
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში რესპუბლიკელებმა 3 ნოემბრის მერე კონგრესზე კონტროლი დაკარგეს - შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.
ამომრჩეველთა უკმაყოფილება ტრამპის პოლიტიკით, ეკონომიკური პრობლემები და ირანთან ომის შედეგები რესპუბლიკელებისთვის სერიოზულ საარჩევნო დარტყმად იქცა. ძალთა ახალი ბალანსი თეთრ სახლსა და კონგრესს შორის მომდევნო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური დაპირისპირების ახალ ეტაპს მოასწავებს.
3 ნოემბრის შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისა და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პოზიციებისთვისაც, ამერიკული მედიის ცნობით, დემოკრატებმა ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს - წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს უმრავლესობა ჩამოართვეს. სენატში კი დემოკრატებმა სულ მცირე შვიდი რესპუბლიკელების მანდატი გადაიბარეს.
რესპუბლიკელებმა მძიმე მარცხი განიცადეს ისეთ შტატებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად მათი საიმედო საარჩევნო დასაყრდენია. მათ შორისაა კანზასი, სადაც თითქმის ერთი საუკუნეა დემოკრატი სენატორი არ აურჩევიათ, ასევე აიოვა, ტეხასი, ოჰაიო, მეინი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა. დემოკრატებმა შეინარჩუნეს პოზიციები ისეთ კონკურენტულ შტატებშიც, როგორიცაა ჯორჯია და მიჩიგანი.
უცხოური გამოცემებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, რესპუბლიკური პარტიის მარცხის მთავარი მიზეზი ამერიკელ ამომრჩეველში დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების ზრდა გახდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ეკონომიკური მდგომარეობა - სურსათისა და საწვავის გაძვირება და ცხოვრების ხარჯების ზრდა. ამასთან, უარყოფითი გავლენა იქონია ირანთან ხანგრძლივმა ომმა, რომელმაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვია, ასევე, ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ და სავაჭრო დაპირისპირებებმა.
"ასოშიედ პრესის" მიმოხილვით, ამომრჩეველთა უკმაყოფილებას ამძაფრებდა კორუფციისა და პრეზიდენტის პირადი ინტერესების სასარგებლოდ ძალაუფლების გამოყენების შესახებ შეშფოთებაც.
დამატებით ფაქტორად სახელდება ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ზოგიერთი კანდიდატის არასაკმარისი პოლიტიკური გამოცდილება და ამომრჩეველთან მათი სუსტი კომუნიკაცია. ანალიტიკოსების შეფასებით, არჩევნები დიდწილად ტრამპის პრეზიდენტობის მიმართ ნდობის ერთგვარ რეფერენდუმად იქცა.
ამ დროისთვის დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში 228 ადგილი მოიპოვეს, რითაც უმრავლესობისთვის საჭირო მინიმალურ ბარიერს (218 ადგილს) გადააჭარბეს და კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლი დაიბრუნეს. აქ რესპუბლიკელებს 139 ადგილი ერგოთ, უნდა ითქვას, რომ ხმების დათვლა ზოგიერთ ოლქში კვლავ გრძელდება.
სენატში დემოკრატებმა 54 ადგილი მოიპოვეს, რესპუბლიკელებმა კი 44 მანდატი მიიღეს. დემოკრატების მაჩვენებელში შედის ორი დამოუკიდებელი სენატორიც, რომლებიც მათთან ერთად მოქმედებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მათთან ერთად იმუშავებს, თუმცა, დასძენს, რომ მათ ინიციატივებს ვეტოს დაადებს.
"დემოკრატების" სულელურ ინიციატივებს ვეტოს დავადებ - რამდენიმე თვის განმავლობაში ვეტოს დადების შემდეგ, გამოვლენ და იტყვიან: „როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხები?",- დასძენს ტრამპი.
რა იცვლება აშშ-ის არჩევნების შემდეგ
შავი ზღვის საერთასორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კონგრესში დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოპოვებამ შესაძლოა დონალდ ტრამპზე პოლიტიკური ზეწოლის დამატებითი ბერკეტები შექმნას, რაც გავლენას მოახდენს როგორც რუსეთისა და უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე, ისე საქართველოს საკითხზეც.
"შესაძლოა რუსეთზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი შეიქმნას. კონგრესმა შესაძლოა გარკვეულ კანონპროექტებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს, რომელიც რუსეთისადმი სანქციების გაძლიერებას ითვალისწინებს. არაა გამორიცხული კონგრესმა ტრამპზე ზეწოლა განახორციელოს ირანის ომთან დაკავშირებით, რომ შეაჩეროს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობა ისევ ტრამპისაა.
- ნიკა ჩიტაძე: "გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა რაღაც მნიშვნელოვან გარღვევებს მაინც არ უნდა ველოდოთ"
"რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, შესაძლოა ტრამპზე ზეწოლის შედეგად უკრაინის მხარდაჭერა გაიზარდოს. საქართველოსთან მიმართებაში, თუ ტრამპზე ზეწოლა იქნება, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხისტი პოლიტიკა დაიკავოს. ასევე, ალბათ ორპარტიული დოკუმენტები მათ შორის "მეგობარი აქტი" უფრო მყარი იქნება.
"გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა რაღაც მნიშვნელოვან გარღვევებს მაინც არ უნდა ველოდოთ, რადგან ამერიკა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს მაინც დიდი ძალაუფლება გააჩნია",- განაცხადა ჩიტაძემ.
"რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებს ტრამპის ადმინისტრაციისთვის სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს, თუმცა, ფიქრობს, რომ კონგრესში ძალთა ბალანსის შეცვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს მნიშვნელოვნად ვერ შეზღუდავს.
მისი შეფასებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში თეთრ სახლსა და კონგრესს შორის პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდება.
მოსალოდნელია საგამოძიებო კომისიების გააქტიურება, ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაბარება და იმპიჩმენტის საკითხის პერიოდული წამოწევა, თუმცა, აბაშიძე ტრამპის გადაყენებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. აბაშიძის შეფასებით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში იმდენად ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური საკითხია, რომ საქართველოს თემა ვაშინგტონის პრიორიტეტებში ვერ იქნება.
"ასეთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ერთ პარტიას წარმოადგენს, ხოლო მთლიანად კონგრეს სხვა პარტიას, ეს ამერიკის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა, თუმცაღა, აშშ-ში პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმაოდ ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ექნება არაერთი დაბრკოლება საკუთარი კანონპროექტების დამტკიცებაში, ან არასასურველი კანონებისთვის ვეტოს დადებაში.
"მთავარი, რაც აინტერესებს არა მხოლოდ ამერიკულ საზოგადოებას, ესაა - იქნება თუ არა ტრამპის იმპიჩმენტი. რაც ნაკლებად სავარაუდოა, თუკი არაერთ ავტორიტეტულ ამერიკელ პოლიტიკურ აქტორსა და ანალიტიკოსს ვენდობით. არც რესპუბლიკელებს და არც დემოკრატებს არ აწყობთ, რომ ამერიკის ისტორიაში მსგავსი უპრეცედენტო შემთხვევა მოხდეს, როდესაც პრეზიდენტს ამ საუკუნეში კანონმდებელი გადააყენებს.
"სავარაუდოდ, არაერთი საგამოძიებო კომისია იქნება, სადაც დაიბარებენ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაიბარებენ, მაგრამ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ როგორც თავის დროზე ბაიდენმა მაღალჩინოსნები წინსწრებად შეიწყალა, რათა მათ ფედერალური დანაშაულის გამო სავარაუდო პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდათ, ასევე გააკეთებს ის თავისი ადმინისტრაციის რიგი მაღალჩინოსნების მიმართ და მათ შორის მან ასევე ახსენა არაჩინოსანი, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი - ილონ მასკი.
"აქაც ისევ ამერიკული კანონმდებლობისა და კანონების ლაბირინთი იკვეთება, რამეთუ, თუკი პრეზიდენტი შეიწყალებს ფედერალური დანაშაულის სავარაუდო ჩამდენს, შტატის დონეზე შეწყალება არ ხდება.
უახლოესი ორი წელიწადი იქნება ჭიდილი თეთრ სახლსა და კონგრესს შორის: საგამოძიებო კომისიებით, იმპიჩმენტებითა და ასე შემდეგ.
"რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ვფიქრობ, საგარეო პორიტეტებში ეს მთავარი საკითხი არ უნდა იყოს. შესაძლოა წამოიწიოს ისევ ე.წ. მეგობარი აქტმა, მაგრამ თუკი საქართველოსადმი მტრული რეზოლუცია გააცოცხლეს, მისი აღსრულება ევალება სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის ხაზინას, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან და ეს გამორიცხული იქნება.
- გია აბაშიძე: "ძალიან რთული და საინტერესო მოვლენები იქნება ამერიკაში. ეს პირდაპირ თუ არა, გარკვეულწილად მაინც ეხება საქართველოს პოლიტიკას"
აშშ-ს საერთაშორისო თემები იმდენად მოცულობითია, რომ ამაში მთელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ჩაეფლობა - ირანის კრიზისის დასრულება, აჩინეთთან და ევროკავშირთან სავაჭრო დავები და სატარიფო პოლიტიკა, მათ შორის კანადასთან თუ სხვა ქვეყნებთან და ა.შ. თუმცა ახლა მთავარია თუ ვინ იქნება 2028 წელს საპრეზიდენტო კანდიდატი?
"ეს შეკითხვა ძალიან მკაფიოდ გაჩნდა რესპუბლიკელებში: ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერი თუ რეალურად კონსერვატორი რესპუბლიკელი? სავარაუდო კანდიდატებს - ჯეი დი ვენსს და მარკო რუბიოს ალბათ საკუთარ ამომრჩევლებთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო მოუწევთ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
"ძალიან რთული და საინტერესო მოვლენები იქნება ამერიკაში. ეს პირდაპირ თუ არა, გარკვეულწილად მაინც ეხება საქართველოს პოლიტიკას. ირანიც ვახსენე და აუცილებლად უნდა ვახსენოთ უკრაინის თემაც - როდის დამთავრდება ომი? ომებმა და ტრამპის დაპირებებმა, რომ მალე დაასრულებდა ომებს (რაც ასე არ მოხდა და ცხოვრება გააძვირა ამერიკაში), ზუსტადაც რომ გამოიწვია ის, რომ გაბრაზებულმა ამერიკელებმა შური იძიეს საარჩევნო ბიულეტენებით მოქმედ ადმინისტრაციაზე.
"დასალაგებელი თემებიც უამრავია, მაგრამ ამერიკელს, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებას, აინტერესებს საკუთარი ჯიბე, საკუთარი ოჯახის ბიუჯეტი და არა შორეულ ქვეყნებში არსებული კონფლიქტები და დაუსრულებელი ომები",- განაცხადა აბაშიძემ.