რეზონანსი
05.11.2026

მოსამართლების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრიუსელის მოთხოვნაა, საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ უცხოელების გადამწყვეტი სიტყვით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას.

„ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის და საბჭოთა კავშირიდან, სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, იმიტომ არ გამოვედით სისხლით და ბრძოლით, რომ რომელიღაცა ბიუროკრატმა ბრიუსელიდან დამოუკიდებლობა შეგვიზღუდოს. მინდა, ერთხელ და ხაზგასმით ვთქვა, ეს არაერთხელ მითქვამს ჰერჩინსკისთვისაც და ბევრისთვის ბრიუსელიდან, თუ ვერ გაიგეს ინგლისურად, ქართველს კი სწავლობენ ნელ-ნელა და ქართულად იქნებ გაიგონ: ვიდრე მე ვარ პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ, საქართველოში დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე დანიშნოს უცხოელმა, წერტილი. ეს თუ არ მოსწონთ, გასაგებია, რომ არ მოსწონთ. უნდათ კონტროლის მოპოვება სასამართლოზე, თავად უნდათ, დანიშნონ. ვიცით, მათი გემოვნება. გადახედეთ მათი დაქირავებული „ენჯეოების“ ე.წ. ანგარიშებს და დასკვნებს სხვადასხვა საქმეებზე და მიხვდებით, მათი გემოვნება რაც არის. ჰერჩინსკის გამოვნება არის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს ეძახის „ღობის საქმეს“. ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ, ეს მინდა, ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაიგოს ბატონმა ჰერჩიენსკიმ. არ მოსწონს, გავიგეთ, მაგრამ რატომ ჩხუბობს ამასთან დაკავშირებით, ეს არის გაუგებარი. გასაგებია, უნდათ, დაგვინიშნონ მოსამართლეები, შეგვიზღუდონ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩაერიონ ჩვენს მართლმსაჯულებაში. ჩვენ ვეუბნებით, არ მივცემთ ამის საშუალებას, არ მოსწონთ, გავიგეთ, დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, ნათქვამია: „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×