
დარწმუნებული ვარ, რომც არ აიკრძალოს არცერთი პარტია, ევროკავშირი ჩვენ მიმართ რიტორიკას არ შეცვლის - არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები [სანქციები] შეიმუშაონ, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის მნიშვნელობა არ აქვს აიკრძალება თუ არა ოპოზიციური პარტიები, რადგან ისინი რიტორიკას არ ცვლიან.
ჭეიშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებს მიზეზი არ სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი გამოიყენონ და სიძულვილის ენით ისაუბრონ.
„სასამართლო პროცესის ჩანიშვნამდეც, ისინი რიტორიკას არ იცვლიან. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ვხედავთ რიტორიკას - ყოველთვიურად ახალი სანქციების პაკეტებს აცხობენ, გვემუქრებიან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, კრიტიკის ქარცეცხლში გვაქცევენ ხოლმე. აიკრძალება თუ არა ეს პარტიები, არ აქვს მათთვის არსებითი მნიშვნელობა, ალბათ, იმიტომ რომ ისინი რიტორიკას არ ცვლიან. დარწმუნებული ვარ, რომც არ აიკრძალოს არცერთი პარტია, ევროკავშირი ჩვენ მიმართ რიტორიკას არ შეცვლის. მიზეზი არ სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვენთან ორმაგი სტანდარტი გამოიყენონ და სიძულვილის ენით ისაუბრონ. სასამართლო პროცესის ჩანიშვნამდეც, საკონსტიტუციო სარჩელის შეტანამდეც კი, არაერთი სასანქციო პაკეტი შეიმუშავეს საქართველოსთან მიმართებაში და არაერთი დასანქცირებული მაღალი თანამდებობის პირი გვინახავს. ის, რომ დღეს სასამართლო პროცესს აბრალებენ ჩვენი ურთიერთობის გაუარესებას, არის არასწორი. სასამართლო პროცესამდეც კი მათი რიტორიკა არ შეცვლილა და პირიქით, ყოველ დღე უარესდებოდა დღევანდელი ევრობიუროკრატიის რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით. ესეც მორიგი შანტაჟის ენა იქნება და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ ვაკეთებთ ეროვნულ-ქართულ საქმეს და შესაბამისად, უკან დახევას არაფრის ფასად ვაპირებთ," - განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.