ქეთო გოგოხია
21.10.2026

ეკონომიკური ზრდის პარალელურად ინფლაციაც მატულობს. ნეგატიური ტენდენციის ფონზე მოსახლეობა პროგრესს ვერ გრძნობს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეკონომიკა, ძირითადად, ტრანზიტისა და საფინანსო სფეროს ხარჯზე იზრდება, სადაც შემოსავალი მხოლოდ მცირე ჯგუფის ხელში იყრის თავს მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოების კლება იმპორტდამოკიდებულებასა და ფასების მატებას იწვევს. საბოლოო ჯამში, მაღალი ინფლაციის წნეხი მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოების უდიდეს ნაწილს და ეკონომიკური ზრდის  მიღწევებს აუფასურებს.

ერთი მხრივ, მთავრობა ეკონომიკური განვითარების ტემპს ეფექტურად უძღვება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს ინფლაციის ჯეროვნად კონტროლს. 

როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.2%-დან 5.4%-მდე, ხოლო მშპ-ს პროგნოზი 6.5%-დან 7.2%-მდე გაზარდა. სების განმარტებით, ინფლაციის პროგნოზის გაიარესება გლობალურ ბაზრებზე გახანგრძლივებულმა ინფლაციურმა წნეხმა განაპირობა, ეკონომიკური პროგნოზის გაუმჯობესების საფუძველი კი მოსალოდნელზე ძლიერი აქტივობაა. ამასთან, 2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა.

სპეციალისტების შეფასებით, ეკონომიკური ზრდა უთანასწოროა, ვინაიდან შემოსავლები, ძირითადად, ტრანზიტისა და საფინანსო სექტორში გენერირდება, სადაც მხოლოდ ვიწრო ჯგუფი მდიდრდება, ხოლო მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ დოვლათზე ხელი არ მიუწვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან“ ეკონომისტმა პაატა შეშელიძემ ისაუბრა. 

„საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, მართლაც მაღალია, თუმცა ეს არ არის ინკლუზიური და ეფექტური, ვინაიდან  მოსახლეობის ფართო ფენების კეთილდღეობაზე არ აისახება. ეკონომიკური სიკეთეები საზოგადოებაში უკიდურესად არათანაბრად ნაწილდება.

საქართველო ბუნებრივად ჩამოყალიბდა სატრანზიტო ჰაბად, საიდანაც სარგებელს მხოლოდ მცირე ჯგუფი იღებს; იგივე ვითარებაა საფინანსო სექტორშიც. ქვეყანაში ფინანსური ნაკადების მატება ვერ უზრუნველყოფს რიგითი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება ინფლაციას, სამომხმარებლო ფასები ისევ იზრდება. განსაკუთრებით დრამატული ვითარებაა ბოლო პერიოდში, როდესაც თითქმის ყველა ადგილობრივი საწარმოო დარგი კლებას განიცდის, თუმცა საერთაშორისო ფინანსური ნაკადები ქვეყანაში მაინც შემოდის და კვლავ არათანაბრად ნაწილდება.

შედეგად ვიღებთ ორმხრივ დარტყმას, როდესაც სახეზეა  ადგილობრივი საქონლის დეფიციტი, რაც ყოველდღიურ პროდუქციას კიდევ უფრო აძვირებს. ამასთან, ადგილი აქვს  ნეგატიურ ტრენდს, როდესაც დამატებითი შემოსავალი მოსახლეობის მხოლოდ მცირე კატეგორიას უჩნდება“, - განუცხადა "რეზონანსს" შეშელიძემ.

ინფლაციის უარყოფით გავლენაზე გაამახვილა  ყურადრება ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა, რომლის შეფასებითაც, სურსათის გაძვირება უდიდესი სოციალური დარტყმაა, რომელსაც პოლიტიკური პოპულიზმითა და „თითის ქნევით“ ვერ ეშველება; საჭიროა ეროვნული ბანკის პროფესიონალური, პოლიტიკურად დამოუკიდებელი და თანმიმდევრული მოქმედება.

„სასურსათო ინფლაცია ყველაზე მძიმედ დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე აისახება, რადგან მათი ხარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ საკვებზე მოდის. პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირებას ობიექტური მიზეზები აქვს (იმპორტი, ლოგისტიკა, ვალუტა) და ბაზარზე ადმინისტრაციული, პოლიტიკური ჩარევა მხოლოდ დეფიციტსა და შავ ბაზარს წარმოქმნის - „თითის ქნევით“ ფასები არ იკლებს.

ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობა ფასების სტაბილურობაა და პასუხისმგებლობის მხოლოდ საგარეო შოკებზე გადაბრალება მიუღებელია. თუნდაც ინფლაცია იმპორტირებული იყოს, სებ-ს აქვს ინსტრუმენტები მოლოდინების შესაკავებლად.

მაღალი იმპორტდამოკიდებულების გამო, მხოლოდ მონეტარული პოლიტიკით დახლებზე ფასებს სრულად ვერ გააკონტროლებ. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლო სებ-ის დამოუკიდებლობა: ნდობის დაკარგვა ავტომატურად ზრდის ინფლაციურ მოლოდინს და ფასებს კიდევ უფრო ზემოთ ეწევა", - განაცხადა ეკონომისტმა ,,რეზონანსთან“.“

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2027 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება, 2027 წლის საშუალო ინფლაცია კი 3.5% იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, სების წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკა წლიურად 6.3%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აგვისტოში საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ ზრდას კვლავ მეტწილად მაღალპროდუქტიული სექტორები განაპირობებს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ანეიტრალებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×