ნატალია ჯვარიძე
16.10.2026

ცხინვალის რეჟიმის საგარეო უწყება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძმური ერთობის აღდგენაზე ისაუბრა. საოკუპაციო რეჟიმი ქართულ რიტორიკას მიუღებელს უწოდებს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებით ქართული ეკლესიის მიმართ პოპულარობას პირიქით - ზრდის.

ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების დოკუმენტებში სამხრეთ ოსეთი თავისი "ფაქტობრივი სახელწოდებით არის მოხსენიებული", რასაც უფლებამოსილი ქართველი პოლიტიკოსებიც აწერენ ხელს.

„განცხადებები „უძველეს ისტორიულ მიწებზე" და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს „შეუერთდეს", რაც რწმენისა და ძმობის შესახებ ჩვეული მსჯელობით არის შეფუთული, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით. სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, ისევე როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, კვლავაც აგრძელებენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებით არაკორექტული ტერმინოლოგიის გამოყენებას და მას დამამცირებელი ტერმინით - „ცხინვალის რეგიონით" მოიხსენიებენ.

„თეზისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში საქართველოს ე.წ. უძველესი ისტორიული მიწების შესახებ ცალკე უნდა განვიხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რეჟიმის მტკიცებით, საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა, "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ტანჯვის ხსენების გარეშე და ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულის გამოხატვის გარეშე, „ძმური ერთიანობისა და სიყვარულის აღდგენის" იმედი გამოთქვა".

„სამხრეთ ოსეთში კარგად ახსოვთ, რამდენი მწუხარება მოუტანა საქართველოს ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა 1920-იან წლებში, 1989-1992 წლებში და 2008 წელს. აშკარა ფაქტების იგნორირების ფონზე ასეთი „კეთილი განზრახვები" ჩვენი რესპუბლიკისთვის მიუღებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა. როგორც შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" განაცხადა, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა.

„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენით და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული", - აღნიშნა პატრიარქმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ცხინვალის გამოხმაურება, ისევ მათ აზიანებთ.

„ჯობდა არ გაეკეთებინათ რეაგირება, გაავრცელეს პატრიარქის განცხადება, რაც მათ წინააღმდეგ მუშაობს. უცნაურად იქცევიან, იმიტომ რომ პატრიარქი პოლიტიკოსი არაა და შესაბამისად, ასე რომ არ ექნათ, ოსურ მხარემდე არ მივიდოდა ეს ინფორმაცია. მეორე, ოსურ მხარეში საქართველოს ეკლესია უფრო პოპულარულია და პატივს სცემენ, ვიდრე აფხაზეთში. აფხაზეთში, სამწუხაროდ, რაღაც უფრო აგრესია ჰქონდათ ილია მეორის მიმართ და ცხინვალში ასეთი აგრესია არ ყოფილა არასდროს. ამიტომ ახლა ილია მეორე აღარაა და რაღაცნაირად შეიძლება ეს სიმპათიები შეიძლება გადავიდეს შიო მესამეზე, რადგან მას არაფერი დაუშავებია. არავითარი საფუძველი საზოგადოებაში მის წინააღმდეგ, არ არსებობს.

როცა ცხინვალის ოფიციალური მხარე პატრიარქის სიტყვებს აფასებს, ამით ავრცელებს მის ინფორმაციას და ბევრი იქაური მოსახლეობისთვის პატრიარქის პოზიცია ხდება, გასაგები, მოსმენადი და ხშირ შემთხვევაში დასაფიქრებელიც კი. პატრიარქს განსაკუთრებული განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ამიტომ მათი რეაქცია არის სრულად უსაფუძვლო და არაფერს ეფუძნება.

ჩემი აზრით, მათ ეშინიათ, შიო მესამემ არ მოიპოვოს ოსების არ დაიპყროს ილია მეორის ადგილი",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×