
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი, რომლითაც გაზისა და წყლის ტარიფიც ისეთივე დიფერენცირებული იქნება, როგორიც ელექტროენერგიის შემთხვევაშია. მართალია, საბოლოოდ, პარლამენტმა ახალი ტარიფის დადგენის ვადად 2036 წლის 1-ლი იანვარი განსაზღვრა, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებას ეს ცვლილება ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფის გასაზრდელად სჭირდება.
კანონპროექტით სემეკი უფლებას იტოვებს, ბუნებრივი აირის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაადგინოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის. იცვლება ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფის დათვლის წესი. არსებული წესით, ბუნებრივი გაზის ტარიფი ფიქსირებულია მოხმარების რაოდენობის მიუხედავად. ცვლილების შემდეგ საბაზისო მოხმარება იქნება შედარებით იაფი და ფინანსურად ხელმისაწვდომი, ხოლო ჭარბი მოხმარების შემთხვევაში იმოქმედებს განსხვავებული ტარიფი, რაც მოსახლეობას ენერგორესურსებისა და წყლის დაზოგვისკენ წაახალისებს. 2038 წლის 1-ელ იანვრამდე გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით დადგინდება განსხვავებული ტარიფები.
ამასთან, კანონპროექტით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში იცვლება ნორმა, რომელიც არეგულირებს ცალკეულ წყალმომარაგების ტარიფებსა და მათი დადგენის წესს გარდამავალ პერიოდში, კერძოდ, კანონის 163-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების შედეგად წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილი იქნება ნაცვლად 2027 წლის 1-ლი იანვრისა, 2036 წლის 1-ელ იანვრამდე არ გაითვალისწინოს ამავე კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს.
გარდამავალ პერიოდში, სემეკი უფლებამოსილი იქნება: 2036 წლის 1-ელ იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე – ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დაადგინოს მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ სექტორებს შორის განსხვავებული გარდამავალი პერიოდის განსაზღვრა გამოწვეულია განსხვავებული სატარიფო რეგულირების პერიოდით, კერძოდ - წყალმომარაგების შემთხვევაში სატარიფო რეგულირების პერიოდი არის 3 წელი, ხოლო ბუნებრივი გაზისათვის - 5 წელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძირითადი პრინციპებიდან საგამონაკლისო ნორმა წყალმომარაგების სექტორში იმოქმედებს სამი სატარიფო რეგულირების პერიოდის, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი - ორი სატარიფო რეგულირების პერიოდის განმავლობაში.
სემეკში უკვე განმარტეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც წყლისა და გაზის ტარიფების მოხმარების მიხედვით დადგენას ითვალისწინებს, სოციალური გარანტიების გაძლიერებასა და ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას ემსახურება. როგორც სემეკში განაცხადეს, კანონპროექტის მიღების შედეგად, გაგრძელდება გარდამავალი რეგულაციის მოქმედება და კომისიას შეუნარჩუნდება უფლებამოსილება, წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით.
ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ ამ ცვლილებებით, რეალურად, მოსალოდნელია გაზისა და წყლის ტარიფის გაზრდა, სავარაუდოდ, ახალი წლიდან.
„ამ კანონპროექტით, რაღაც მაქინაციას გააკეთებენ, რომ ყველაზე ცოტას ვინც მოიხმარს, ვითომ იმას არ გაეზარდოს ტარიფი. ყველა ქვეყანაში ისეთი მიდგომაა, რომ თუ ბევრ გაზს, წყალს ან დენს მოიხმარ, ნაკლებს იხდი, ჩვენთან საპირისპირო მიდგომა გვაქვს. ფაქტია, რომ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ისე, რომ განმარტებით ბარათში დეტალურად არაფერია გაწერილი.
ზოგადად, ჩვენთან, ბოლო წლებში, მოირღვა სახელმწიფო სისტემა - პარლამენტმა დაკარგა ყველანაირი ფუნქცია, პოლიტიკური დებატების ადგილიც კი აღარ არის. უბრალოდ, ადამიანები მიდიან და თითს აჭერს ისე, როგორც ეუბნებიან. პარლამენტი სავსეა მდიდარი და არაფრის გამკეთებელი ხალხით. სასაცილო არ იყო, როდესაც 8 მილიონერმა ადამიანმა კომისია შექმნეს პარლამენტში და იმაზე მსჯელობდნენ, წიწიბურა 20 თეთრით უნდა გაიაფებულიყო, ასეთივე მდგომარეობაა სხვა საკითხებზეც“, - განუცხადა „რეზონანსს“ მერაბ ჯანიაშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტ რამაზ გერლიანს, რომელიც აცხადებს, რომ ახალი ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუკი სწორად შეირჩევა გაზისა და წყლის ტარიფების დიფერენცირების ზღვარი.
„გაზის შემთხვევაში, ეს ძალიან სათუთი საკითხია, რადგან მოსახლეობის დიდი რაოდენობა არათანაბრად იყენებს ბუნებრივ აირს, ზამთარში პიკური მოხმარების გამო. შესაბამისად, ისეთი ზღვარის დადგენა, რომელიც ზაფხულშიც და ზამთარშიც ერთნაირი იქნება, არასწორია. ამ შემთხვევაში, სწორი მიდგომა იქნებოდა ტარიფის წლიური დიფერენცირება. წარმოიდგინეთ, თუ ზაფხულში, პირობითად, ერთ თვეში 5-10 კუბურ მეტრს გაზს ვიყენებთ, ცხადია, ზამთარში ეს რაოდენობა არ გვეყოფა. ყველაზე მაღალი როცაა ხარჯი, სწორედ მაშინ აღმოვჩნდებით მაღალ ტარიფში. როდესაც დიფერენცირებაზე ვსაუბრობთ, ის ზღვარი, რაც არის დაწესებული, საშუალო, რიგითი ოჯახის მოხმარებიდან და მოხმარების ოდენობიდან უნდა ამოვიყვანოთ.
რაც შეეხება სეზონურობას, თუ პირობითად, დაბალ ტარიფად 100 ერთეულის გამოყენება შემიძლია, ამ 100-დან რაც დამრჩება, იმ დარჩენილის გადატანა უნდა შემეძლოს მაშინ, როდესაც დეფიციტურია გაზი. მაგალითად, თუ 100 ერთეულიდან, ზაფხულში 30 ერთეული გამოვიყენე, დარჩენილი 70 ერთეულის ზამთარში გადატანა უნდა შევძლო. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად შედეგიანი იქნება დიფერენცირებული ტარიფი და მოსახლეობასაც მძიმე ტვირთად არ დააწვება. ვფიქრობ, ასეთი სისტემა ყველაზე რელევანტური იქნება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას რამაზ გერლიანმა.
კითხვაზე, გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას გაზის და წყლის ტარიფები, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არ იცვლება, ხოლო ბუნებრივი აირის შემთხვევაში, სოციალური კომპონენტი შენარჩუნდება და ენერგოეფექტურობის მოდელი დაინერგება.
„აქ საუბარი გვაქვს გაზის მოხმარებაზე, პირველ რიგში, ფიზიკური პირების მიმართ და ასე რომ ვთქვათ, ოჯახების მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებული მიდგომა იქნება, რომ სოციალურ კომპონენტში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, გვინდა, ეფექტურობისა და დაზოგვის საშუალებით ისეთი მექანიზმი გვქონდეს, რომ ენერგია დავზოგოთ“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, წყალარინების დიფერენცირებული ტარიფის წესი უკვე მოქმედებს და ახალი კანონით მისი ვადა 2036 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება. მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ტარიფი დაბალია, ხოლო მაღალი გადასახადი საწარმოებს ეხება. გამოსვლის ბოლოს კი შოთა ბერეკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპასთან შედარებით, საქართველოს დაბალი სატარიფო პოლიტიკა აქვს.