რეზონანსი
28.10.2026

ბრაზილიელი ინტერნეტვარსკვლავი, ჯიქეი,  ქართველი მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი ამპლუით წარდგა - ის ქართული მეგაპროექტის, „ნიჭიერის“,  ჟიურის წევრია. ჟესიკა კაიანე, რომელიც მილიონობით ადამიანმა იუმორისტული ვიდეოებით, გამორჩეული სტილითა და ექსტრავაგანტური პერსონით გაიცნო, საქართველოში ჩამოვიდა, რათა პროექტის მონაწილე ნიჭიერი ადამიანები შეაფასოს.

მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჟესიკა კაიანე როშა დე ვასკონსელოსი. ბრაზილიაში ის უბრალოდ არის GKAY - ქალი, რომელმაც საკუთარი სახელი ციფრული ეპოქის ერთ-ერთ ცნობად ბრენდად აქცია. მისი ისტორია სულაც არ დაწყებულა ფუფუნებითა და მილიონებით. კარიერის დასაწყისში ჟესიკა ფლაერებს არიგებდა, მაღაზიაში მუშაობდა და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

„სარკემ“ ექსკლუზიურად ჩაწერა ბრაზილიელ ვარსკვლავთან ინტერვიუ, რომელშიც ჟესიკა თავის ცხოვრებასა და საქართველოში გატარებული დღეების ემოციებს გვიზიარებს.

"ჩემი ოჯახი ყოველთვის იყო ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობების. ოჯახის წევრებს შორის პირველი ვიყავი, ვისაც სწავლის საშუალება მიეცა და მივიღე უმაღლესი განათლება; პირველი ვიყავი ოჯახში, რომელსაც ჰქონდა კარგი სამსახური კარგი ხელფასით. ჩემი ოჯახი ახლაც ღარიბია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ვეხმარები. ზოგადად ჩემ ირგვლივ ბევრს უჭირს ფინანსურად.

ინტერნეტით გავხდი ცნობილი. ვდებდი ვიდეოებს ჩემს ცხოვრებაზე. ხალხი მიცნობდა, მაგრამ ფული მაინც არ მქონდა, ანუ ინტერნეტის სამუშაო არ მაძლევდა ფინანსურ შემოსავალს. მერე ნელ-ნელა დაინტერესდა ჩემით ტელევიზია და  პოპულარობას უკვე ფინანსებიც მოჰყვა. დღეს ვფიქრობ, რომ მე ვარ უკვე არტისტი, ხელოვანი, მაგრამ ყველაფერი დავიწყე, როგორც ინფლუენსერმა.

როცა დავიწყე, არ ვიცი, რა დავარქვა ამას, გადაცემა თუ რაღაც ვიდეოები ინტერნეტში, ვყვებოდი ჩემს ყოველდღიურობაზე შეულამაზებლად და იუმორით. ყოველდღე ვიღვიძებდი და ჩემს ცხოვრებას ვუჩვენებდი ხალხს, ყველაფერი იყო იუმორით ნაჩვენები და ამით შევუყვარდი ყველას. 20 მილიონი ადამიანის გულის მოგება ნამდვილად არ იყო ადვილი. 10 წელი დავხარჯე, რომ ნელ-ნელა აქამდე მოვსულიყავი.

დიდი სიხარულით დავთანხმდი „ნიჭიერის“ ჟიურის წევრობას, რადგან ასე უფრო ფართოდ გავიცნობდი ამ ქვეყანას თავისი ნიჭიერი ადამიანებით.  საქართველოში უკვე ნამყოფი ვარ ორჯერ. მე აქ ძალიან კარგი მეგობრები მყავს.

ნიჭიერით“ ძალიან ნასიამოვნები ვარ. გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ ამ ქვეყანაში ამდენი ახალგაზრდა და პატარა ასაკის ადამიანია ნიჭიერი. ამ პროექტმა მომცა იმის საშუალება, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მთელი ქვეყანა გამეცნო. ალბათ სხვა შემთხვევაში წლები დამჭირდებოდა, რომ ქართული კულტურა ასე საფუძვლიანად გამეცნო.

ყველაზე მეტად, რაც ჩემზე ახდენს შთაბეჭდილებას, ეს არის ქართული მუსიკა. ყოველ ჯერზე, როცა ქართულ მუსიკას ვუსმენ, ის მამოგზაურებს, რაღაც ძალიან ღრმა და დიდ ემოციებს იწვევს ჩემში. ეს არის მუსიკა, რომელიც გაფიქრებს, რომელსაც გადაჰყავხარ სხვა სამყაროში და ამიტომ ჩემთვის ძალიან დასაფასებელია.

_ ჩემი ჟიურის წევრები ძალიან მიყვარს. მათ საოცრად თბილად მიმიღეს. ყველანი მეხმარებოდნენ და ახლაც მეხმარებიან, ცოტ-ცოტას ქართულს მასწავლიან. განსაკუთრებით ნუცასთან (მომღერალი ნუცა ბუზალაძე) მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა. ის ნამდვილად ჩემი დიდი მეგობარია და ჩემ მიმართ საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანია. ძალიან მიყვარს მათთან ყოფნა. ყოველთვის კარგ ხასიათზე, მხიარულები არიან, ყველაფერს მიზიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ენობრივი ბარიერი მაქვს. წამყვანმა თიკა ფაცაციამ ცოტა ქართული ცეკვა მასწავლა და ეს ძალიან მახარებს.

ჩემთვის მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება პატივისცემის უნარია და ვხედავ, რომ ქართველი მამაკაცები ამ თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევიან. ყველა მამაკაცი, ვისთანაც აქ ყოფნისას მქონია ურთიერთობა, ძალიან კარგად მექცევა. ჩემ მიმართ დიდი პატივისცემით არიან განწყობილი. ეს კიდევ უფრო მიძლიერებს აღფრთოვანებას ზოგადად ქართული კულტურისა და ქართველი მამაკაცების მიმართ", - განაცხადა ჟესიკა კაიანემ.

ჟურნალი "სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×