თამთა ჩაჩანიძე
20.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში „ოცნების" სარჩელის განხილვის დაწყებამდე პოლიტიკური დაძაბულობა ახალ ეტაპზე გადადის - ოპოზიცია სასამართლო პროცესისთვის ემზადება, აქტიურდება დიპლომატიურ ფრონტზე და საპროტესტო დღის წესრიგზეც მსჯელობს. პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში დასწრებას გეგმავს, ნაწილი კი ქუჩის აქციებით აპირებს საკუთარი პოზიციის გამოხატვას. ამ ფონზე, პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, გახარიას პარტიამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, მისი კონსტიტუციურობის საკითხი ცალკე საქმედ განიხილონ.

ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდეს, მოწმეების დაკითხვისა და საქმის დეტალური განხილვის ფონზე და საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლოსკენ ან დეკემბერში იქნეს მიღებული. მეორე ნაწილი კი ელის, რომ განხილვა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური დემონსტრაციების ფონზე წარიმართება. შესაბამისად, ყურადღების ცენტრშია როგორც პროცესის შესაძლო ხანგრძლივობა და შედეგი, ისე ოპოზიციის სამოქმედო გეგმა სხდომების დღეებში.

სხდომების დაწყებამდე ასევე ერთი დღით ადრე, საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომ 21, 22 და 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასამართლოს პლენუმი არსებითად განიხილავს პარლამენტის 88 წევრის სარჩელს ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველოს", „ფედერალისტებისა" და „გახარია საქართველოსთვის" - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

სასამართლოს თქმით, სარჩელის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს პარტიები არღვევენ კონსტიტუციას, მათ შორის, მიზნად ისახავენ კონსტიტუციური წყობილების დამხობასა და ძალადობით შეცვლას. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფასა და სხვა გარემოებებზე, რომლებსაც პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების დასადასტურებლად მიიჩნევენ. პარლამენტის წევრები სასამართლოსგან ხუთივე პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას ითხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სარჩელის ავტორთა პოზიციაა და არა სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი ფაქტი.

„მოსარჩელე მხარე - პარლამენტის წევრები - მოითხოვენ, კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებიდან და მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

20 ოქტომბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვა, რომ მისი საკითხი დანარჩენი ოთხი პარტიის საქმისგან ცალკე გამოიყოს და დამოუკიდებლად განიხილონ.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის კონსტიტუციურობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და ხელისუფლებამ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებითა და მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს მათი აკრძალვის მოთხოვნა. პარტიის განცხადებით, ის მონაწილეობდა ყველა საერთო ეროვნულ არჩევნებსა და კონსტიტუციურ პროცესში, ამიტომ მისი სხვა პარტიებთან ერთად აკრძალვის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„გახარია საქართველოსთვის" ამტკიცებს, რომ სარჩელის მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული პარტიების აკრძალვა, არამედ ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური აზრის შეზღუდვაა. ამასთან, პარტია აცხადებს, რომ პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

„მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს და „ოცნებამ" პასუხი გასცეს მისსავე ამომრჩეველს, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით კრძალავს ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას ქვეყანაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა კონსტიტუციურ პროცესში, ყველა საერთო ეროვნულ არჩევნებში, ყველა კომისიაში", - ნათქვამია განცხადებაში.

მისალოდნელი სცენარები

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს შეიძლება ევროკავშირთან ურთიერთობის გამწვავებისთვის და იანვარში დაგეგმილი ევროპული გადაწყვეტილების წინ პოლიტიკური გარემოს შესაცვლელად იყენებდეს.

„ძალიან ბუნდოვანი პროცესი მიდის. მე მგონი, „ქართული ოცნება" ჩამოყალიბებულია, მაგრამ ბოლომდე თქმა არ უნდა და აშანტაჟებს ევროპას. მაშინ, როდესაც ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ იანვარში მიიღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას საქართველოზე, მათ უნდათ ამ იანვრისთვის რაღაცნაირად მოემზადონ. მომდევნო თვეები დაჭირდებათ - მანდ ბევრი მოწმეები უნდა დაკითხონ, მაგრამ თუ ზერელედ მოიკიდებიან, და „ოცნებისგან" ყველაფერი მოსალოდნელია, მაშინ ორ-სამ დღეში შეიძლება დამთავრდეს.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ოცნებას" აკრძალული პარტიების ფონზე შეუძლია ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი ამოიღოს და რუსეთის წინაშე დავალება შეასრულოს"

„მაინც მგონია, რომ „ოცნებას" უნდა, რომ თავად ევროკავშირს ათქმევინოს ჩვენზე უარი. ბევრი ამას არ აკვირდება და ბიძინა ივანიშვილი მაშინ ხდება „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, როცა ევროკავშირი გვაძლევს კანდიდატობის სტატუსს. მას ჰქონდა იმედი, რომ ჩვენ არ მოგვცემდნენ სტატუსს. მერე ღარიბაშვილი გაუშვა. დღეს ღარიბაშვილი წერს წერილებს და ხმა არ ამუღია, რატომ წავიდა რეალურად.

„ქართულ ოცნებას" არ უნდა ევროკავშირი, მაგრამ იცის რა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირი უნდა, ამიტომ სურს, რომ თავად ბლოკმა თქვას უარი ჩვენზე, რათა თავი იმართლოს ამომრჩევლის წინაშე, ყველაფერი გავაკეთე, სუვერენიტეტის დათმობას ითხოვდნენ და არ დავთმეო. ახლა იწყებენ პარტიების აკრძალვის თემას და იანვრისთვის უნდა დაამთავრონ, რათა ევროპამ თქვას, რომ ბოლოს და ბოლოს გეყოთო.

„სამაგიეროდ „ქართულ ოცნებას" აკრძალული პარტიების ფონზე შეუძლია უკვე ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი ამოიღოს და რუსეთის წინაშე დავალება შეასრულოს. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი ნერვულობს და ჰგონია, რომ ივანიშვილი ატყუებს.

„შეიძლება პროცესი მართლაც იანვრამდე გაიწელოს. ფარისევლური და ზედაპირული იქნება პროცესი. ხომ უნდა შექმნან იმიჯი, ვითომ სასამართლო ჩატარდა. ამიტომ ოქტომბრიდან ორი თვე მაინც დაჭირდებათ და თუ აკრძალვაზე მიდგა საქმე, სადღაც დეკემბრის ბოლოსთვის აკრძალავენ, რათა უკვე ევროკავშირის სხვა შანსები არ დაუტოვონ. ყველაზე ვაჟკაცური იქნება, თუ ევროკავშირი იტყვის, რომ, არა, ჩვენ მაინც არ წავართმევთ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციას და მაინც არ დავუკარგავთ კანდიდატობის სტატუსსო, აი, მაშინ მობილიზაცია უნდა მოხდეს და დოყლაპია ოპოზიცია გამოფხიზლდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა ოპოზიციის მხრიდან მორიგ პოლიტიკურ შოუდ გადაიქცევა. მისი შეფასებით, „გახარია საქართველოსთვის" მცდელობა, მისი საქმე ცალკე განიხილონ, იმის წარმოჩენას ემსახურება, თითქოს პარტია რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არ არის.

„ვფიქრობ, ეს „ნაცმოძრაობის" ფლანგიდან უფრო მდარე ხარისხის პოლიტიკური შოუ იქნება, ვიდრე მანამდე გვინახავს. ეს იქნება ფართო საზოგადოებისთვის იმ საცირკო სავალალო მდგომარეობის დემონსტრირება, რომელიც სუფევს რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე. საზოგადოებაში არაერთხელ თქმულა, რომ არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ასეთი დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს და იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე არ ეპაექრება და არ აკრიტიკებს ხელისუფლებას, სადაც ეს ნამდვილად საჭიროა.

„ასეთი ოპონირება საჭიროა ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოში და ჩვენს შემთხვევაში ამ ხუთ პარტიასთან დაკავშირებით ზოგს ჭარბად ახასიათებდა და ახასიათებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობა ღიად, თუ ფარულად და მრავალი ისეთი ქმედება, რომელიც დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება. როდესაც პოლიტიკური პარტია კონსტიტუციას არღვევს, ხალხის საწინააღმდეგოდ იქცევა, მისი ადგილი საჯარო სივრცეში ნამდვილად არაა.

  • გია აბაშიძე: „ვფიქრობ, ეს „ნაცმოძრაობის" ფლანგიდან უფრო მდარე ხარისხის პოლიტიკური შოუ იქნება, ვიდრე მანამდე გვინახავს. ეს იქნება ფართო საზოგადოებისთვის იმ საცირკო სავალალო მდგომარეობის დემონსტრირება, რომელიც სუფევს რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე"

„გახარიას პოლიტიკოსები გამოირჩევიან საკუთარი არაკომპეტენტურობით და ეს განსაკუთრებით ჩანს პარლამენტიდანაც და სხვადასხვა ტელესტუდიებიდანაც. კი, აკეთებენ თვითდამამცირებელ განცხადებებს, რომ თითქოს ცალკე უნდა განიხილონ მათი ქეისი, თითქოს ისინი არ არიან რადიკალური „ნაცმოძრაობის" ნაწილი და ა.შ.

„ტრაგიკომიკური პოლიტიკური შოუ იქნება იმ სამართლიანად ასაკრძალი პარტიების მხრიდან, რომლებიც სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ამ მდგომარეობაში თავად აღმოჩნდნენ საკუთარი დესტრუქციული ქმედებებით და ბოიკოტი იქნება, თუ რაღაც ეპატაჟის მოწყობა, ეს არაფრით არ უშველით,საზოგადოების თვალში თავს კიდევ უფრო დაიმიცირებენ. კანონი იტყვის თავის სიტყვას",- განაცხადა აბაშიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×