თამარ ვეფხვაძე
04.11.2026

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 282.2 მილიონ ბარელამდე შემცირდა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ცალკეულ ბაზრებზე დიზელის საწვავის მარაგი, ჰორმუზის სრუტის კოლაფსის ფონზე, 35-წლიან სეზონურ მინიმუმამდე დაეცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები დამარცხდნენ. შესაბამისად, არსებული მძიმე ეკონომიკური პრობლემის მოგვარება, სწორედ დემოკრატებს მოუწევთ.  შეიცვლება თუ არა კრიზისი პირას მისული გლობალური ეკონომიკური ტენდენცია?

აშშ-ის სტრატეგიულმა მარაგმა 1982 წლის შემდეგ, რეკორდულად დაბალ დონემდე კლება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან დაიწყო. ოქტომბრის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 283 მილიონ ბარელამდე დავიდა. ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 1982 წლის 15 ოქტომბერს დაფიქსირდა - 280.802 მლნ ბარელი.

პარალელურად, მსოფლიოს ცალკეულ ბაზრებზე დიზელის საწვავის მარაგი, ჰორმუზის სრუტის კოლაფსის ფონზე, 35-წლიან სეზონურ მინიმუმამდე დაეცა. ჰორმუზის სრუტით გადაზიდვების შეფერხებამ ბაზრებზე თხევადი ბუნებრივი აირის დეფიციტიც გამოიწვია, ხოლო ენერგომომარაგების შეფერხებებმა ბაზრის მონაწილეები აიძულა, ნავთობის დაგროვილი მარაგი აქტიურად გამოეყენებინათ.

გლობალური ენერგოკრიზისის დაწყების წინ აშშ-ს შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ამიტომ უკვე არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მოგვარება, სწორედ არჩევნებში გამარჯვებულ დემოკრატებს მოუწევთ. ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ ცხადია, გამარჯვების შემდეგ, დემოკრატები მეორე დღესვე ვერ მოაგვარებენ პრობლემას. თუმცა თუ ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების შოკი განეიტრალდება, ვითარებაც დასტაბილურდება.

„ამერიკაში ყველაზე მეტად ეშინიათ მოახლოებული საფრთხის. ამ მდგომარეობის გამოსწორება დაკავშირებული იქნება იმ საერთაშორისო პროცესებთან და ღია კონფლიქტებთან, რომელიც არსებობს და რომლის სტაბილიზაციისკენ ტრამპი ნაბიჯებს არ დგამდა. ჩვენ ვიხილეთ მისი წინასაარჩევნო სვლა იმისთვის, რომ რისკები, რომლებიც არსებობდა ქვეყანაში ნავთობპროდუქტების საკმაოდ მაღალ ფასთან დაკავშირებით, საკუთარი ქმედებებიდან გადაეტანა ზელენსკისა და რუსეთის მიმართულებით. როგორც ვნახეთ, ამერიკელ ამომრჩეველზე ამან დიდი ზეგავლენა არ მოახდინა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ბაირახტარმა. 

რაც შეეხება მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობის გამოსწორებას, ეს  მარტივი საქმეა, ახლა ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შოკია, რაც გამოწვეულია აშშ-ირანის კონფლიქტიდან და ამ კონფლიქტის გამო, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვიდან.  

„სანამ მოთხოვნა-მიწოდების შოკები არ დასტაბილურდება, მანამდე რაიმე ტიპის სტაბილიზაციაზე საუბარი ნაადრევი იქნება. როგორ მოახერხებენ დემოკრატები ამ პრობლემების რეგულირებას, ეს მათი გადასაწყვეტია. საკითხი მარტივია - არსებულ პრობლემებში ლომის წილი მიუძღვის ამერიკის პრეზიდენტს და იმ სრუტეების და მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტას, რაც ვიხილეთ ამ კონფლიქტის პირობებში. სანამ ეს ჯაჭვი არ აღდგება და მიწოდების შოკი არ განეიტრალდება, ასეთ პირობებში ვიქნებით“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.   

ეკონომიკური მდგომარეობის დასარეგულირებლად, ამერიკელ დემოკრატებს, მოუწევთ ერთდროულად რამდენიმე პრობლემის მოგვარება. ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის აზრით, ეს პრობლემებია: ენერგეტიკული უსაფრთხოება, ინფლაცია, საწვავის ფასები, სახელმწიფო ვალის მომსახურება და საერთაშორისო ვაჭრობის სტაბილურობა.

„თუ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება ხანგრძლივად შეფერხდება, ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ბენზინის ფასზე, არამედ ტრანსპორტირების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და საბოლოოდ სამომხმარებლო საქონლის ღირებულებაზეც. ამიტომ საკითხი უნდა განვიხილოთ, როგორც ენერგეტიკული და მაკროეკონომიკური კრიზისის ერთობლიობა.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, 4 ნოემბრის წინასწარი შედეგებით, დემოკრატებმა კონტროლი მოიპოვეს, როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე. ეს მოსალოდნელი იყო. ინფლაცია, ცხოვრების გაძვირება და ირანთან ომი ამომრჩეველთა უკმაყოფილების მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის დასახელდა. დემოკრატები მიიღებენ მნიშვნელოვან საკანონმდებლო და საზედამხედველო ბერკეტებს, თუმცა პრეზიდენტი კვლავ დონალდ ტრამპია. შესაბამისად, ისინი ავტომატურად ვერ განახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა „რეზონანსთან“გიორგი ცუცქირიძე. 

კითხვაზე, რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ დემოკრატებს, ეკონომისტმა გვიპასუხა, რომ აქ რამდენიმე მიმართულებაა გამოსაყოფი, როგორც ანტიკრიზისული სტრატეგიის ნაწილი: ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გააქტიურება და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენის ხელშეწყობა; საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოსთან და მოკავშირეებთან ნავთობის მიწოდების კოორდინაცია; სტრატეგიული რეზერვის შევსების მრავალწლიანი პროგრამის შემუშავება; გადამამუშავებელი ქარხნების, მილსადენებისა და საწვავის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა; დიზელისა და გათბობის საწვავის მიწოდების დროებითი მხარდაჭერა იმ რეგიონებში, სადაც დეფიციტის რისკი განსაკუთრებით მაღალია.

„დემოკრატებს შეუძლიათ გამოიყენონ კონგრესის უფლებამოსილებები, რათა მოითხოვონ ადმინისტრაციისგან ომის მიზნებისა და ხარჯების დეტალური დასაბუთება; გააძლიერონ კონგრესის ზედამხედველობა სამხედრო მოქმედებებზე; ხელი შეუწყონ ირანთან მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტის დიპლომატიურ პროცესს; შეაფასონ სანქციების გავლენა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე; მოითხოვონ მოკავშირეებთან ერთიანი ენერგეტიკული და უსაფრთხოების სტრატეგია. ეს არ ნიშნავს, რომ დემოკრატებს შეუძლიათ პრეზიდენტის ყველა სამხედრო გადაწყვეტილების ავტომატურად გაუქმება, მაგრამ მათ შეეძლებათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ დაფინანსებაზე, კანონმდებლობასა და პოლიტიკურ ზედამხედველობაზე.

სავარაუდოდ, დაიწყება ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკის გადახედვა, რადგან ენერგეტიკული კრიზისი აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის პრობლემებსაც აძლიერებს. დემოკრატებს მოუწევთ განიხილონ: იმპორტზე დაწესებული ტარიფების გავლენა სამომხმარებლო ფასებზე; ევროპელ და აზიელ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობების სტაბილიზაცია; ენერგომატარებლების იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია; ამერიკული წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა; კრიტიკული საქონლის მიწოდების ჯაჭვების აღდგენა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ გიორგი ცუცქირიძემ. 

მისივე თქმით, საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება: არჩევნების შედეგები უკვე აჩვენებს, რომ ამომრჩევლის უკმაყოფილებაში ცხოვრების ღირებულებასა და ირანის ომს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. 

„მიუხედავად ამისა, დემოკრატების გამარჯვება თავისთავად ჯერ კიდევ არ ადასტურებს, რომ მათ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებული იქნება. ამის შეფასება კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და მათი შედეგების მიხედვით უნდა მოხდეს“, - დასძინა გიორგი ცუცქირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×