
ქართული მოცვისთვის ევროპულ სავაჭრო ქსელებთან პირდაპირი კავშირების დამყარება, ნუშისა და თხილისთვის კი ინდოეთის ბაზარზე ახალი პარტნიორების მოძიება ქართველი მეწარმეების საგამოფენო საქმიანობის კონკრეტული მიზნებია. 2026 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა კომპანიებს საშუალებას აძლევს, პროდუქცია პოტენციურ შემსყიდველებს გააცნონ და სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნები ადგილზე შეისწავლონ. ამ საქმიანობის მთავარი ამოცანა საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიცირება და ქართული პროდუქციისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნაა.
წლის განმავლობაში ქართული აგროსასურსათო პროდუქცია გერმანიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, იაპონიაში, ჩინეთსა და ინდოეთში გამართულ ღონისძიებებზე იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო ორი გამოფენა. ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction, რომელიც მეხილეობის სექტორში საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას ემსახურებოდა, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკაში ქალაქ მუმბაიში გამართული საერთაშორისო გამოფენა Anuga Select India კი ქართულ კომპანიებს ინდოეთის ბაზარზე პარტნიორების მოძიების საშუალებას აძლევდა.
საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction საქართველოს პავილიონში ლურჯი მოცვის მწარმოებელი ცხრა კომპანია იყო წარმოდგენილი: „ჯეოაგრო ისთეითი“, „ნიადაგი ჯგუფი“, „აგროლეინი“, „ჯენტრი ინვესტმენტს“, „აგრითაჩი“, „კოლხური კენკრა“, „აგრო ველი“, „ნამიანი 1“ და „ჯეო ორგანიკს“.
ხილისა და ბოსტნეულის სექტორის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction მონაწილეობა კომპანიებისთვის პროდუქციის წარდგენასთან ერთად სავაჭრო ქსელებთან უშუალო ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა იყო. პირდაპირი კონტაქტები მწარმოებლებს ეხმარებოდა, უკეთ გაეცნობოდნენ შემსყიდველების მოთხოვნებს და განსაზღვრათ, რომელ ბაზარზე შეიძლება ჰქონდეს მათ პროდუქციას განვითარების პერსპექტივა.
გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი ესწრებოდნენ. საქართველოს პავილიონს მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტაც სტუმრობდა.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი ავალიანის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ქართველი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერის ერთ-ერთი მიმართულებაა.
„საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction ქართული წარმოების ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჩვენი მიზანია, ქართველ მწარმოებლებს შევუწყოთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენასა და ახალი პარტნიორების მოძიებაში.“ , - განაცხადა გიორგი ავალიანმა.
ალექსანდრე ჭკუასელის შეფასებით, გამოფენებში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ხარისხისა და საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენას უწყობს ხელს. ელჩის განცხადებით, საელჩო მხარს უჭერს მეწარმეებს პროდუქციის პოპულარიზაციასა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში.
სახელმწიფო მხარდაჭერის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანიის „აგროლეინი“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი გიორგი გოგბაიძეც. მისი შეფასებით, საერთაშორისო გამოფენებზე წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფერმერებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც პროდუქციის ქვეყნის გარეთ გატანას გეგმავენ.
„სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად არის ჩართული გამოფენის ორგანიზებაში და ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია როგორც თითოეული ფერმერისა და მეწარმისთვის, ასევე ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს გიორგი გოგბაიძე.
საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი თორნიკე ფანჯავიძე ყურადღებას ახალი ბაზრების მოძიებასა და არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაზე ამახვილებს. მისი თქმით, გამოფენას კომერციულთან ერთად ტექნიკური მნიშვნელობაც აქვს. მწარმოებლებს შეუძლიათ, გაეცნონ სექტორის შესაძლებლობებს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზები განსაზღვრონ.
„ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მწარმოებლებმა იპოვონ საკუთარი ნიშა უცხოურ ბაზრებზე და საერთაშორისო პარტნიორებთან უკეთესი თანამშრომლობის ჯაჭვი ააწყონ“, - აცხადებს თორნიკე ფანჯავიძე.
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Anuga Select India პირველად მიიღო მონაწილეობა. გამოფენამ, რომელიც აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს აერთიანებს. გამოფენამ ქართულ კომპანიებს ადგილობრივ და საერთაშორისო შემსყიდველებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა.
საქართველოს პავილიონში შვიდმა კომპანიამ: „ხონის პლანტაციებმა“, „ჯეოაგრო ისთეითმა“, „აგრითაჩიმ“, „ნიადაგი ჯგუფმა“, „ჯენტრი ინვესტმენტმა“, „არომა პროდუქტმა“ და „ფარმინგ ქონსთრაქშენმა“ საკუთარი წარმოების მოცვი, თხილი, ნუში და ნატურალური წვენები წარადგინა.
პავილიონი დაათვალიერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა. იგი ქართული კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობებს გაეცნო და მეწარმეებს ინდოეთის ბაზარზე პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
ელჩის შეფასებით, ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარი და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნა ქართული კომპანიებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის.
„დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი გამოფენები ხელს შეუწყობს მეტი კონტაქტის დამყარებასა და მეტი პროდუქტის შეტანას ინდოეთის ბაზარზე“, - განაცხადა ვახტანგ ჯაოშვილმა.
ინდოეთის ბაზარზე შესვლით არიან დაინტერესებული ქართველი მწარმოებლები. კომპანიის „ფარმინგ ქონსთრაქშენის“ დირექტორის, ლევან ქვარიანის შეფასებით, ინდოეთის ბაზარი როგორც ნუშის, ისე კაკლის მიმართულებით საინტერესოა, თუმცა საჭიროა შესაბამისი სავაჭრო მიმართულებების მოძიება და შესწავლა. კომპანია საცდელი ექსპორტის დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამს და რამდენიმე მხარის დაინტერესებაზე საუბრობს.
„მზად ვართ, დავიწყოთ საცდელი ექსპორტი - რამდენიმე მხარე დაინტერესებულია და მზად ვართ, ახალი კავშირები დავამყაროთ, კარგი კონტაქტები მოვიძიოთ და სწორი პრიორიტეტები განვსაზღვროთ.“ — ამბობს ლევან ქვარიანი.
ინდოეთის ბაზართან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს „ნიადაგი ჯგუფს“. კომპანიის დირექტორის, ნიკოლოზ დიდებაშვილის განცხადებით, კომპანია ლურჯი მოცვისა და თხილის კონსოლიდაციასა და ექსპორტს ახორციელებს. საერთაშორისო გამოფენაზე Anuga Select India პირველად მონაწილეობა არსებული საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობად მიაჩნია. მისი შეფასებით, მოცვისა და თხილის მოხმარების ზრდა ამ მიმართულებით ექსპორტის გაზრდის პერსპექტივას ქმნის.
კომპანიის „ჯეოაგრო ისთეითის“ დირექტორი ემზარ ოთხოზორია ახალი ბაზრების მოძიების საჭიროებას საქართველოში მოცვის წარმოების ზრდას.
„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ბაზარი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტულად კი მოცვის მწარმოებლებისთვის. ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოცვის წარმოება იზრდება, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მწარმოებლებისთვის ახალი ბაზრების აღმოჩენა და ათვისება“, - აღნიშნავს ემზარ ოთხოზორია.
2026 წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული პავილიონის წარდგენა იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე PLMA Chicago. ქართველი მწარმოებლებისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება საექსპორტო მიმართულებების გასაფართოებლად.