თამთა ჩაჩანიძე
29.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის მეშვიდე სხდომასაც მწვავე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოსარჩელე მხარის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოპასუხეებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასა და სასამართლო პროცესის სარჩელის ფარგლებს მიღმა წარმართვაში ადანაშაულებდნენ, ოპოზიცია კი მმართველ ძალას პოლიტიკური დევნის, ავტორიტარიზმისა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობას აბრალებს.

სხდომაზე გაგრძელდა „კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას გამოსვლა, რომლის დროსაც კამათი წინა ხელისუფლების შეფასებასა და სასამართლო სისტემის საკითხებს შეეხო. მოგვიანებით ტრიბუნა „ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებს დაეთმოთ. ბადრი ჯაფარიძემ პარტიების აკრძალვის შესაძლო შედეგებზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ევროპულ კურსზე ისაუბრა, რუსეთის ავტორიტარიზმზე გიორგი სიორიძის განცხადებას კი არჩილ გორდულაძის პროტესტი მოჰყვა. სხდომის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ჩაერია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც, რომელიც მხარეებს მოუწოდებდა, განხილვის საგნის ფარგლებს არ გასცდენოდნენ.

კონკრეტულ დაპირისპირებებს რაც შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური „კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის რეპლიკას მოჰყვა. მან თქვა, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე სასამართლოს მუშაობის ჩარჩოებს უწესებდა და მოსამართლეებს პროცესის მიმდინარეობისას საკუთარ მოთხოვნებს კარნახობდა.

„ბატონო არჩილ, თქვენ ყოფილიყავით მოსამართლე. მე ვხედავ ბატონ არჩილ გორდულაძეს, როგორც მომავალი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს", - მიმართა კოპალეიშვილმა გორდულაძეს, რასაც დარბაზში ხმაური და რეპლიკები მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ანა წითლიძემ კი წამოიძახა: „ფუი ეშმაკს".

მომხდარს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია გამოეხმაურა. მან კოპალეიშვილის განცხადებას „არაადეკვატური შეფასება" უწოდა და აღნიშნა, რომ მტკიცება, თითქოს გორდულაძე სასამართლოს კარნახობს, როგორ იმოქმედოს და ვის მისცეს სიტყვა, სასამართლოს შეურაცხყოფაა.

სასამართლოში „ლელოს" წარმომადგენლის გიორგი სიორიძის განცხადებას, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს რუსეთის ავტორიტარულ მისწრაფებებზე წინ გასწრების პრეცედენტი, არჩილ გორდულაძის პროტესტი მოჰყვა.

„ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიმშვიდოს და ისე გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, ოღონდ აქ არა - გარეთ. ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ", - მიმართა გორდულაძემ სიორიძეს.

სიორიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია თავად საკონსტიტუციო ძალებად წარმოაჩენენ.

„მე არა თუ შეფასება მიწევს, მე მიწევს იმის დასაბუთება, რომ ავტორიტარულია მხარე და ეს შეურაცხმყოფელი თუ არის მათთვის, თვითონ სარჩელია ჩვენთვის შეურაცხმყოფელი", - განაცხადა სიორიძემ.

  • არჩილ გორდულაძე: „ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიმშვიდოს და ისე გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, ოღონდ აქ არა - გარეთ. ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ"

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიორიძის განცხადება ავტორიტარიზმთან დაკავშირებით არაეთიკურად შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეფასებების გაკეთება სასამართლო დარბაზის გარეთ შეეძლო.

„ამ შეფასებებში სასამართლო სხდომის დარბაზს გარეთ თავისუფალი ხართ", - მიმართა ნადარაიამ სიორიძეს.

„ლელოს" გამოსვლა

საკონსტიტუციო სასამართლოში ტრიბუნა „ლელო - ძლიერ საქართველოს"დაეთმო, პარტიის თანათავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. გორდულაძემ ჯაფარიძის განცხადებები პოლიტიკურ შეფასებად მიიჩნია და სასამართლოს კვლავ მოუწოდა, მსჯელობა სარჩელის ფარგლებში დაებრუნებინა.

ჯაფარიძემ საპასუხოდ თქვა, რომ გორდულაძე თავად გამოირჩევა შეურაცხმყოფელი განცხადებებით და ოპოზიციის წარმომადგენლებს „ხანდაზმულ თაღლითებს" უწოდებს.

„ასეთი ადამიანისგან შენიშვნას ვერ მივიღებთ", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გორდულაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ ჯაფარიძეს ამ საქმეზე სამივე ინსტანციაში წაგებული აქვს, რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა: „არ გვაქვს წაგებული, დაელოდეთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას".

სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ დარბაზში მსგავსი ტერმინი არ გაუგია და მხარეებს მოუწოდა, სარჩელის არსზე ემსჯელათ.

ბადრი ჯაფარიძემ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სარჩელის შესაძლო გავლენაზე საქართველოს სუვერენიტეტსა და საგარეო კურსზე და განაცხადა, რომ მისი დაკმაყოფილებით შესაძლოა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კონსტიტუციურ ვალდებულებად იქცეს, ხოლო ოკუპანტის კრიტიკა ანტიკონსტიტუციურად შეფასდეს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვით „ოცნება" კონსტიტუციური გადატრიალებისთვის ნიადაგს ამზადებს და ამომრჩეველს პოლიტიკურ არჩევანს ართმევს.

„დღეს „ქართული ოცნება" თავისი სარჩელით ცდილობს აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ლელო" წლებია პოლიტიკური დევნის სამიზნეა, ხოლო პარტიის მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფაა.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით არა რომელიმე პარტიის დასაცავად, არამედ იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ პარადოქსი უწოდა იმას, რომ „ქართული ოცნება", რომელმაც მისი თქმით, 2022 წელს თავად შეუწყვიტა საპარლამენტო მანდატი, დღეს პარლამენტში არშესვლის გამო მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

„ადამიანები, რომლებმაც 2022 წელს პირადად მე, პირდაპირი დავალებით, საპარლამენტო მანდატი შემიწყვიტეს, დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას მიყენებენ!" - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან პარალელი 1991 წლის მოვლენებთანაც გაავლო და აღნიშნა, რომ მაშინაც და ახლაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალები ებრძვიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

გვარამიას გამოსვლა

მანამდე, სხდომაზე ნიკა გვარამიას გამოსვლას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების წევრობით ამაყობს, თუმცა ტელეკომპანია „იმედში" განვითარებული პროცესებით - არა.

„ქართული ოცნების" წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ მოსამართლეს მოუწოდა, გვარამიასთვის სიტყვა შეეწყვეტინებინა და სხდომა სარჩელის განხილვის ფარგლებში დაებრუნებინა. მისი თქმით, სასამართლო გვარამიას პირადი შეხედულებების გამოხატვის პლატფორმად არ უნდა ქცეულიყო.

  • გვარამია:„სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება"

გვარამიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარე თავად აძლევს მას პოზიციის განმარტების შესაძლებლობას, შემდეგ კი ამის გამო პროტესტს გამოთქვამს.

„ვერავინ განმისაზღვრავს, ჩემი პასუხის რომელი ნაწილი უნდა ვთქვა და რომელი - არა", -აღნიშნა მან და დასძინა: „ვამთავრებ უკვე - ამდენი საამაყოც არ მაქვს".

სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გორდულაძის პროტესტი სამართლიანად მიიჩნია და გვარამიას მიმართა:

„ის, რომ განათლების რეფორმით ამაყობთ, ის, რომ თანამდებობიდან რომ გადადექით იმისთვის, რომ ხელფასი არ გყოფნიდათ, ამით ამაყობთ, ეს ასე უნდა იყოს და განსაკუთრებული საამაყო ამაში არაფერი არ არის!"

გვარამიამ მმართველი პარტიის აკრძალვის საკითხიც დააყენა და განაცხადა, რომ მოსარჩელის მიერვე შემოთავაზებული კრიტერიუმებით, აკრძალვას თავად „ქართული ოცნება" ექვემდებარება.

„სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვა არა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციების, არამედ მათი ამომრჩევლების უფლებებსაც დააზიანებს და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის.

  • რევაზ ნადარაია გვარამიას: „მე მოსამართლეების კორუმპირებულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. საკითხს აყენებთ პროვოკაციულად. პირველ რიგში, სასამართლო სისტემას ეცით პატივი!"

დაპირისპირება ვეტინგის საკითხზეც გაგრძელდა. გვარამიამ განაცხადა, რომ კორუმპირებული მოსამართლეები სისტემიდან უნდა გათავისუფლდნენ და ვეტინგის მიზანიც სწორედ ასეთი მოსამართლეების გამოვლენაა.

„თქვენ არ ეთანხმებით, რომ კორუმპირებული მოსამართლეები სისტემიდან უნდა იყვნენ გაშვებულები?" - მიმართა მან ნადარაიას.

სასამართლოს თავმჯდომარემ გვარამიას პასუხი შეაწყვეტინა და მოუწოდა, სასამართლო სისტემის მოწყობაზე მსჯელობა შეეწყვიტა.

„მე მოსამართლეების კორუმპირებულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. საკითხს აყენებთ პროვოკაციულად. პირველ რიგში, სასამართლო სისტემას ეცით პატივი!" - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×