ნატალია ჯვარიძე
04.11.2026

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს „ოცნების" წევრები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ამას სერიოზულად არ აღიქვამენ - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით გასული წლის განმავლობაში საქართველოში აღინიშნა „განგრძობადი უკუსვლა ფუძემდებლურ საკითხებზე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კვლავაც მხოლოდ ჰქვია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ის კვლავაც უარს ამბობს იმ სარგებელზე, რომელიც კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანებამდელ პროცესს მოაქვს".

პროექტის თანახმადვე, „საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმით, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით".

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განაცხადებით, დოკუმენტი ძველი ბრალდებების კრებულია და საქართველოსთან კომუნიკაციის გარეშე მომზადდა. მახაშვილმა ანგარიშში არსებულ „ორმაგ სტანდარტებზეც" ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბრიუსელთან დიალოგის აღსადგენად მზადაა.

„ეს ნამდვილად ძალიან ჰგავს გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ ანგარიშს. გაბრაზებული ადამიანის, რომელმაც ბევრი იჩხიკინა, ბევრი იწვალა, ბევრი გაიძულა მაგრამ მაინც ვერ გააკეთებინა ის, რაც მას უნდა. ამ დოკუმენტში არაფერი ახალი არ წერია, ეს არის თავმოყრა, ასე ვთქვათ, გაერთიანება იმ ძველი ბრალდებების, რაც ჩვენ გვესმოდა გასული თვეების განმავლობაში.

ამიტომ ჩვენთვის მას რაღაც დამატებითი ახალი ღირებულება არ აქვს. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ, არანაირი კომუნიკაცია საქართველოსთან, არანაირი კომუნიკაცია სამინისტროებთან, არანაირი კომუნიკაცია ექსპერტებთან, ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შემთხვევაში ხდებოდა.

ეს ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან ხუთი-ექვი ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში, რომელშიც აბსოლუტურად არანაირი ხედვა საქართველოსი არ არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება შინაარსს, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან ბევრი აბსურდული განცხადება და თუნდაც ერთ ძალიან კარგ მაგალითად რად ღირს ეგრეთ წოდებული „თვითნებურად დაკავებული ადამიანების" მოხსენიება. ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს მკვლელობის მცდელობებით ასამართლებენ ევროპაში, საქართველოში მას უწოდებენ თვითნებურად დაკავებულ პირებს და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ მათ გათავისუფლებას. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან მკაფიოა და ჩვენ ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ეს არის ცალმხრივად, გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში.

ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში დავუბრუნდეთ თუნდაც იმ ფორმატებს, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ანგარიშები იყოს ობიექტური, დაბალანსებული, ექსპერტების დონეზე და რაც მთავარია, პოლიტიკურ დონეზე აღვადგინოთ დიალოგი, რომ თუკი რაიმე კითხვა აქვს ბრიუსელს კონკრეტულ კანონებზე, სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ყველაფერზე გავცეთ ამომწურავი პასუხ დეტალურად, სიღრმისეულად და არა ასე, ზედაპირულად და გუგლის გამოყენებით", - განაცხადა მახაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა.

„შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ანგარიშს, ან მიუკერძოებელ ანგარიშს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა სამინისტროებმა და უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს.

უბრალოდ იმიტომ, რომ მათ კონტაქტი არ ჰქონდათ. ასევე აღმაშფოთებელია, პირდაპირ ვიტყვი, ის, რაც ჩაიწერა ანგარიშის ნაწილში, რომ თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არღვევს კონსტიტუციას. მე არ ვიცი რა მოტივაცია აქვთ მათ და რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენ ან ბრმები ვართ, ან ისტორია არ ვიცით, ან ფაქტების გადამოწმება არ შეგვიძლია.

ყველამ კარგად იცის და თუ ვინმემ არ იცის, მინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ევროკავშირმა 2024 წლის ივნისში შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო 2024 წლის ნოემბერში.

იმ განცხადების შინაარსში ახლა არ შევალ იმიტომ, რომ იქ საერთოდ სხვა რამე იყო ნათქვამი, მაგრამ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, თარიღდება 2024 წლის ივნისით! და 2024 წლის ივნისში არაფერი ის, რაზეც ახლა წუხილებს გამოთქვამენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები - არც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დემონსტრაციები, არც ეგრეთ წოდებული „რეპრესიული" კანონმდებლობა, არც „თვითნებურად" დაკავებული ადამიანები 2024 წლის ივნისში არ არსებობდნენ", - განაცხადა სამხარეძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×