რეზონანსი
27.10.2026

"4 ოქტომბერს თქვენ ელოდებოდით რევოლუციურ პროცესებს და როდესაც რევოლუცია ვერ შედგა საქართველოში, თქვენმა გარე უფროსობამ დაგავალათ, შებრძანდით პარლამენტში, შიგნიდან გვჭირდება დამხმარე ძალა, რომ საბოტაჟი შიგნიდან გაგრძელდესო“, - მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, რასაც, მისი თქმით, როგორც ოპოზიციურ ძალებთან მათი თანამშრომლობა, ისე წარსულში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ადასტურებს.

„2024 წლის არჩევნების წინ თქვენ ქარტიას შეუერთდით, სადაც პირდაპირ ხელი მოაწერეთ, რომ კოალიციას ქმნიდით „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 4 მუნიციპალიტეტში თქვენ კოალიცია შექმენით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 2025 წლის არჩევნებში თქვენ გაგიმესამედდათ ამომრჩევლის რაოდენობა იმიტომ, რომ გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ხელისუფლების ჩამოშლა და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმების მოპოვება იყო. მისი განცხადებით, გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თავად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ელჩებთან კონსულტაციები გამართა.

„საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოზეა. დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სამართლებრივი, ასევე ობიექტური. აუცილებელია, პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს. აგენტურული პარტიების ადგილი საქართველოში, პოლიტიკურ ველში არ უნდა არსებობდეს. ამის შემდეგ მიეცემა უკვე მოტივაცია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ ნაბიჯები გადადგან პოლიტიკაში და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×