რეზონანსი
16.10.2026

რუსთავში, 24 წლის ლუკა ვანიშვილის მოულოდნელ გარდაცვალებას გლოვობენ. ახალგაზრდა მამაკაცი 15 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ლუკა რუსთავის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ოქროსმედალოსანი და წარმატებული ახალგაზრდა იყო.

შვილის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ლუკას დედა, მარი ჭამპურიძე.

"საუკეთესოთა შორის საუკეთესო ლუკა აღარ მყავს. ჩემი საამაყო შვილი, ოქროსმედალოსანი, ოქროს ბიჭი. მოულოდნელად გავუბედურდი წამში. რა დღე დამიღამდა... 15 ოქტომბერი სამუდამოდ გამწარების დღე იყო. 24 წლის შვილი აღარ მყავს, სულ სიკეთეს რომ ასხივებდა ყველგან. სამუდამოდ გაშავდა ჩემი ცხოვრება,"- წერს გარდაცვლილის დედა.

ახალგაზრდას ემოციური წერილით ემშვიდობება რუსთავის მესამე საჯარო სკოლაც. სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, ლუკა გამორჩეული მოსწავლე იყო, რომელიც ცოდნით, შრომისმოყვარეობით, თავმდაბლობითა და ადამიანური თვისებებით ყველას სიყვარულს იმსახურებდა.

"მშვიდობით, ძვირფასო კურსდამთავრებულო... მესამე სკოლა შენით ყოველთვის იამაყებს. არის ამბები, რომელთა დაჯერებაც შეუძლებელია... არის ტკივილი, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს... ჩვენ გვეამაყებოდა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. გვეამაყებოდა მისი წარმატებები, მისი მიღწევები, მისი მომავალი, რომელიც წინ იყო გადაშლილი... მომავალი, რომელსაც ამდენი იმედი და ოცნება ახლდა. ზოგიერთი ადამიანი ძალიან ადრე მიდის, მაგრამ მისი კვალი დიდხანს რჩება... შენ ჩვენი სკოლის ისტორიის, ჩვენი მოგონებებისა და ჩვენი გულების ნაწილად დარჩები,"- ნათქვამია სკოლის სამძიმრის წერილში.

სოციალურ ქსელში, ახალგაზრდას მეგობრები, ნაცნობები და თანაქალაქელები ემშვიდობებიან.

"ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი და მოსწავლე", "როგორი მტკივნეულია შენზე წარსულში საუბარი", "საუკეთესო ბიჭი"- წერენ კომენტარებში.

ახლობლების ინფორმაციით, 24 წლის ლუკა მოულოდნელად გარდაიცვალა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ლუკა ვანიშვილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

წყარო: top news

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×