
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან კვლავ ერთმანეთის პირისპირ სხდებიან. 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში ჩანიშნულ შეხვედრას დასავლეთში უკვე უწოდებენ შესაძლო გარდამტეხ ეტაპს, თუმცა, პროცესს თან სდევს სკეპტიციზმიც.
„10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში შეერთებული შტატები შუამავლის როლს შეასრულებს უკრაინასა და რუსეთს შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებებში და ხელს შეუწყობს პრეზიდენტ ტრამპის მისიის შესრულებას ომის დასრულების მიმართულებით. განხილვები ძირითადად ომის შემდგომ უსაფრთხოებას, დეესკალაციას, ჰუმანიტარულ ზომებსა და მშვიდობისკენ მიმავალ შემდგომ ნაბიჯებს შეეხება", - ვკითხულობთ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებაში.
მანვე დასძინა, რომ აშშ იმედოვნებს იმ პროგრესის განვითარებას, რომელიც მანამდე კიევში, ოსლოსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონსულტაციებზე იქნა მიღწეული.
უკრაინული და რუსული დელეგაციების ბოლო შეხვედრა 2026 წლის 18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა. მაშინ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ მოლაპარაკება შეაფასა, როგორც „რთულად, თუმცა საქმიანი". უკრაინის მხარეს კი დიდი მოლოდინი თავიდანვე არ ჰქონია და პრაქტიკულად, დისკუსიები უშედეგოდ დასრულდა.
„ჩვენ ვმუშაობთ კონსტრუქციულად, მიზანმიმართულად და გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე", - განაცხადა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა.
მას შემდეგ პროცესი ფაქტობრივად „შატლის დიპლომატიის" რეჟიმში მიმდინარეობდა: ამერიკელი შუამავლები - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - ცალ-ცალკე ხვდებოდნენ კიევისა და მოსკოვის ოფიციალურ პირებს.
ახლა კი, როდესაც ამერიკული შუამავლობით პირდაპირი სამმხრივი ფორმატის აღდგენაა მოსალოდნელი, დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა მყარი მოლოდინი, რომ მხარეები შესაძლოა გარდამტეხ შეთანხმებასთან იყვნენ ახლოს.
- სტივ უიტკოფი: „განხილვები ძირითადად ომის შემდგომ უსაფრთხოებას, დეესკალაციას, ჰუმანიტარულ ზომებსა და მშვიდობისკენ მიმავალ შემდგომ ნაბიჯებს შეეხება".
ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინის საკითხზე გაჟღერებული განცხადებები მკვეთრად ოპტიმისტური გახდა. ექსპერტთა შეფასებით, ეს მიანიშნებს, რომ შუამავლებმა ორივე მხარისგან გარკვეულ ფარულ დათმობებს მიაღწიეს, რასაც ამ ეტაპზე საჯაროდ არ ახმაურებენ, რათა თავიდან აიცილონ პროცესის დაზიანება.
ბოლო ასეთი განცხადება 3 ნოემბერს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გააკეთა, რომელიც ფიქრობს, რომ კონფლიქტი უკრაინაში „უახლოეს თვეებში" დასრულდება.
ევროპული ფრონტი და სკეპტიციზმი მოკავშირეებში
დასავლური მედიის ცნობით, აბუ-დაბის შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მზადება ევროპაშიც. ამერიკელი მომლაპარაკებლები ბრიუსელში მართავენ კონსულტაციებს საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ევროპის ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის ეკონომიკური აღდგენის გეგმას განიხილავენ.
პროცესს თან ახლავს სკეპტიციზმიც. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი სკეპტიკურადაა განწყობილი დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის მიმართ.
„პირველ რიგში, ბოლო წლების გამოცდილების გამო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ყოველ ჯერზე, როცა მოლაპარაკებები ან განხილვები იმართებოდა, შედეგად, უკრაინაზე კიდევ უფრო ძლიერი დაბომბვა და თავდასხმები ხდებოდა", - განაცხადა პისტორიუსმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ ევროპა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე თავის მოთხოვნებს მკაფიოდ არ დააფიქსირებს, შესაძლოა, რუსეთი, აშშ და ჩინეთი დამოუკიდებლად შეთანხმდნენ.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, 10-11 ნოემბრის აბუ-დაბის შეხვედრა აღქმულია, როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტი, სადაც გამოჩნდება, გადაიზრდება თუ არა შუამავლების მიერ მიღწეული შეთანხმებები რეალურ და ხანგრძლივ მშვიდობაში.