თამთა ჩაჩანიძე
17.10.2026

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მორიგ საჯარო გამოჩენას, მმართველ გუნდში მიმდინარე კორუფციული სკანდალებისა და მაღალჩინოსნების დაკავებების ფონზე, საზოგადოებაში მნიშვნელოვანი მოლოდინები ახლდა. თუმცა 17 ოქტომბრის შეხვედრას კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მოჰყოლია. პარტიის ლიდერებმა საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები განიხილეს, ივანიშვილმა გუნდში წარსულში არსებულ კორუფციულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი გადალახულია. ერთადერთი კონკრეტული ცვლილება კი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის განახლება იყო.

როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრის მთავარი მნიშვნელობა ის იყო, რომ მმართველი გუნდის წევრებს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი პოზიცია საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, შეხვედრის მთავარი დატვირთვა მაინც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაზე იყო, რათა მხარდამჭერები დაემშვიდებინა.

17 ოქტიმბერს დილით ჯერ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა და შემდეგ კი, 2 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შედგა. ივანიშვილი ორივე სხდომას დაესწრო. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა.

„ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე ფორმატში განხილული იქნა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები. როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებზე. ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ივანიშვილმა „გულისტკივილი გამოთქვა" იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებაზე კი, პრემიერის თქმით, „საუბარი არ ყოფილა, ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს".

  • ირაკლი კობახიძე: „როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებზე."

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე, პირველადი ინფორმაციით, „არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება".

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მამუკა მდინარაძის მიმართ სამართლებრივი პროცესი, კობახიზემ უპასუხა, რომ „ამას საფუძველი არ აქვს, არ უნდა ველოდოთ". რაც შეეხება მასთან კომუნიკაციას, პრემიერმა თქვა, რომ „პერიოდულად აქვს", თუმცა თავი აარიდან კითხვას, არის თუ არა მდინარაძე მისი მეგობარი.

კითხვაზე, თუ ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვისას „ოცნების" წარმომადგენელი, კობახიძე პასუხობს, რომ სავარაუდოდ, პარლამენტი, რადგან სწორედ, პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის სარჩელი.

„ქართული ოცნების" განცხადება

პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შესახებ „ქართულმა ოცნებამ" სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ „პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული".

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა - პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.

პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა. როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.

„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.

„ასევე, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს. უმრავლესობის სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის მიზანი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, სავარაუდოდ, პარტიაში ბოლო პერიოდში გაჩენილი კითხვებისა და შიშების განეიტრალებას ემსახურებოდა.

„ივანიშვილი არ გამოჩნდა პარტიის დაარსების იუბილეზე. ხანდახან ივანიშვილი არ ჩანს და გარკვეული ჭორები წავიდა როგორც საზოგადოებაში, ისე ოპოზიციაში, ექსპერტებში. დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება ვიღაცა გადააყენონ, ან იყო თუ არა შეთანხმებული ღარიბაშვილის და სხვების დაპატიმრება ივანიშვილთან და ა.შ. როგორც ჩანს, ამ ჭორების გასანეიტრალებლად გამოჩნდა ივანიშვილი ამ შეკრებაზე.

„ღარიბაშვილის და სხვათა დაპატიმრება საკმაოდ რეზონანსული გახდა თავად „ქართულ ოცნებაში" და მის მომხრეებში. იქ არა მარტო ღარიბაშვილია, რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის აჭარის უმაღლესი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს. ამან გარკვეული დამოკიდებულებები და საფრთხეების მოლოდინი გააჩინა უმრავლესობაში - ვაითუ ხვალ მე დამიჭირონ და რაღაც შარი მომდონ... მით უმეტეს, როცა ეს პროცესი გარკვეულწილად გრძელდება, ამიტომ ხალხს გარკვეულწილად დამშვიდება სჭირდებოდა და სწორედ ამ ფონზე გამოჩნდა ივანიშვილი. საკუთარი გუნდის დამშვიდება არც ისე ადვილი საქმეა და მან თქვა, რომ კი, ჩვენ ვიღაცეები გავაპატიმრეთ, მაგრამ თქვენ იყავით მშვიდად, არაფერი გემუქრებათ, სანამ ივანიშვილის ერთგული ხართ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „შეიძლება მდინარაძე გარიყეს, მაგრამ კობახიძეს ივანიშვილი არ შეცვლის... ივანიშვილის ეს გამოჩენა იყო იმისთვის, რომ საკუთარი გუნდი დაემშვიდებინა, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ძველებურადაა".

„შეიძლება მდინარაძე გარიყეს, მაგრამ კობახიძეს ივანიშვილი არ შეცვლის. კობახიძის ცვლილება ნიშნავს საქართველოს საგარეო ორიენტაციის ცვლილებას და არანაირი მონაცემები იმის, რომ „ქართული ოცნება" ასეთ შემობრუნებას აპირებს რუსეთიდან დასავლეთისკენ, არანაირი ასეთი წინაპირობები არ შექმნილა. ყველაფერი ჯერ გაურკვეველია.

„მე არც იმის მჯერა, რომ 2-3 თვეში დასრულდება პარტიების აკრძალვის საკითხი. ალბათ ესეც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს ხომ პროცესია, რომელიც „ქართულ ოცნებას" სჭირდება მუდმივად იმისთვის, რომ ოპოზიცია და აი, ეს საზოგადოება მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ამყოფოს, რა დროსაც ფაქტიურად მოქმედების სტრატეგიას ვერ გეგმავს.

„ივანიშვილის ეს გამოჩენა იყო იმისთვის, რომ საკუთარი გუნდი დაემშვიდებინა, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ძველებურადაა, ნუ გეშინიათ, მშვიდად და კარგად გააგრძელეთ ის საქმე, რასაც და როგორც აკეთებთ", - აცხადებს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ერთი რიგითი შეხვედრა იყო.

„როგორც ვიცი, რეგულარული არის ხოლმე ეს სხდომები და ივანიშვილიც რეგულარულად ესწრება. განსაკუთრებული არაფერი არაა, უბრალოდ, ყოველთვის სხდომები ოთხშაბათს ტარდებოდა, ახლა შაბათისთვის გადაიტანეს", - განაცხადა მან.

  • რამაზ საყვარელიძე: „არაა გამორიცხული, რომ თავად საზოგადოებამ შექმნა დიდი მოლოდინი. ოპოზიციამაც ისეთი აწეული ინტონაციით ილაპარაკა ამ სხდომაზე... ის კი არა, ისიც თქვეს, რომ ალბათ ივანიშვილი არ მოვა, ეშინიაო."

კითხვაზე, როცა სხდომაზე მნიშვნელოვანი არაფერი გადაწყვეტილა, ამ შეხვედრის მთავარი დატვირთვა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ხომ არ იყო, საყვარელიძემ გვითხრა:

„არ მგონია, იმიტომ, რომ ასეთი დატვირთვა ყოველთვის შეიძლება მისცენ. ივანიშვილი ხშირადაა თავის პარტიასთან. რამდენი პარტიასთან მივა, იმდენი თუ განგაში ატყდა, სულ დავიდარაბაში ვიქნებით მთელი საქართველო".

საყვარელიძე მიიჩნევს. რომ თავად საზოგადოებამ და ოპოზიციამ შექმნა დიდი მოლოდინი ამ შეხვედრისგან.

„არაა გამორიცხული, რომ თავად საზოგადოებამ შექმნა დიდი მოლოდინი. ოპოზიციამაც ისეთი აწეული ინტონაციით ილაპარაკა ამ სხდომაზე... ის კი არა, ისიც თქვეს, რომ ალბათ ივანიშვილი არ მოვა, ეშინიაო.

„დღის წესრიგი არ ვიცი, მაგრამ თუ საკადრო სურათი არ შეიცვალა, თუ რომელიმე საკითხმა წინ არ წამოიწია, თორემ კობახიზე იტყოდა, მაშინ გამოდის, რომ ეს ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა იყო.

„არ ვიცი, ახლა იყო თუ არა გუნდის მიმართ მხარდაჭეის დემონსტრირების აუცილებლობა. ჰქონდა ეჭვი გუნდს, რომ მხარდაჭერილი იქნებოდა ივანიშვილის მხრიდან? მე მგონი ასეთი ეჭვი არ ჰქონდათ. ეგ ისევ იმის მცდელობაა, რომ რაღაც მოვლენა შევქმნათ იმისგან, რაც არ არის", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×