რეზონანსი
18.10.2026

ხაიფაში გაუჩინარებული მირიამ ვასაძე ნაპოვნია. ამის შესახებ მისმა დედამ „ახალ ამბებს ისრაელიდან“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა. მისი ინფორმაციით, მირიამი უსაფრთხო ადგილზეა და სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა შვილთან დაკავშირებას ჯერ ვერ ახერხებს.

დედის თქმით, მირიამის პოვნის შესახებ 16 ოქტომბრის ღამით ერთ-ერთი ორგანიზაციიდან აცნობეს.

„დამირეკეს, რუსულად მესაუბრნენ და მითხრეს, რომ მირიამი ნაპოვნია და უსაფრთხო ადგილზეა“, - ამბობს ის. მისივე თქმით, მირიამს ტელეფონით ვერ ესაუბრა, რადგან, როგორც აცნობეს, გოგონა „გათიშულ მდგომარეობაში იყო“. დედა ამბობს, რომ ამ მდგომარეობის მიზეზს იკვლევენ და მირიამთან ფსიქოლოგი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„ამ ეტაპზე მირიამის ნახვის საშუალება არ მეძლევა. იმედი მაქვს, ხვალ მოვახერხებ მის ნახვას ან ტელეფონით საუბარს“, - განაცხადა დედამ.

დედის მონათხრობის მიხედვით, 14 ოქტომბერს მირიამი სამხედრო სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. დაღლილს ჩაეძინა, საღამოს კი დედას ფილმის ერთად ყურება შესთავაზა. ფილმის დაწყებამდე ახლომდებარე მაღაზიაში "კოკა-კოლისა" და ჩიფსების საყიდლად გავიდა.

„გასვლისას მითხრა: დედა, კარი არ დაკეტო, უცებ ვიყიდი და ახლავე ამოვალო“, - იხსენებს დედა.

 როდესაც მირიამის დაბრუნება დაგვიანდა და ზარსაც არ უპასუხა, დედა მის მოსაძებნად ჩავიდა. მისი თქმით, მირიამი მაღაზიაში საერთოდ არ შესულა. ამის შემდეგ პოლიციას დაუყოვნებლივ შეატყობინა და ძებნა დაიწყო.

გაუჩინარებისა და პოვნის გარემოებები, ისევე როგორც მისი ზუსტი სამედიცინო მდგომარეობა, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. არც ხაიფის პოლიციაში აკეთებენ დამატებით კომენტარს!

ახალი ამბები ისრაელიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×