ნატალია ჯვარიძე
02.11.2026

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი დასრულდა, საბოლოო შედეგებით გამარჯვება ილიანა იოტოვამ მოიპოვა. ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ იოტავამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 57.57 პროცენტი მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი გიუროვმა კი - 39.48 პროცენტი. ბულგარელი ამომრჩევლების 2.9 პროცენტმა კი ხმა არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცა.

არჩევნების პირველი ტური 25 ოქტომბერს გაიმართა, სადაც 27 კანდიდატი მონაწილეობდა. პირველ ტურში აქტივობამ სულ რაღაც 23% შეადგინა. ილიანა იოტოვამ ხმათა 34.8% მიიღო, ხოლო ანდრეი გიუროვმა - 31.95%. ვინაიდან 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა ვერ გადალახა. ამიტომ 1 ნოემბერს განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა.

საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული საპრეზიდენტო არჩევნები ძალზე დაძაბულ ვითარებაში, რეგიონული უსაფრთხოებისა და შავი ზღვის აზენში არსებული გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა.

მედიის ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო კანდიდატების საგარეო პოლიტიკურმა ორიენტაციამ და მოსაზრებებმა: ილიანა იოტოვა წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად უჭერდა მხარს მოსკოვთან დიალოგს და აცხადებდა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი, თუმცა, ამავდროულად ხაზს უსვამდა ბულგარეთის სუვერენიტეტსა და ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის მტკიცე პოზიციას.

არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, ილიანა იოტოვას გამარჯვება ევროპელმა ლიდერებმაც მიულოცეს. კერძოდ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში მიწერა, რომ ქვეყანას ძლიერ ევროპაში ძლიერი ბულგარეთი სჭირდება.

ეს არჩევნები ისტორიული აღმოჩნდა იმ მხრივადაც, რომ იოტოვა ბულგარეთის ისტორიაში პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი გახდა. 62 წლის იოტოვა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის მოკავშირეა. იგი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იანვარში გახდა, როდესაც რადევმა თანამდებობა დატოვა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

მისი მთავარი მეტოქე, ანდრეი გიუროვი მკვეთრად გამოხატული პროდასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული და ატლანტიკური (ევროკავშირისა და ნატოს მტკიცე მხარდამჭერი) პოლიტიკოსია.

არჩევნების ირგვლივ გავრცელებული ცნობებისა და პოლიტიკური მიმოხილვების თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია ორ კანდიდატს შორის არსებულმა ფუნდამენტურმა საგარეო-პოლიტიკურმა განსხვავებებმა განსაზღვრა: ანდრეი გიუროვი აქტიურად უჭერდა მხარს ბულგარეთის ევროატლანტიკური კავშირების გაძლიერებას, ნატოს ფარგლებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინისადმი მკაფიო სამხედრო თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას.

შიდა პოლიტიკაში მისი პლატფორმა ეფუძნებოდა პროდასავლურ რეფორმებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებასა და კორუფციასთან ბრძოლას, რის გამოც მან საზღვარგარეთ მცხოვრები ბულგარელი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

ანდრეი გიუროვმა მარცხი აღიარა და განაცხადა, რომ ბულგარეთის მოქალაქეებმა ასეთი არჩევანი გააკეთეს და რომ შედეგები უნდა მიიღონ ისეთი, როგორიც არის.

ბულგარეთის პრეზიდენტის ფუნქციები დიდწილად ცერემონიალური ხასიათისაა, მაგრამ იგი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია; მას ასევე შეუძლია პოლიტიკური კრიზისების დროს დროებითი მთავრობების დანიშვნა და კანონებზე ვეტოს დადება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×