
ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს, ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის, მტრებზეც... ადამიანისთვის, ვინც მიისწრაფვის სიკეთისკენ, სიწმინდისკენ და ღმერთს სთხოვს შეწევნას, ყველაფერი შესაძლებელია... უნდა ვეცადოთ, გვიყვარდეს ყველა - ჩვენი მოყვარეც, ჩვენი მტრებიც, გვინდოდეს სხვისთვის ის, რაც ჩვენთვისვე გვსურს და ამ სიყვარულის მეშვეობით თვით ღმერთს მივემსგავსებით ,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მტერი არის ადამიანი, რომელიც ჩვენს სულს აზიანებს.
„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს!
სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს სწავლება სიყვარულის შესახებ, მოყვასთან დამოკიდებულების შესახებ.
უფალი ამბობს: „როგორც გინდათ, მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოექეცით მათ" (ლკ. 6, 31). ასეთი მოკლე მოძღვრებაა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანებისადმი და როგორ ვიცხოვროთ საღვთო სჯულით მართებულად. ესე იგი, რაც გინდა, რომ შენ გაგიკეთონ, რაც შენთვის სასურველია, ისე მოექეცი ადამიანებს; და რაც არ გინდა, რომ გაგიკეთონ, ნურც სხვისთვის ისურვებ. ჩვენ, სამწუხაროდ, გვავიწყდება ეს ოქროს წესად წოდებული მცნება, პრინციპი ცხოვრებისა და უფრო ხშირად უდიერად ვიხსენიებთ ადამიანებს, საკუთარი თავის განკითხვა კი გვავიწყდება. თვით განკითხვა ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა სულის გადარჩენისთვის.
შემდეგ უფალი ამბობს: „რა საზღაური გექნებათ, თუ მარტო ახლობლები, ვინც თქვენი მოყვარეა, მხოლოდ ისინი გეყვარებათ?! ამას ხომ წარმართებიც და ცოდვილებიც აკეთებენ?! ასე უყვართ მათ ახლობლებიც, თავიანთი მოყვარულებიც" (ლკ. 6, 32-33), არამედ ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს, ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის, მტრებზეც.
შემდეგ ამბობს უფალი დღევანდელ სახარებაში: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით მათ; და დიდი საზღაური გექნებათ. იქნებით ძენი მაღლისა, ძენი ღვთისა, რადგან მამათქვენი ზეცათა კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც" (ლკ. 6, 35).
რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ვინც უფრო მეტად მიდრეკილი ვართ ბოროტებისკენ, ვიდრე სიკეთისკენ, ძალიან ძნელი შესასრულებელია ეს მცნება მტრების სიყვარულის შესახებ, მაგრამ ღმერთი ხომ არ მოგვცემდა ისეთ მცნებას, რომლის შესრულებაც შეუძლებელია?! ამიტომ ადამიანისთვის, ვინც მიისწრაფვის სიკეთისკენ, სიწმინდისკენ და ღმერთს სთხოვს შეწევნას, ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის, ამ მცნების აღსრულებაც.
ახლა, პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ, ვის ეწოდება მტერი, ვინ არის შენი მტერი. ჩვენ ხშირად მტერს ვუწოდებთ ისეთ ადამიანს, რომელიც სინამდვილეში ასეთი არ არის, არამედ მხოლოდ ნებსით თუ უნებლიეთ რაიმე უსიამოვნება მოგვანიჭა. ეს არ არის მტერი.
მტერი არის ადამიანი, რომელიც ჩვენს სულს აზიანებს, სულის ცხონების საქმეს ხელს უშლის და ებრძვის. ასევე მტერია ის, ვისაც უსამართლოდ ვძულვართ; ცდილობს, წაგვართვას სიცოცხლე, ან ჯანმრთელობა, ან ქონება; ცილს გვწამებს; ცდილობს, დააზიანოს, შელახოს ჩვენი კეთილი სახელი და ამის საჯაროდ გაკეთებასაც არ ერიდება.
რაში უნდა ვლინდებოდეს მტრისადმი სიყვარული?!
ბევრს ესეც ეშლება და ჰგონია, რომ რაღაც ტკბილი, სასიამოვნო გრძნობები, ემოციები უნდა გვქონდეს. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მტრის სიყვარული თვისებაა და არა გრძნობა. ესე იგი, უნდა ვლინდებოდეს იმაში, რომ შური არ ვიძიოთ, ბოროტებას ბოროტებით არ ვუპასუხოთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ბოროტების წახალისებას, ხელის დაფარებას და მიჩქმალვას. არა! იმიტომ, რომ ბოროტების ნებისმიერ გამოვლინებას უნდა შევეწინააღმდეგოთ; რა თქმა უნდა, ის უნდა აღმოვფხვრათ, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ სიყვარულით, სიკეთით, ქველმოქმედებით, ლოცვით, შეგონებით, ზოგჯერ - სამართლიანი სასჯელითაც. უკიდურეს შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანზე არანაირი შეგონება აღარ მოქმედებს, უკვე შეიძლება ასეთ ადამიანს განვეშოროთ. როგორც გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, „თუ შენს წინააღმდეგ ვინმე შესცოდავს, მიდი და ამხილე. თუ შეისმინა, ხომ შეგიძენია შენი ძმა. თუ არ შეისმინა, მიიყვანე კიდევ ერთი ან ორი შენთან ერთად, რომ ორი და სამი მოწმით დამტკიცდეს ეს სიმართლე. თუ იმისიც არ შეისმინა, ეკლესიას უთხარი. თუ ეკლესიისაც არ შეისმინა, იყოს ის შენთვის, როგორც მეზვერე და წარმართი" (მთ. 18, 15-17). თქვენ იცით, რას ნიშნავს ებრაელისთვის მეზვერე და წარმართი. ეს ნიშნავდა, რომ არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ, წყვეტდნენ ურთიერთობას.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ქრისტიანი მტერს უნდა უყურებდეს, როგორც ღმერთის ქმნილებას, თუმცაღა - დაცემულს, დაღუპვის გზაზე ან დაღუპვის მდგომარეობაში მყოფს. ქრისტიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ასეთი ადამიანის გამოსწორებას და გადარჩენას.
ამრიგად, თუ გვინდა, ვისწავლოთ მტრების სიყვარული, უნდა ვისწავლოთ, როგორც გითხარით, არ ვუპასუხოთ ბოროტებას ბოროტებით, შური არ ვიძიოთ, რადგან ამით ბოროტება კიდევ უფრო მრავლდება და ძლიერდება.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ გადავწყვეტთ, შური არ ვიძიოთ. ეს ნიშნავს, რომ უკვე გავიმარჯვეთ საკუთარ თავზე, ეშმაკზეც კი, ამ ბოროტების საწყისი ვინც არის, მაგრამ ამაზე უფრო მეტია, რომ არათუ შური არ ვიძიოთ, არამედ სიკეთეც გავუკეთოთ ასეთ ადამიანს. აი, მაშინ უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე ავალთ და მივბაძავთ უკვე უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ჯვრიდან ლოცულობდა თავისი ჯვარმცმელებისთვის.
ძვირფასო ძმებო, კიდევ ერთი რამ მინდოდა მეთქვა, რაც დღეს სოციალური ქსელების პირობებში განსაკუთრებით, ძალიან გავრცელებულია. როდესაც ადამიანები ერთმანეთს ამხელენ, ჩვენ გვამხელენ თუ ერთმანეთს ამხელენ, ხშირად ამბობენ, რომ მე ამას ვაკეთებ შენს სასარგებლოდ, შენთვის სიკეთე მინდაო.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ არ მოვტყუვდეთ, ესა თუ ის ადამიანი როცა გვამხელს, თუ მიაჩნია, რომ ჩვენ ვცოდავთ რაღაცით და გვამხელს, ის მართლა კეთილმოსურნეა, მართლა კარგი უნდა ჩვენთვის, თუ ვნებაშია ან გვემტერება?! წმინდა მამები, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი მამა, ბასილი დიდი განმარტავს, რომ თუ გინდა გაიგო, ვინც გამხელს, მეგობრული განწყობით აკეთებს, სარგებლისთვის აკეთებს თუ გემტერება, არსებობს რამდენიმე ნიშანი ამისა.
პირველ რიგში, უნდა ვლინდებოდეს მისი თანაგრძნობა. როგორც ამბობს პავლე მოციქული, „ერთ ასოს თუ ევნება, სხვა დანარჩენი ასონიც ვნებულნი არიან" (I კორ. 12, 26), იმათაც სტკივათ. იგი ასევე საოცარ სიტყვებს ამბობს: „ვინ უნდა დაეცეს, რომ მეც ცეცხლი არ შემომენთოს" (II კორ. 11, 29). ამით შენ დაინახავ, მართლა თანაგიგრძნობს თუ არა იგი. ეს ერთი ნიშანია, ანუ უნდა ჩანდეს მისი სიყვარულის, თანაგრძნობის, მართლა გულისტკივილის ნიშნები.
მეორე არის ის, რომ ობიექტური უნდა იყოს. მას ასევე უნდა სტკიოდეს სხვა შეცოდებების გამო, მის წინააღმდეგ სცოდავენ თუ სხვის წინააღმდეგ სცოდავენ, ზოგადად ცოდვის გამო უნდა შესტკიოდეს გული და არა მარტო შენ მიმართ იყოს ასე. მით უმეტეს, საჯაროდ როცა ამბობენ.
და მესამეა ძალიან მნიშვნელოვანი - მხილების დროს არღვევს თუ არა ამ მხილებისთვის დადგენილ უფლის წესებს, რომლებიც უკვე გითხარით. ჯერ უნდა მიხვიდე და პირისპირ უთხრა, საჯაროდ კი არ უნდა იყვირო, არამედ დაელაპარაკო. თუ არ შეისმინა, ერთი ან ორი მიიყვანო, მერე ეკლესიას უნდა უთხრა და მერე უკვე, როგორც მოგახსენეთ.
ძვირფასო ძმებო და დებო, ამრიგად, უნდა ვეცადოთ, გვიყვარდეს ყველა - ჩვენი მოყვარეც, ჩვენი მტრებიც, გვინდოდეს სხვისთვის ის, რაც ჩვენთვისვე გვსურს; და ამ სიყვარულის მეშვეობით თვით ღმერთს მივემსგავსებით.
დღევანდელ სახარებაში ასე ასრულებს უფალი იესო ქრისტე ამ საუბარს: „იყავით გულმოწყალენი, როგორც მამა თქვენი გულმოწყალეა" (ლკ. 6, 36). ამით, ამავე დროს, რა თქმა უნდა, სჯულსაც ვასრულებთ, პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ: „ვისაც უყვარს მოყვასი, მან შეასრულა რჯული" (რომ. 13,8 ), ამინ", - აღნიშნა პატრიარქმა.