
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროცესს დღეს დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძე ესწრებოდა, რომლის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ მაქსიმალურ სასჯელს ელოდება.
„დღეს მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა, ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება 23 ოქტომბერს, ბრალდების მხრიდან, ანუ ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება განაჩენის გამოცხადებას, ალბათ მართლაც რამდენიმე პროცესია დარჩენილი. მე ველოდები მაქსიმალურ სასჯელს“, - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.
საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა.
„მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი მალანიას ინტენსიური კავშირი დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე და უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დღესაც. დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდშიც აღნიშნული ინტენსიური კავშირიც ცალსახად ადასტურებს იმას, თუ როგორ უკავშირებდნენ ერთმანეთს ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი მალანია და განიხილავდნენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას. კერძოდ, ეს საჭირო ინფორმაცია იყო გიგა ავალიანის მისამართის შესახებ ინფორმაცია, მის ჩაცმულობასთან და გარეგნობასთან დაკავშირებული და მის ვიზუალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
გარდა სატელეფონო კომუნიკაციების განხილვისა, ასევე აღნიშნულ მტკიცებულებებში წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულ პირთა და ბრალდებულ პირთა შორის მიმოწერები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე ჩიქოვანს შორის არსებული მიმოწერა, სადაც ალექსანდრე გაბაშვილი დემეტრე ჩიქოვანს სწერდა, რომ მისამართის გაგებაში ეხმარებოდა გიო, ნიაკოს მეგობარი, რომელიც გახლავთ გიორგი მალანია“, - განაცხადა პროკურორმა, ქეთევან სონიძემ.
გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.