რეზონანსი
31.10.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში უცხოეთიდან მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი 200-მდე კაფსულა.

მეორე ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ხელბარგის შემოწმებისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო "მეთადონისა" და "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალებები", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×