თამარ ოყუჯავა
06.11.2026

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების" ინიციატივა საარჩევნო პროცედურებისა და შედეგების გასაჩივრების წესების ფუნდამენტურ გადახედვას ითვალისწინებს, რასაც მესამე სექტორისა და ექსპერტების უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

„ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა 6 ნოემბრიდან იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად გაიხსნა.

საკანონმდებლო პაკეტი საარჩევნო ადმინისტრირებისა და შედეგების გასაჩივრების წესების ფუნდამენტურ გადახედვას ითვალისწინებს. კერძოდ, იცვლება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების პროცედურა და ეს უფლებამოსილება სრულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება. ამასთან, მკვეთრად იზღუდება ცესკოს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრების საფუძვლები, სარჩელის წარდგენა მხოლოდ ტექნიკური და მექანიკური უზუსტობების გასასწორებლად იქნება შესაძლებელი. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საოლქო კომისიების მიერ 5 უბნის შემთხვევითი შერჩევით ხელახალი გადათვლის ვალდებულების გაუქმებას, შედეგების შეჯამების ვადის 26-დან 15 დღემდე შემცირებას და რიგი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების კომისიებიდან უშუალოდ თავმჯდომარეების ერთპიროვნულ მართვაში გადასვლას.

ინიციატივას უკვე მოჰყვა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების (საია, ISFED, TI Georgia) ერთობლივი უარყოფითი შეფასება. მესამე სექტორის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ზღუდავს სასამართლო კონტროლს, ასუსტებს საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმებს და საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მეტ ცენტრალიზაციას ახდენს.

ამ ეტაპზე კანონპროექტი კომიტეტების დონეზე საკომიტეტო განხილვების სტადიაზეა, რის შემდეგაც მას განსახილველად პარლამენტის პლენარულ სესიას წარუდგენენ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ წარმოდგენილი პაკეტი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობასა და ლეგიტიმაციას მნიშვნელოვნად ასუსტებს. მისი აზრით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მხოლოდ ტექნიკური შეცდომების გამო გასაჩივრების დაშვება არასაკმარისია და კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„რასაკვირველია, ზღუდავს, თანაც ძალიან მკვეთრად... გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს კანონის ყველა დარღვევის თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა... კონსტიტუციური ნორმაა, რომ დავებს ხელისუფლების ორგანოსა და მოქალაქეებს ან ორგანიზაციებს შორის წყვეტს სასამართლო."

ხმალაძე „რეზონანსთან" ასევე ამბობს, რომ შემაჯამებელ ოქმში მხოლოდ მშრალი ციფრები აისახება, ხოლო თავად დარღვევის არსი მიღმა რჩება.

„რა ფაქტები იწერება შემაჯამებელ ოქმში? ეს არის რიცხვები: მიღებული ხმების რაოდენობა, პროცენტი ამ ხმებისა და მსგავსი. მეტი სხვა ფაქტობრივი შეცდომა ოქმში შეუძლებელია იყოს, მაგრამ ის ფაქტობრივი შეცდომა რა მოქმედებამ გამოიწვია, ეს ოქმში არ ჩანს. ამიტომ გასაჩივრება მხოლოდ მექანიკური შეცდომისა, ან თუნდაც შეგნებული შეცდომისა, რაც რიცხვების უზუსტობაში გამოიხატება, ნამდვილად არასწორი და არასაკმარისია."

ის ხაზს უსვამს, რომ 5 უბნის შემთხვევითი შერჩევით გადათვლა საუბნო კომისიების მხრიდან დარღვევების პრევენციას ახდენდა. ამ მექანიზმის გაუქმება კი გაყალბების რისკებს გაზრდის.

„შემთხვევით შერჩეული ხუთი უბნის გადამოწმება იყო პრევენციული მოქმედება იმისათვის, რომ საუბნო კომისიებში არ მომხდარიყო მიღებული ხმების არასწორად ასახვა, რადგან გადამოწმების შემთხვევაში, ეს შეიძლება სწორედ მათი კომისიის ბიულეტენები გადათვლილიყო და ამ შედეგების შემოწმება ხდებოდა უკვე დაინტერესებული პირების წარმომადგენლების დასწრებისას. ამიტომ იქ უკვე ვეღარ დაიმალებოდა ეს შეცდომა. ამ პროცედურას უნდა შეეჩერებინა საუბნო კომისიები შესაძლო სიყალბის ჩადენისაგან. სწორედ ამიტომ ეწერა ეს წესი კანონში, ამის ამოღება კი ცხადია, პრევენციას აუქმებს, რაც, დარწმუნებული ვარ, უარყოფიათად იმოქმედებს არჩევნების სამართლიანობაზე, გაზრდის სიყალბის ჩადენის ალბათობას და შესაბამისად, არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობას."

ადგილობრივი არჩევნების შედეგების შეჯამების სრულად ცესკოსთვის გადაცემას ხმალაძე დეცენტრალიზაციის პრინციპიდან გადახვევად მიიჩნევს, რაც გასაჩივრების ერთ ინსტანციას აუქმებს.

„ისიც ცუდია, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დაადგენს და არა საოლქო კომისია, რადგან ნაცვლად დეცენტრალიზაციისა ხდება ცენტრალიზაცია. ადგილობრივი არჩევნების შედეგებს აჯამებდა ის საოლქო საარჩევნო კომისია, რომლის მოქმედების ტერიტორია მოიცავდა შესაბამის თვითმმართველობას და შემდეგ შესაძლებელი იყოს ამის გასაჩივრება, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისია აქ შეიძლება ჩარეულიყო, როგორც შემოწმების ერთი რგოლი, შემდეგი რგოლი იქნებოდა სასამართლო. ე.ი. ორჯერ იყო შესაძლებელი ამ შედეგების გასაჩივრება და გადამოწმება. საოლქო კომისიის ამოგდებით, რჩება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების გასაჩივრება, ანუ ერთი რგოლი აკლდება, შესაბამისად, იზრდება არასწორი გადაწყვეტილების ალბათობა."

ხმალაძის განცხადებით, კოლეგიური მართვიდან თავმჯდომარის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე გადასვლა იმ საკითხებში, რომლებიც შეფასებით მსჯელობას მოითხოვს, პოლიტიკური მიკერძოების საფრთხეს აჩენს.

„თავის დროზე, როდესაც ვადები განისაზღვრებოდა, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, ასევე, ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, სკრუპულოზურად იყო გათვლილი, რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ და რა არის ის უმცირესი ვადა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც გასაჩივრების, ასევე, გადაწვეტილების მიღების შესაძლებლობა.

  • ვახტანგ ხმალაძე: „როდესაც შეფასების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ შესაძლო ხდება ეს პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიით მოხდეს. საბოლოო ჯამში, ასეთი ცვლილებები შეამცირებს ისედაც შემცირებულ ნდობის ხარისხს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ"

„ახლა საოლქო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენის ამოგდებით, ეს ვადები, ცხადია, იცვლება, მაგრამ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ყველა ეს შეჯამება გადადის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გასაწევი ექნება ბევრად მეტი სამუშაო, ვიდრე მანამდე უწევდა. მან უნდა ჩაატაროს ყველა საოლქო კომისიის შედეგების შეჯამება. ეს, ცხადია, მოითხოვს მეტ ადამიანურ რესურსსაც და მეტ დროსაც. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ ვადის შემცირება უარყოფითად იმოქმედებს.

„არჩევნების ლეგიტიმურობა სხვა კი არაფერია, ეს არის ნდობა. ამომრჩევლებს უნდა სჯეროდეთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედება ხდება კანონიერად, კანონის ფარგლებში და გადაწყვეტილებები მიიღება კანონის შესაბამისად.

„თავის დროზე, რაღაც გადაწყვეტილებების მიღება უფლება პერსონალურად ცესკოს თავმჯდომარეს მიეცა, მაგრამ ეს იყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ლამის არითმეტიკული სიზუსტით იყო შესაძლებელი, რომ შემოწმებულიყო სასამართლოში. არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი დამდგარიყო ცესკოს თუ საოლქო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი. მხოლოდ ასეთი საკითხების პერსონალურად გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა კომისიის თავმჯდომარეს, ახლა ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებისაც, სადაც გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება შეფასებაზე.

„როდესაც შეფასების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ შესაძლო ხდება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. საბოლოო ჯამში, ასეთი ცვლილებები შეამცირებს ისედაც შემცირებულ ნდობის ხარისხს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ."

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი იზიარებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოსაზრებებს.

„წავიკითხე ორგანიზაციების დასკვნები კანონპროექტის შეფასებასთან დაკავშირებით და მათი არგუმენტები ჩემთვის დამაჯერებელია. ფაქტია, რომ რაღაცაშია საქმე, რადგან როცა საქმე გვაქვს ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელიც ყველანაირად ცდილობს, მოსახლეობის ნება იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ და შეზღუდული, ასევე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ძალაუფლების გაძლიერება და შენარჩუნება. აქ არის საუბარი ძალაუფლების შენარჩუნების ეფექტზე და ეფექტურობაზე. მინიმუმზე დაიყვანეს საზოგადოებრივი აქტიურობა, რათა გააპროტესტონ არჩევნების ესა თუ ის შედეგი და პრაქტიკულად არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად მოიპოვონ ძალაუფლება," - უთხრა ზაქარეიშვილმა „რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×