ნატალია ჯვარიძე
03.11.2026

შიდა პოლიტიკური დაძაბულობისა და მზარდი უთანხმოებების ფონზე, 3 ნოემბრიდან „ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად აღარ არის ოპოზიციის ალიანსის წევრი. ალიანსში ამაზე განსხვავებული განცხადებები კეთდება. ლიდერთა ნაწილი ამბობს, რომ ენმ გარიცხეს, ნაწილის თქმით კი ალიანსის წესდებაში პარტიის გარიცხვის პროცედურა საერთოდ არაა გაწერილი. თავად „ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ ისინი უკვე დიდი ხანია აღარ არიან ამ გაერთიანების წევრი და ეს არაერთხელ დაუდასტურებით საჯაროდ.

ოპოზიციის ალიანსი 2 მარტს შეიქმნა და მასში 9 პოლიტიკური პარტია გაწევრიანდა: „კოალიცია ცვლილებისთვის", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ფედერალისტები", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", „ევროპული საქართველო" და „თავისუფლების მოედანი".

გაერთიანებაში შიდა დაპირისპირება მალევე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ფორმატის მთავარი მიზანი ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით მოქმედება იყო, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის არსებობდა სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა სამოქმედო ტაქტიკის, საარჩევნო სტრატეგიებისა და პრიორიტეტების თვალსაზრისით. ეს შიდა დაძაბულობა და ღია კრიტიკა პერიოდულად კიდევ უფრო აშკარას ხდიდა კოალიციურ გამოწვევებს და ართულებდა ერთიანი პოზიციების შენარჩუნებას კრიტიკულ მომენტებში.

საბოლოოდ ეს გადაიზარდა ალიანსის ცალკეული პარტიების ლიდერთა ღია დაპირისპირებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან."

3 ნოემბერს კი ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ „ფეისბუქის" გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის" ლოგო დატანილი აღარ არის.

ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც. „ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც წესებს დაიცავს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეფასებები

„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა" ალიანსიდან არავის გაურიცხავს, რადგანაც ამგვარი რამ გაერთიანების წესდებაში არც არის გაწერილი.

„მას შემდეგ, რაც ალიანსი შეიქმნა, რთული მომენტები იყო. იყო ძალიან სერიოზული წარმატებებიც კონსოლიდაციის თვალსაზრისით, ძალიან მრავალრიცხოვანი აქციები და ასე შემდეგ.

„რაც შეეხება შიგნით გარკვეულ სირთულეებს, ეს არ არის ახალი ამბავი. ამ შემთხვევაში, თუ მეკითხებით „ნაცმოძრაობაზე", ჩვენ ხანგრძლივი პერიოდი გვქონდა კითხვა-პასუხი მედიასთანაც და საზოგადოების ნაწილთან, ვინც დაინტერესებული იყო, თუ რა ხდება. ერთი რამ უნდა ვთქვა და გავიმეორო - ალიანსს არ ჰქონია ვინმეს გარიცხვის ან გაშვების არანაირი მექანიზმი. ყველა პარტია, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვინც არის წევრი, აკეთებს არჩევანს და, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს არჩევანი გააკეთა. ეს უფრო ადრეც იყო, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად არ მონაწილეობდნენ ალიანსის საქმიანობაში. შესაბამისად, ეს არის მათი გადაწყვეტილება.

  • გიგი წერეთელი: „ალიანსს არ ჰქონია ვინმეს გარიცხვის ან გაშვების არანაირი მექანიზმი. ყველა აკეთებს არჩევანს და, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს არჩევანი გააკეთა."

„იმგვარი ვითარებაა რომ ვისურვებდი პირიქით, კონსოლიდაციაზე ვისაუბროთ. თვითონ „ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს მუდმივად ერთიანობაზე. ამიტომ რაღაც მექანიზმები ზოგადად უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური თანაცხოვრება, მით უმეტეს, ამ რთულ პერიოდში შევძლოთ", - აღნიშნა წერეთელმა.

„ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველის საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ ალიანსში თავს ვერ ხედავდა და არც აქტივობებში იღებდა მონაწილეობას.

„ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ ამ ალიანსში თავს ვეღარ ვხედავდით და აღარ ვიყავით ამ ალიანსის წევრი. საჯაროდ არის ხელმისაწვდომი განცხადებებიც, შეგიძლიათ, ნახოთ. მარტო ჩემი განცხადების იმედად რომ არ იყოთ, ზოგადად ძალიან ბავშვურია იმაზე საუბარი, რომ მე გამოვრიცხე. ბოლო თვეების განმავლობაში აღარ ვიღებთ მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში და საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გარიცხეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" „ოპოზიციის ალიანსიდან", ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ გარიცხვასა და გამოსვლას შორის ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს.

  • ფავლენიშვილი ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე: „არ ვაპირებ მუდმივად ასეთ ბავშვურ ბრალდებებს პასუხი გავცე - თითქოს მაგრები არიან და ალიანსიდან გაგვრიცხეს. „ნაციონალურმა მოძრაობა" აღარ იყო ამ ალიანსში."

„ჩვენს გარიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, ჯერ ბავშვურია ეს მსჯელობა, რომ ახლა თურმე პოლიტიკურად ვიღაცებმა უნდა თქვან, რომ ჩვენ გავირიცხეთ. მოცემულობა მარტივია, „ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში აღარ იყო. აღარ მონაწილეობდა არანაირ ფორმატში და, მათ შორის, საჯარო განცხადებებშიც ვამბობდით, რომ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. ჰოდა, არ ვიცი, ახლა მეტი რა დემონსტრაცია უნდა მომხდარიყო იმისა, რომ ალიანსის წევრები ჩვენი ნებით აღარ ვიყავით. რა თქმა უნდა, ვისაც საღი აზრი აქვს, ვინც საღ აზრზე არის და არ არის უკიდურესად ტენდენციური, ის ამას დაინახავდა", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტმა ირაკლი ფავლენიშვილს კითხვა დაუსვა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, სადაც ფედერალისტების ლიდერი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" „ოპოზიციის ალიანსიდან" გარიცხეს. ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ვერ გარიცხავდნენ იმ ალიანსიდან, რომელშიც პარტია უკვე აღარ იყო.

„ეს ადამიანი ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ პირადი სიძულვილი გამოაჩინოს. არ ვაპირებ მუდმივად ასეთ ბავშვურ ბრალდებებს პასუხი გავცე - თითქოს მაგრები არიან და ალიანსიდან გაგვრიცხეს. „ნაციონალურმა მოძრაობა" აღარ იყო ამ ალიანსში. სადაც აღარ ვიყავით, იქიდან როგორ უნდა გავერიცხეთ ვინმეს? ანუ, სადაც მონაწილეობას არ ვიღებდით არცერთ შეხვედრაში, ვამბობდით, რომ ამ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. იქიდან როგორ უნდა გაგრიცხოს ადამიანმა, სადაც არ ხარ?", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ვინ მოიგო და ვინ დაზარალდა

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვას უკავშირდება.

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა გაერთიანებას ვერ ახერხებენ - ხან ვერ ერთიანდებიან, ხან ერთიანდებიან და მერე იშლებიან. გამორიცხული არაა მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა გავლენა. აშკარად იკვეთება, რომ ყველაზე მეტი ბრალდება არის „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და არის პარტიები, რომლებიც მას მერე გაჩნდნენ, რაც „ნაციონალური მოძრაობა" გავიდა პოლიტიკურ არენაზე. ფაქტია, ბრალდება ყველას ერთად ეკისრება, რადგან ერთად ხართო. შეიძლება მაგის ჩვენება უნდათ, რომ ყველანი ერთად არ არიან. ასე რომ, თუკი ადრე ენმ იყო ხოლმე დაშლის ინიციატორი, რადგან მას ჰქონდა ყველაზე მეტი ხმები და უნდოდა სხვებს არ წაეღო, ახლა პირიქითაა.

„თუკი საფუძველი იყო მიმდინარე სასამართლო პროცესი და თუკი ალიანსს არ უნდოდა „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ წაყენებული ბრალდებები თავის თავზე აიღო და ამიტომ გაეროდა მას, მაშინ ენმ იქნება უფრო დაზარალებული", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×