ნატალია ჯვარიძე
05.11.2026

დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ევროკავშირთან „შეჯახების გზაზეა" და იანვარში მინისტრების დონეზე გაიმართება უფრო საფუძვლიანი მსჯელობა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამასთან დაკავშირებით - ასე აღწერა საქართველო-ევროკავშირის ამჟამინდელი ურთიერთობა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგელელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა. ანალიკოსების თქმით, „შჯახებაში" კონფლიქტი იგულისხმება, ხოლო იანვარში, შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოში სანქცირებულ პირთა სია გააფართოვოს.

კალასმა ასეთი შეფასება 4 ნოემბერს ევროკომიის მიერ მომზადებული გაფართოების ანგარიშის წარდენის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, იანვრის მინისტერიალზე მომზადებული იქნება ისეთი საპასუხო გადაწყვეტილება, რომელიც, ერთის მხრივ, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას დაუჭერს მხარს და მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლებასაც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ მათი პოლიტიკა ევროკავშირისთვის მიუღებელია.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „კონკრეტულად რას მოიმოქმედებდნენ, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ უკვე იკვეთება - დასავლეთში ძალიან აქტიურად დაიწყეს ქართველი არალეგალების გამოსახლება და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, კატასტროფა იქნება".

„საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცხადია. ვგულისხმობ, რომ არ ხდება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა. განვიხილავთ, თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე სახის პასუხს? ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან, როგორც ვთქვი, მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს იანვარში. არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად ხილვა, მაგრამ, ამავდროულად, ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას", - განაცხადა კალასმა.

რა იგულისხმა კალასმა

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის აზრით, კაია კალასი სავარაუდოდ, „ოცნების" ბოლოდროინდელ ნაბიჯებს გულისხმობს, რაც შეუსაბამობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან.

„აქ იგულისხმება ის პოზიცია, რაზედაც დგას „ქართული ოცნება" - რადიკალურად განსხვავებული, ანტიდემოკრატიული, ყოვლად შეუსაბამო ევროპულ სტანდარტებთან. ამიტომ გასაგებია, რომ კალასი ამას მოუწოდებდა, სხვა შეფასებას არ იმსახურებს.

„ცხრა პუნქტი, რომელიც „ოცნებას" უნდა შეესრულებინა, არც ერთი არ არის შესრულებული. არათუ შესრულებული, განხილულიც არაა. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ არასწორად აფასებენ ევროპელები „ოცნების" პოლიტიკას, არის წინდაუხედავი და მეტი არაფერი", - აღნიშნა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის ინტერესების შეჯახება დიდი ხანია მიმდინარეობს.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „უფრო ველოდები იმას, რომ მოხდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გაყინვა. შესაძლოა სანქციების სია გაფართოვდეს და ის შეეხოს უფრო მეტად მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს".

„ზუსტად ვერ გეტყვით კაია კალასმა რა იგულისხმა „შეჯახებაში". თუმცა, დიდი ალბათობით, გულისხმობს იმას, რომ ხდება ინტერესების შეჯახება. ანუ საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს და არ იღებს იმ რეკომენდაციებსა და ინტერესებს, რაც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისად, ამის ნიადაგზე ხდება ინტერესების ერთგვარი კონფლიქტი.

„მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება არ იღებს ევროკავშირის მოთხოვნას, რომ აქ მოსამართლეები დაინიშნონ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და მათი სიტყვა იყოს გადამწყვეტი; ასევე, ევროკავშირის მოთხოვნას, რომ გაუქმდეს ოჯახური სიწმინდესთან დაკავშირებული კანონების პაკეტი, რაც ეხება მათ შორის ლგბტ თემთან დაკავშირებით და ა.შ. მთელი რიგი საკითხებია, რაზედაც არსებობს ასეთი განსხვავება, თუნდაც მაგალითად ის, თუ რამდენად შეესაბამება საქართველო ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კრიტერიუმებს. ამაზე არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ბუნებრივია, თბილისსა და ბრიუსელს შორის კითხვები და წინააღმდეგობები ჩნდება. ეს ახალი არ არის, ესენი არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში", - თქვა ანჯაფარიძემ.

რა მოხდება იანვარში

ვახტანგ ძაბირაძის ვარაუდით, ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, მაგრამ სრულად შესაძლებელია იანვარში კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდოთ.

„ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარი გაფრთხილება. დასავლეთს ბოლომდე არ უნდა, რომ საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან ხიდები დაწვას. ამიტომ ერიდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. მაგრამ აქ არის მეორე მომენტიც - თუ ეს პროცესი გაგრძელდება ისე, როგორც დღეს არის, რა თქმა უნდა, დასავლეთი იძულებული იქნება ეს ნაბიჯები გადადგას.

„აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს სანქციებზე. კონკრეტულად რას მოიმოქმედებდნენ, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ უკვე იკვეთება - დასავლეთში ძალიან აქტიურად დაიწყეს ქართველი არალეგალების გამოსახლება და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, კატასტროფა იქნება, პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან იქ წასული მოსახლეობა არჩენს ძირითადად საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და აი, ეს არის პრობლემა. როგორც ჩანს, იანვარში ისინი რაიმე ასეთ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამენ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირისგან რადიკალურ ნაბიჯებს არ ელოდება.

„მე რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო ევროპული რანგის წარმომადგენლების განცხადებებით და ასევე არსებული ინფორმაციითაც, თუ რა განწყობები ტრიალებს ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებაში, მაინც არ ვფიქრობ, რომ იანვარში საქართველოს მიმართ შეიძლება რაღაც სერიოზული დამსჯელი ზომები შემოიღონ, რაც ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოს ევროკავშირისგან გარიყვას. უფრო ველოდები იმას, რომ მოხდება სიტუაციის გაყინვა - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის. შესაძლოა სანქციების სია გაფართოვდეს და ის შეეხოს უფრო მეტად მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს. ასევე, შესაძლოა, რაღაც გარკვეული პროგრამები შეჩერდეს, რომელიც ჯერ კიდევ ხორციელდება. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი წავიდეს რადიკალურ ზომებზე საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×