
გაზის გადასახადთან დაკავშირებით მიდგომა იცვლება. უკვე ცნობილია, რომ საფეხურებრივი ტარიფები დაწესდება, მაგრამ რა უნდა იყოს გაზის ტარიფის ქვედა ზღვარი, რომ მან რეალურად დაიცვას სოციალურად დაუცველი და მოსახლეობის ხელმოკლე ფენა? რამდენად შესაძლებელია ამ სქემის ეკონომიკურად გამართლება? - ამ კითხვებზე პასუხებიც უახლოეს თვეებში თითოეული ოჯახის ბიუჯეტისთვის გადამწყვეტი იქნება.
სპეციალისტებს ამ ეტაპზე შეფასება უჭირთ, რასაც თავისი ახსნა აქვს. საფეხურებრივი ტარიფის შესაძლო შემოღების მიღმა ეკონომიკური ლოგიკის ნაცვლად, ხშირად სოციალურ-პოლიტიკური გათვლები დგას, რაც საბოლოოდ მაინც მომხმარებლის ჯიბეზე აისახება. არსებულ გამოწვევებსა და ტარიფის დაანგარიშების ბუნდოვან მექანიზმებზე „ბიზნეს-რეზონანსთან“ ენერგეტიკისა და ინჟინერიის საკითხების ექსპერტმა სოსო სიმონიშვილმა ისაუბრა:
„ხელისუფლებისა და მთავრობის მთავარი სურვილია, მოსახლეობისგან რაც შეიძლება მეტი შემოსავალი ამოიღონ. იმავდროულად, გარკვეულწილად უფრთხიან დაბალშემოსავლიანი ფენის მეტისმეტად გაღიზიანებას, რათა საზოგადოებრივი უკმაყოფილება არ გამოიწვიონ. შესაბამისად, მიდგომა ასეთია: ვინც ნაკლებს ხარჯავს, ნაკლებს გადაახდევინებენ.
ჯერ ნიადაგს მოსინჯავენ - თუ სოციალურ ქსელებში მწვავე პროტესტი გამოჩნდა ან ხალხი ქუჩაში გამოვიდა შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღება გადაიდოს. ცხადია, საერთო ინფლაციის ფონზე ყველაფერი ძვირდება და გაზის გაძვირებასაც თითქოს თავისი ლოგიკა აქვს. ალტერნატივა ელექტროენერგიის გამოყენებაა, თუმცა ეს კიდევ უფრო ძვირი ჯდება, შესაბამისად, მომხმარებლისთვის გამოსავალი, პრაქტიკულად, არ ჩანს“, - აღნიშნა სიმონიშვილმა ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება ტარიფის ქვედა ზღვარს, ეკონომისტი ფიქრობს, რომ არსებული მეთოდოლოგია ამას არ ცნობს და ამიტომ გაურკვეველია, რის მიხედვით დაიანგარიშებენ მას, როცა არანაირი მსგავსი გათვლა აქამდე არ გაკეთებულა.
,,თავის დროზე, როდესაც საგადასახადო ტვირთის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფებთან კვლევას ვატარებდით და ვიკითხე, თუ როგორ იანგარიშებდნენ საგადასახადო ტვირთს, პასუხად მივიღე, რომ ამას რეალურად არავინ ითვლის! ასეთ სიტუაციაში პროცესების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან დადგენილი და გამჭვირვალე მეთოდოლოგია, უბრალოდ, არ არსებობს.
პირადად მე საფეხურებრივი ტარიფის შემოღებას მხარს ვერ დავუჭერ. ჯანსაღი საბაზრო კონკურენციის პირობებში წესი ასეთია: რაც უფრო მეტს ყიდულობ, ერთეულის ფასი მით უფრო იაფი უნდა იყოს. აქ კი ყველაფერი უკუღმა ხდება და პროცესი სრულად აცდენილია ეკონომიკურ კანონზომიერებებს. ტარიფებს სოციალური არგუმენტებით საზღვრავენ, რის გამოც საბოლოოდ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზარალდება. ეს სრულიად ლოგიკას მოკლებული და დაულაგებელი სიტუაციაა,“ - აღნიშნა სიმონიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
ენერგეტიკოს გია არაბიძის ვარაუდით კი, ბუნებრივ აირზე საფეხურეობრივი ტარიფის შემოღება შეიძლება ქვეყნის მიერ ძვირად ღირებული იმპორტირებული გაზის შესყიდვის კომპენსირებას უკავშირდებოდეს.
„ჩვენ არ ვიცით იმ ახალ ოცწლიან ხელშეკრულებაში, როდესაც ჩვენ აზერბაიჯანიდან უნდა მივიღოთ 500 მილიონი კუბური მეტრი შეღავათიანი აირი წლის განმავლობაში, რა ფასად მოდის. მეტ-ნაკლებად ჩვენთვის ცნობილია, დავუშვათ, სამხრეთ კავკასიიდან ოფციური გაზის რაოდენობა და მისი ტარიფი. არ გამოვრიცხავ, ახლა უკვე უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს სახელმწიფოს და მისი კომპენსირება სჭირდება“, - განაცხადა არაბიძემ.
გაზის საფეხურებრივი ტარიფის შესაძლო შემოღებასა და მოსალოდნელ გამოწვევებზე საუბრისას, სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმპორტირებული ენერგორესურსების სპეციფიკასა და მოსახლეობის სოციალურ დაცვის აუცილებლობაზე. ექნება თუ არა ახალ მოდელს ეკონომიკური ეფექტი და როგორ უნდა დარეგულირდეს პროცესი, რომ დაბალშემოსავლიანი ფენა არ დაზარალდეს? ამ საკითხებზე „ბიზნეს-რეზონანსთან“ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ ისაუბრა.
„პრინციპი იგივეა, რაც არის საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ელექტროენერგიის მოხმარებაზე - ვინც მეტს მოიხმარს, ის მეტს გადაიხდის. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველო არ არის მწარმოებელი და მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, შესაბამისად, გლობალური მასშტაბით ფასის დინამიკა შიდა ბაზარზეც ახდენს გავლენას. მთავარია, როგორ განისაზღვრება ტარიფი შედარებით დაბალშემოსავლიანებისთვის და სოციალურად მძიმე ტვირთი ხომ არ იქნება. ეს ჯერ კიდევ რიტორიკული კითხვაა, რადგან არ ვიცით ზუსტი პარამეტრები, თუმცა ფაქტია, რომ მოგვიწევს უფრო მეტად ეკონომიის რეჟიმში ცხოვრება. სანამ საქართველოს არ ექნება საკუთარი ენერგორესურსი ჰიდრორესურსების ხარჯზე, მოგვიწევს ანგარიში გავუწიოთ გლობალურ პროცესებს და იმ თავისებურებას, რაც ახასიათებს ფასწარმოქმნას ენერგომატარებლებზე.
რაც შეეხება ქვედა ზღვარს, სემეკის ნაცვლად ვერ გეტყვით, მოსახლეობის რა ნაწილი აღმოჩნდება აღნიშნულ კატეგორიაში. თავის დროზე, საბჭოთა პერიოდში, მაშინდელი ყაზბეგის მოსახლეობას თითქმის უფასოდ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი და ვისაც არ დაეზარა, სოფლებშიც კი სათბურები შექმნეს და თბილისშიც ყველაზე ნაადრევი კიტრი ყაზბეგიდან შემოდიოდა. ეს ეპოქა დასრულდა, ყველაფერს ფასი ადევს და უნდა ვისწავლოთ სახსრების რაციონალური გამოყენება. როგორი იქნება და რა პარამეტრებში ჩაჯდება, წლის ბოლომდე გაირკვევა. მთავარია, რომ სემეკმა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ინტერესები არ დაზიანდეს,“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში. მიღებული კანონპროექტის თანახმად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები საფეხურეობრივი ხდება და ის მოხმარებული მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.