რეზონანსი
29.10.2026

„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ჟურნალისტი ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მორიგი პროცესი საქალაქო სასამართლოში 15 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

„საპროცესო შეთანხმება არ მქონია ან რა საპროცესო გარიგებაზე მიმართვა, სამშობლოს ღალატთან საპროცესო გარიგება როგორ შეიძლება? სამშობლოს ღალატთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას.

„იურიდიულ ნიუანსებში ვერ შევალ. გეტყვით იმას, რომ 4000-ლარიანი გირაოთი გამომიშვეს. მე ვარ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. მე არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ როგორც იტყვიან, გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საპროცესო შეთანხმება არ მქონია. ციხიდანაც გამომაგდეს და სასამართლოდანაც," - განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.

  • „არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ როგორც იტყვიან, გამომაგდეს გარეთ"

ჟურნალისტის თქმით, მისი გათავისუფლება ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის პროფესიონალიზმის, საზოგადოების მხარდაჭერისა და საერთაშორისო ზეწოლის ერთობლივმა შედეგმა მოიტანა.

„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგას გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ."

დიტო ჩუბინიძემ ცალკე გააკეთა კომენტარი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე და აღნიშნა, რომ მასთან პირადი ან პოლიტიკური კავშირი არ გააჩნია, ხოლო შექმნილი სიტუაციით პოლიტიკოსებმა ისარგებლეს.

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია. კი არ ვლანძღავ და ვუპირისპირდები. პოლიტიკოსია და კარგად გათვალა სიტუაცია, თემის ასაწევად კარგად გამოიყენა ეს სიტუაცია. მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ..."

ჟურნალისტს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის მუხლით წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ჟურნალისტი მედიასაშუალებებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.

„ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის - ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით". - საქართველოს გენერალური პროკურატურა.

თამარ ოყუჯავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×