რეზონანსი
16.10.2026

ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა.

„ვნახე დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომ 38 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოვუყოფთ არა სახელმწიფოს, არამედ ხალხს, პირდაპირ დავეხმარებითო. მინდა ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს რომ ჰქონდეს ხალხთან და არა - სახელმწიფოსთან. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით ფაქტობრივად გვითხრა, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და ესენი ასე პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ. ეს არის აბსოლუტური სამარცხვინო პოზიცია, რომელიც ფაქტობრივად გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა თემთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა.

სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა შუა საუკუნეების ღირებულებებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი საერთოდ, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას და საერთოდ, რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დამყარებულიყო საერთაშორისო წესრიგი. ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს. სირცხვილია და ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×