თამთა ჩაჩანიძე
17.10.2026

საქართველო 2027 წელს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოპოვებას ცდილობს იმ დროს, როდესაც ორგანიზაციაში კვიპროსის კანდიდატურის გარშემო დიპლომატიური ჩიხია შექმნილი და თურქეთი მის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საქართველოსთვის ეს ვითარება შესაძლებლობის ფანჯარას ქმნის, თუმცა მთავარი გამოწვევა 57 მონაწილე სახელმწიფოს კონსენსუსის მოპოვებაა და აქ ბარიერი ევროკავშირის, კონკრეტულად კი ბალტიის ქვეყნების პოზიციაა. ამ ფონზე კი თავმჯდომარეობისათვის ბრძლაში, შესაძლოა, სერბეთიც ჩაერთოს.

გასულ კვირას ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტი, პირველ რიგში, 2027 წლიდან ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის არჩევის საკითხს უკავშირდება. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა, 16 ოქტომბერს თბილისში შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. მხარეებმა ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კი საქართველოს 2027 წლის თავმჯდომარეობის კანდიდატურა იყო. ვიზიტის ბოლოს კოლეგებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.

  • მაკა ბოჭორიშვილი: „ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული დრო იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ სწორედ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთოს მომავალ თავმჯდომარეობაზე".

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის ორგანიზაციის საქმიანობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და თავმჯდომარეობისთვის საჭირო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან იმუშაოს. მისი თქმით, ქვეყანას აქვს როგორც შესაბამისი გამოცდილება, ისე რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი როლის შესრულების შესაძლებლობა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული დრო იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ სწორედ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთოს მომავალ თავმჯდომარეობაზე", - თქვა ბოჭორიშვილმა.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, იგნასიო კასისის თქმით, მისი მიზანია, ორგანიზაციის მომავალი თავმჯდომარის საკითხზე გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლომდე მიიღონ. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამის გარანტია არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილებას 57 მონაწილე სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება.

„ჩემი ამოცანაა გადაწყვეტილების მოძებნა ნოემბრის ბოლოს, რომ მინისტრთა კონფერენციაზე ლუგანოში ამ საკითხის განხილვა აღარ გახდეს საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ეს მხოლოდ სურვილია, გარანტიას ვერ მოგცემთ. იმედი მაქვს, 57 მონაწილე ქვეყანა დამეხმარება, რომ დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაღწიო", - განაცხადა კასისმა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა და ოპიზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, მისი კონტაქტებით დაეხმარება ხელისუფლებას, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდეს საქართველო.

  • იგნასიო კასისი ახალი თავმჯდომარის არჩევაზე: „ჩემი ამოცანაა გადაწყვეტილების მოძებნა ნოემბრის ბოლოს... ეს მხოლოდ სურვილია, გარანტიას ვერ მოგცემთ."

„თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს გაუშვებს და არ ეყოლება, პირობებს შექმნის თავისუფალი არჩევნებისთვის, ამ რეპრესიულ კანონმდებლობას გააუქმებს და არ ჩაახშობს თავისუფალ სიტყვას, პირადად დავეხმარები ყველანაირად - ყველა ჩემი გამოცდილებით, კონტაქტითა და ა.შ., რომ საქართველო გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან მინდა ეს, ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ყველა იმ ნაბიჯით, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება დგამს, კეტავს გზას არა მარტო ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის, არამედ ძალიან ბევრი დიდი სარგებლისთვის", - განაცხადა წერეთელმა.  

საქართველოსა და კვიპროსის შანსები

დღეის მდგომარეობით, ეუთოს თავმჯომარეობისთვის გამოკვეთილად ორი კანდიდატი ქვეყანა იბრძვის - საქართველო და კვიპროსი. ოფიციალურ კანდიდატად მხოლოდ კვიპროსი იყო დასახელებული, თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ აქტიური კამპანია სექტემბერში დაიწყო და რადგან კვიპროსის კანდიდატურაზე კონსენსუსი ვერ შედგა, საქართველოს მიეცა შანსი თავმჯდომარის ალტერნატიულ კანდიდატად განიხილებოდეს. ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთიც განიხილავს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.

ახლა მთავარი აქცენტი იმაზეა, შეძლებს თუ არა თბილისი არსებული უთანხმოების ფონზე ევროპის მხარდაჭერის მობილიზებას და რამდენად რეალურია საქართველოს შანსი, რომ ასეთ შეთანხმებას მიაღწიოს. გადაწყვეტილების მიღების ვადა 2026 წლის ნოემბრის ბოლოა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია 3-4 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე.

ეუთოს თავმჯდომარეობას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ასრულებს ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული მონაწილე სახელმწიფო. მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობას თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იკავებს.

ეუთოს თავმჯდომარეობის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ქვეყანას ერთი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექმნება ორგანიზაციის დღის წესრიგზე გავლენა მოახდინოს, საერთაშორისო დიპლომატიაში აქტიური როლი შეასრულოს და კონფლიქტების მოგვარების პროცესებში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა მიეცეს. თავმჯდომარე ქვეყანა განსაზღვრავს წლის პრიორიტეტებს, ორგანიზებას უწევს დისკუსიებს და ხელს უწყობს კონკრეტული საკითხების განხილვას, თუმცა დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა, კრისტიან ვიგანდმა განაცხადა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას და „ალტერნატივებს არ განიხილავს". თუმცა, აქვე დასავლური მედიები აღნიშნავენ, რომ „ეუთო 2027 წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ჩიხში შედის. კვიპროსი ერთადერთი ოფიციალური კანდიდატია, მაგრამ თურქეთი ბლოკავს მის წარდგენას. ეს საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, წარმოადგინოს საკუთარი თავი, როგორც ალტერნატივა, თუმცა, ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებით უარყოფითად არიან განწყობილი საქართველოს კანდიდატურის მიმართ ეუთოს თავმჯდომარეობაზე".

„საქართველო მიისწრაფვის ეუთოს თავმჯდომარეობისკენ და ცდილობს გამოიყენოს ეს ინსტიტუტი მზარდი საერთაშორისო იზოლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა, ევროკავშირი ხელს უშლის მას", - წერს ბელგიური გამოცემა „რაპორტერი".

ბელგიური გამოცემა წერს, რომ საქართველოს კანდიდატურას ეწინააღმდეგება არა ევროკავშირის 27-ვე წევრი, არამედ ბალტიის ქვეყნები, „რაც ასახავს შეშფოთებას თბილისსა და ევროკავშირს შორის სულ უფრო დაძაბული ურთიერთობისა და რუსეთთან მისი მიდგომის გამო".

ამავე მედიას მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა, რომ სერბეთიც განიხილავს 2027 წლის თავმჯდომარეობისთვის კენჭისყრას, თუმცა ბელგრადის შესაძლო ნაბიჯმა შეიძლება გაამწვავოს ბრიუსელის დილემა, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობებისა და სამხედრო დამნაშავე რატკო მლადიჩის დაკრძალვასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე.

„რაპორტერის" ცნობით, რუსეთის პოზიცია საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით ასევე გაურკვეველი რჩება. სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პირადად დაესწრება დეკემბრის მინისტერიალს, რაც მისი ერთ-ერთი იშვიათი ვიზიტი იქნება ევროპაში.

„რაპორტერი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა საქართველოს განაცხადის შესახებ კომენტარისთვის, თუმცა უწყებამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

რაც შეეხება კვიპროსთან დაკავშირებულ ჩიხს, თურქეთს არგუმენტები საჯაროდ ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, ერთი სავარაუდო მიზეზი ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს გარშემო არსებული ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირებაა. ანკარა არ აღიარებს კვიპროსის რესპუბლიკის უფლებას, მთელი კუნძულის სახელით წარმოადგენდეს ორივე თემს და ამტკიცებს, რომ კვიპროსელ თურქებს თანაბარი პოლიტიკური სტატუსი და საერთაშორისო აღიარება უნდა ჰქონდეთ. თურქეთი ასევე მხარს უჭერს კუნძულზე ორი სახელმწიფოს არსებობის იდეას, მაშინ, როდესაც კვიპროსის რესპუბლიკა ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას ემხრობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×