რეზონანსი
29.10.2026

ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22, ხოლო მოლდოვაში - 8 პარტია. რაც შეეხება ევროპას, ბოლო ათწლეულში აიკრძალა 150 პარტია, თუ ეს ყველაფერი ევროპაში დემოკრატიის უკუსვლას არ იწვევს, საქართველოში რატომ იწვევს? - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის ალენ ბერსეს განცხადების შეფასებისას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პარტიების აკრძალვის საქმე სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.

იონათამიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ აქამდეც ბევრი საქმე წასულა, თუმცა ყველა შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა.

"ჩვენ გვახსოვს ბატონი ბერსეს სრულიად სხვა შინაარსის განცხადება სულ რაღაც 1 კვირის წინ და ახლა როგორც ჩანს ის აღმოჩნდა ზეწოლის მსხვერპლი და ამან გამოიწვია მისი ტრანსფორმაცია. უკეთესი იქნება იმაზე ილაპარაკოს ამ 1 კვირაში რა ხდებოდა მის თავს, რამაც მისი ფერისცვალება გამოიწვია.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, აქამდეც ბევრი საქმე გვინახავს სააკაშვილებზე, გვარამიებზე, რუსთავი 2-ზე, როდესაც ისინი ყოველჯერზე დიდი ანგარიშით დამარცხდნენ საქართველოს წინააღმდეგ. აქაც შედეგი იგივე იქნება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×