რეზონანსი
29.10.2026

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამის დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საქმეზე ხელახალი, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და ნივთმტკიცებები ამოიღეს, გაუჩინარებული ახალგაზრდის მამამ მის მიმართ აგრესია და სოციალურ ქსელებში ბულინგი დაიწყო.

ადვოკატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინარჩუნებს უდანაშაულობის პრეზუმფციას და წინასწარ არავის ადანაშაულებს, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი ზეწოლა ვერ შეაჩერებს და საქმე აუცილებლად ბოლომდე მივა.

"ნამდვილად მამა და მამიდა მოვიდნენ აქციაზე და ამან გარკვეულწილად იმედები გამიჩინა, რომ ეს ადამიანები აპირებენ ჩემთან კომუნიკაციას, ჩემთან თანამშრომლობას, თუმცა ამას წინათ, ახლახან გადმომიგზავნეს, თუ ამ აქციის შემდეგ როგორ საკმაოდ ნეგატიურად საუბრობს ჩემთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მამას, რომ მე ვიცავ მისი შვილის ინტერესებს. მე მისი ინტერესებს არ ვიცავ და მე ვარ ადამიანი, რომელიც ვაკეთებ ყველაფერს, რომ საქმე იქნეს გამოძიებული. 

აქამდე, 12 წლის განმავლობაში კითხვებს არ სვამს – რატომ არ იყო ჩატარებული გამოძიება? ახლა რომ ამოიღეს ტელეფონი, გურამ დადიანიძის ტელეფონი აქამდე სად იყო გამოძიება? გურამის კომპიუტერი რომ ახლა ამოიღეს, აქამდე სად იყო გამოძიება? მთელი რიგი ინფორმაცია რომ ახლა ამოიღეს და ექსპერტიზები დაინიშნა, აქამდე სად იყო გამოძიება? აქამდე ბედნიერი იყო ეს ადამიანი, რომ გამოძიება არ მიმდინარეობდა, აქამდე

კმაყოფილი იყო და ახლა ჩემი გამოჩენის შემდეგ, რომ დაიწყო გამოძიება, ამიტომ ჩემზე არის ნაწყენი და მე უნდა მლანძღოს „ტიკ-ტოკის“ ლაივებში სხვადასხვა პირებთან საუბრის დროს. ეს ხომ სირცხვილია, ეს ხომ მიუღებელია? მაშინ როდესაც სიკეთეს ვაკეთებ უანგაროდ, მისი შვილისთვის ვაკეთებ პირველ რიგში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მამა კი არა, ვინც არ უნდა დადგეს ჩემს წინააღმდეგ, როდესაც მე მჯერა, რომ ვემსახურები საზოგადოების ინტერესს ვერავინ და ვერაფერი ვერ გამაჩერებს. მამის ლანძღვა კი არა, ჯარი რომ დამიდგეს წინ, ისინიც კი ვერ გამაჩერებენ და მაინც ეს საქმე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა დროც არ

უნდა გაგრძელდეს, აუცილებლად მივა ბოლომდე, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ვისი დანაშაულიც კი დადასტურდება, ის მიეცემა პასუხისმგებლობაში კანონით დადგენილი წესით. რა თქმა უნდა, მე ამას არ ვწყვეტ, ჩემი მოვალეობა ამ შემთხვევაში არის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე.

თუმცა, მე რა მცირე როლიც მაქვს ამ შემთხვევაში, მე ჩემი უფლებამოსილების ფარგლებს ძალიან ეფექტურად გამოვიყენებ, ამას გპირდებით ყველას. 

არანაირი ბულინგი, არანაირი რაღაც „ფეიკ“ ანგარიშებით, არანაირი რაღაც აბსურდული პოსტების წერა ვიღაც პირების მხრიდან, დაინტერესებული პირების მხრიდან, მე ვერ გამაჩერებს, პირიქით, ეს არის დამატებითი მოტივაცია ჩემთვის და აუცილებლად ყველა კითხვას კიდევ ვიმეორებ, პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ადვოკატმა გადაცემა "360 გრადუსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×