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეგიონული პრობლემები უნდა მოგვარდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლება", - განაცხადა შოიგუმ.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უმჯობესდება.

"სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უმჯობესდება. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება და რეგიონში მშვიდობის ფაქტობრივი დამყარება შედეგებს იძლევა", - განაცხადა შოიგუმ.

რას პასუხობს საქართველოს ხელისუფლება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს,რომ საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა ნამდვილად იყო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას შოიგუ როგორ შეაფასებს. რაც შეეხება „3+3 ფორმატს", გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ამ ფორმატში მოაზრებულ ქვეყნებსაც არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება.

"არ ვიცი, თქვენ ქებას რას ეძახით, მაგრამ რეალურად იყო აჯანყების, გადაგდების, ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა, თუმცა „მშვიდობიანი დამხობა" კი დაარქვეს. შოიგუ ამას როგორ შეაფასებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება აშკარად დავინახოთ, ის არის, რომ შოიგუს ასეთი განცხადებები, თუ ვინმესთვის გამოდგება მაშველ რგოლად, ეს მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისთვის და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს. სხვა არანაირი დანიშნულება ამ განცხადებას არ აქვს. რაც შეეხება აჯანყებას თუ ე.წ. მშვიდობიან დამხობას, ეს ფაქტი მოხდა, მიუხედავად იმისა, შოიგუ ამასთან დაკავშირებით რას იტყვის.

"რაც შეეხება იმას, რომ „3+3 ფორმატი" შეიძლება შედგეს, ამასთან დაკავშირებით არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ამ ფორმატში მოაზრებულ ქვეყნებსაც არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება. მით უმეტეს საქართველოს, ვინაიდან ქვეყანასთან, რომელიც ამ პროცესის ხელმძღვანელად მიიჩნევს თავს, არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. მიმდინარე ოკუპაცია, რასაკვირველია, საშუალებას არ გვაძლევს რაიმე პოლიტიკურ თემაზე ვისაუბროთ.

"რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ყველას შეიძლება დავუსვათ ერთი შეკითხვა: როგორ მოიქცევიან იმ შემთხვევაში, თუკი ღმერთმა ნუ ქნას, მათი აჯანყება წარმატებით დამთავრდა, რის პერსპექტივასაც ვერ ხედავენ, და ხელისუფლების სადავეები მართლაც ჩაიგდეს ხელში, რას იზამენ? შეწყვეტენ ეკონომიკურ ურთიერთობას და გამოაცხადებენ სანქციებს რუსეთის მიმართ, თუ გააგრძელებენ ამ შეზღუდული რაოდენობით თუ ფორმატით რუსეთთან ურთიერთობას? თუ როგორ, რა გზით შეიძლება ვიაროთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ ეკონომიკურ დარბევას?" - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×