რეზონანსი
01.11.2026

საპროტესტო აქციები გაიმართა შვეიცარიაშიც - დემონსტრაციებმა ციურიხი და ბაზელი მოიცვა. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს, დააზიანეს ავტომობილები და პოლიციელებს თავს დაესხნენ.

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილს ჰელოუინის ნიღბები ეკეთა. არასანქცირებული აქციის ფარგლებში, დემონსტრანტებმა ნაგვის კონტეინერებისგან, ელექტროსკუტერებისა და სხვა ნივთებისგან ბარიკადები მოაწყვეს, შემდეგ კი მათ ცეცხლი წაუკიდეს.

ქალაქის პოლიციის განცხადების თანახმად, ძალადობისკენ განწყობილი ჯგუფი სამართალდამცველებს ფეიერვერკებს, ქვებსა და ბოთლებს ესროდა. თავის მხრივ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი ნივთიერება და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მედიის ინფორმაციით, არასანქცირებული დემონსტრაციის დროს არეულობა ბაზელშიც მოხდა. ბაზელ-შტადტის კანტონის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში დაახლოებით 150 ადამიანი მსვლელობით გადაადგილდებოდა. მათ შორის, ბევრი ახალგაზრდა იყო.

პოლიციის ინფორმაციით, თავდაპირველად მსვლელობა მშვიდობიანი იყო, თუმცა სენტ-იოჰანსპლაცის მოედანზე დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს, რის შემდეგაც პოლიცია იძულებული გახდა ჩარეულიყო. ცეცხლმოკიდებული ბარიკადების ჩაქრობა მეხანძრეებმა შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს ქონების დაზიანების ცალკეული შემთხვევებიც დაფიქსირდა. შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე შეფერხდა კერძო ტრანსპორტის გადაადგილებაც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×