თამთა ჩაჩანიძე
03.11.2026

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულთა ნაწილი საპატიმროს მალე დატოვებს - შეკრების ორგანიზატორები მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე 4 ნოემბერს გამოდიან. აქციის სხვა ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე ამ გზით გათავისუფლებას ამ ეტაპზე არ განიხილავენ. საერთო ჯამში ამ საქმეზე გასამართლებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება უკვე 50-მა მოითხოვა და ეს პროცესი გრძელდება. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სხვა მსჯავრდებულებმაც მოითხოვონ, მათ შორის მათ, ვინც ამ ეტაპზე ამ შესაძლებლობას უარყოფს. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, შეეცდება ეს პროცესი საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს როგორც დასავლეთთან ურთიერთობაში, ისე ქვეყნის შიგნით.

„სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, ციხეში ვრჩები!" - ეს განცხადება 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა პაატა ბურჭულაძემ წელს ოქტომბრის ბოლოს საპატიმროდან გავრცელებულ წერილში გააკეთა. ამის პარალელურად მსოფლიო ბანის შვილმა შუქრი ბურჭულაძემ გააკრიტიკა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის გადაწყვეტილება, რომელთაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს და განაცხადა, რომ „უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი".

საერთო ჯამში, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე სულ 64 პირი მიეცა პასუხისგებაში და აქედან 50-მა საპროცესო შეთანხმების გაფორმება უკვე მოითხოვა პროკურატურასთან. საქმის განხილვა გრძელდება და არაა გამორიცხული რიცხვი გაიზარდოს.

ოთხ მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება 28 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაფორმდა. მოსამართლე მზია ლომთათიძემ პროკურატურასა და მსჯავრდებულებს შორის მიღწეული შეთანხმებები დაამტკიცა. ოთხივემ ბრალდება აღიარა. მურთაზ ზოდელავამ სასამართლოში განაცხადა, რომ სამართლებრივ შედეგებს აცნობიერებდა და მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

შეთანხმების მიხედვით, მათ სასჯელის სახით 3 წელი და 1 თვე განესაზღვრათ, საიდანაც რეალურად 1 წელსა და 1 თვეს მოიხდიან, დანარჩენი 2 წელი კი პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ. სასჯელის ვადა დაკავების დღიდან ითვლება, ამიტომ მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია - 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს.

ოთხივე მათგანს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი: ზოდელავასა და ბერიძეს 7-7 წელი, ჩხვირკიასა და ჟვანიას - 5-5 წელი.

28 ოქტომბრის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურთ კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას. მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. რაც შეეხება დავით ჟღენტს, ის სხდომას არ დასწრებია და უცნობია, აპირებს თუ არა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას.

ამავე საქმეზე საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდათ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა აქტივისტ ნანა სანდერმაც.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ამ დრომდე არ აპირებს აქციის ორგანიზატორთა ნაწილი - პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე.

როგორ აისახება საპროცესოები ოპოზიციის იმიჯზე

შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხელისუფლებასთან გარიგებად ან ოპოზიციის მხრიდან უკან დახევად არ უნდა შეფასდეს. მისი თქმით, ეს იძულებითი ნაბიჯია. ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში საპროცესო შეთანხმება პაატა ბურჭულაძემაც გააფორმოს და აღნიშნავს, რომ ამ პროცესის პოლიტიკურად გამოყენებას ხელისუფლება შეეცდება, მათ შორის დასავლეთთანაც, თუმცა დასავლეთში კარგად ესმით, რა გარემოებებში უწევთ მსჯავრდებულებს ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

„ეს ხელისუფლებასთან გარიგება არაა, აბსოლუტურად გასაგებია და ამ ადამიანების მესმის. ისინი უდანაშაულო არიან, სრულიად უაზროდ მოხვდენენ ციხეში და ყველანაირად გამართლებულია ის მომენტი, რომ ციხიდან გამოდიან, აქ საქმე უპრინციპობაზე არაა", - განაცხადა ჩიტაძემ.

კთხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ბურჭულაძისა და სხვებისგან, ვინც ახლა საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგია, მომავალში შეთანხმება გააფორმონ, ჩიტაძემ გვითხრა, რომ გამორიცხული არაა.

  • ნიკა ჩიტაძე: „შეიძლება ყველა რომ გააფორმებს შეთანხმებას, მერე პაატა ბურჭულაძეც გამოვიდეს. ხელისუფლება კი ეცდება ეს სათავისოდ გამოიყენოს".

„გამორიცხული არაფერია. თუ არ ვცდები, ერთხელ ბურჭულაძემ თქვა - მე არ გამოვალ, სანამ ყველა არ დატოვებს ციხესო და შეიძლება ყველა რომ გააფორმებს შეთანხმებას, მერე გამოვიდეს. ხელისუფლება ეცდება ეს გამოიყენოს და განაცხადოს, რომ აგერ, ადამიანები თვითონ აღიარებენ ბრალსო, მაგრამ ეს უბრალოდ იძულებითი ნაბიჯი იყო.

„4 ოქტომბერი, კი, ბატონო, შეცდომა იყო. მე პირადად მითქვამს, რომ არანაირად არ შეიძლება იმის თქმა, რომ ახლა ვიკრიბებით, შემდეგ 8 თუ 9 საათზე ვიბარებთ ხელისუფლებას და ყველა ჩვენ გვექვემდებარება.

„არ ვიცი იყო თუ არა ეს პროვოკაცია. შეიძლება პროვოკაცია დავარქვათ, ან გულუბრყვილობა, რომ მართლა ბევრი ხალხი შემოიკრიბებოდა და ხელისუფლება ჩამოიშლებოდა. შეიძლება ხელისუფლება თავის მხრივ ეძებდა ხალხის დაპატიმრების რაღაც საბაბს, მერე რომ ეთქვათ, რომ რაღაც გადატრიალება მზადდებოდა. ძალიან ბევრი კითხვებია.

„საპროცესო შეთანხმებები ოპოზიციის მხრიდან უკან დახევა არაა, არც დასავლეთის თვალში ოპოზიციის იმიჯი არ შეილახება. „ქართულ ოცნებას" კი გაუჩნდება დასავლეთთან სალაპარაკო, მაგრამ იქ ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. ბოლოს და ბოლოს, თავის დროზე ზვიად გამსახურდიაა ასე გამოსული.

„ვიღაც იტყვის, რომ ამ ადამიანებს ბოლომდე უნდა გაეძლოთ და ამას ბევრი ისეთი ადამიანი იტყვის, რომელიც საერთოდ აქციაზე არ ყოფილა", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×