თამარ ოყუჯავა
03.11.2026

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოს დახურვამ საზოგადოების ნაწილში გააძლიერა ეჭვები, რომ ხელისუფლება თავს იზღვევს ახალი სკანდალებისგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს სხდომებზე ახალი შესაძლო კორუფციული ბრალდებებისა და ახალი სახელების გაჟღერება. დაცვის მხარის მიერ ციხეში ღარიბაშვილის შესაძლო წამებაზე გამოძიების მოთხოვნამ კი ვითარება კიდევ უფრო დრამატული გახადა.

ანალიტიკოსთა ნაწილისათვის სხდომების დახურვის ოფიციალური მიზეზი არადამაჯერებელია. ღარიბაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი კი ამას კანონის დარღვევად მიიჩნევს.

„სხდომის დახურვა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, არანაირად დასაბუთებული არ ყოფილა ბრალდების მხარის მიერ და ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს ბრალდების უსაფუძვლობა და ამ საქმის დეტალები. საქმე არის პოლიტიზებული, ბრალდება გახლავთ სრულიად დაუსაბუთებელი", - აღნიშნა ადვოკატმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, მედიისთვის დაწესებული შეზღუდვა მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" აშკარად ფრთხილობს, რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კორუფციული ბრალდებების განხილვისას არსებობს რეალური საფრთხე, რომ გაჟღერდეს კონკრეტული მოქმედი მაღალჩინოსნების გვარები და გამოვლინდეს კორუფციის ახალი, მასშტაბური ფაქტები. ეს კი მმართველ გუნდს მძიმე დარტყმას მიაყენებს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს. 

  • ვახტანგ ძაბირაძე წამების ბრალდებაზე: „ეს არის მცდელობა, ყველაფერი დაბრალდეს მდინარაძეს და ისე წარმოჩინდეს, თითქოს სანქცირებული ივანიშვილისგან და მით უმეტეს, კობახიძისგან ეს არ ყოფილა ინიცირებული."

საქმის ირგვლივ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს დაცვის მხარის განცხადება ყოფილ პრემიერზე ციხეში განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შესახებ. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამას წამებად აფასებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის რასაკვირველია დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

სხვადასხვა წყაროების შეფასებით, ადვოკატი ამ კონკრეტულ გვარში სავარაუდოდ გულისხმობდა სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს. ამასთან, მდინარაძეზე თავად ექსპრემიერიც მიანიშნებდა ციხიდან გამოქვეყნებულ თავის წერილებში.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სასამართლო პროცესის დახურვის ფორმალური მიზეზი - სამხედრო საქმე, ყოფილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისგან ქრთამის აღების ბრალდება და შესაძლო სამხედრო საიდუმლოების გაჟღერება - მხოლოდ საბაბია და სინამდვილეში ხელისუფლება ზედმეტი რისკების თავიდან არიდებას ცდილობს.

„ფორმალურად, ეს ეხება სამხედრო საქმეს... სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ შეიძლება სამხედრო საიდუმლოება იქნეს გაჟღერებული, ამიტომ დახურეს სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღარიბაშვილი მოითხოვდა ღია პროცესს. ხელისუფლება ფრთხილობს, რომ რაღაც ისეთი არ გააჟღეროს ღარიბაშვილმა. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მან თქვას, არის ის, რომ ამ საქმეში გარეული იყო ივანიშვილიც. თავის დაზღვევის მიზნით ურჩევნიათ, მშვიდად და ფრთხილად იყვნენ", - აღნიშნა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ სამხედრო საიდუმლოებას, ექსპერტის აზრით, ეს არგუმენტი სუსტია, რადგან საგარეო აქტორებისთვის საქართველოს შეიარაღების შესახებ ინფორმაცია ისედაც ცნობილია:

„ვისაც საქართველოში შეიარაღების რაღაცები აინტერესებს, არ მგონია მათთვის ამ სასამართლოზე რამე ახალი ითქვას ამ კუთხით და აღმოჩენა იყოს. ვგულისხმობ ძირითადად რუსეთს. ჩვენ რა გვაქვს და რამდენი გვაქვს, ალბათ ჩვენზე კარგადაც კი იციან."

ანალიტიკოსის ყურადღებას იპყრობს ამ სკანდალური საქმის კონტექსტში მამუკა მდინარაძის გვარის გამოჩენა, რაც, მისი შეფასებით, პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

  • ედიშერ გვენეტაძე: „ადვოკატი იმის ადვოკატია, რომ თავისი დასაცავი დაიცვას და ყოველი ღონისძიებისგან ცდილობდეს მის გათავისუფლებას. ამიტომ, თუ კიდევ ვინმე დამნაშავე გამოჩნდება ამ სასამართლოზე, მას ბრალი აუცილებლად წაეყენება."

„როგორღაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ კობახიძეზე პირდაპირი იერიშების მიტანას ჯობია, ყველაფერი ეს დაბრალდეს არა კობახიძეს, არამედ მდინარაძეს. ეს უფრო პოლიტიკური სვლაა. კობახიძისთვის გვერდის ავლით ივანიშვილს ეუბნებიან, რომ დღეს თქვენთან პრეტენზიები არ გვაქვს, ოღონდ რაღაცნაირად გვეშველოს. ეს არის მცდელობა, ყველაფერი დაბრალდეს მდინარაძეს და ისე წარმოჩინდეს, თითქოს სანქცირებული ივანიშვილისგან და მით უმეტეს, კობახიძისგან ეს არ ყოფილა ინიცირებული."

მოვლენებს განსხვავებულად აფასებს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე. იგი პროცესებს წმინდა სამართლებრივ ჭრილში განიხილავს და პოლიტიკურ სპეკულაციებს გამორიცხავს. მისი შეფასებით, პროცესის დახურვა კანონით გათვალისწინებული ზომაა, ხოლო სასამართლო მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი შტო.

„სასამართლო იმისათვის არის სასამართლო, რომ გამოიძახონ მოწმეები, ბრალდებული და ა.შ. ვერ ვიტყვი რა და როგორ იქნება, თუმცა ადვოკატი იმის ადვოკატია, რომ თავისი დასაცავი დაიცვას და ყოველი ღონისძიებისგან ცდილობდეს მის გათავისუფლებას. ამიტომ, თუ კიდევ ვინმე დამნაშავე გამოჩნდება ამ სასამართლოზე, მას ბრალი აუცილებლად წაეყენება.

„ახალ საოცრებებსა და სკანდალებს მე არ ველი. სასამართლო არის მესამე დამოუკიდებელი ხელისუფლება და სასამართლოში ჩარევის უფლება არავის აქვს. სასამართლო პროცესის დახურვის მიზეზად სახელმწიფო საიდუმლოებების გაჟღერების ალბათობას ვხედავ. მოსამართლის პრეროგატივაში მე ვერ ჩავერევი", - „რეზონანსთან" აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×