
შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწრო" დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განხორციელებული ძალადობას გულისხმობს. ამავე მუხლითაა დაკავებული ავთო ბილანიშვილიც. აღნიშნული მუხლი 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვატო ყიფიანის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ყიფიანი ქალაქგარეთ იმყოფებოდა და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია
ვინ არის "კაწრო", რომელსაც შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ და რას წერს მისი მეუღლე
ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, რომ მისთვის უცნობია დაკავების მიზეზი და ის, არის თუ არა საერთოდ დაკავებული. ამასთან, ფხალაძე ამბობს, რომ მას დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყიფიანთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია. ადვოკატის თქმით, ის ყიფიანის ოჯახთან დაკავშირებას ცდილობს.
წარსულში მომხდარ რომელ ხმაურიან საქმეებს უკავშირდება ვატო ყიფიანის სახელი?
2020 წელი: შეკვეთილი მკვლელობის აღკვეთა 2020 წლის ზაფხულში საქართველოს სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების (ოფიციალურ დოკუმენტებში: გ.ფ. და დ.ფ.) მკვლელობა. სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში 6, ხოლო უკრაინაში 1 პირი დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისელი ძმების ლიკვიდაცია უკრაინაში დაიგეგმა და ის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.
პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა.
უკრაინიდან გაძევების შემდეგ, 2021 წლის 21 ივნისს, ყიფიანი თბილისში დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს. ერთ-ერთი ვერსიით, ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობა 2016 წელს ვაკეში კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობით დაწყებული შურისძიების ჯაჭვი იყო.
ვატო ყიფიანი მედიის ყურადღების ცენტრში 2022 წელსაც მოექცა. საქმე ეხება სტამბოლში, სარიიერში, სავაჭრო ცენტრის Vadi Istanbul-ის რესტორანში ორ ჯგუფს შორის დაწყებულ კამათს, რომელიც ორმხრივი სროლით დასრულდა. შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელშიც ცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ, 6 ადამიანი დაიჭრა.
როგორც მედია წერდა, კაფეში მსხდომ უცხოელებს 10-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი მიუახლოვდა და მათ შორის დაწყებულ კამათს ორმხრივი სროლა მოჰყვა. როგორც მაშინ ambebi.ge -თვის გახდა ცნობილი, სუფრაზე მსხდომთა შორის ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი - ვატო ყიფიანი და ნოდარ დობორჯგინიძე ("დობო") ამოიცნეს. იყო ვერსია, რომ შეიარაღებული კონფლიქტი ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, 2021 წელს, თბილისში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა.
სროლა სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში - დაპირისპირება, რომელშიც ქართველი კრიმინალური ავტორიტეტებიც მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ, თბილისში გასულ წელს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება
ავთანდილ ბილანიშვილი წარსულში" ქართულ ოცნებასთან" მჭიდროდ დაკავშირებული პირი იყო. ის მედიის ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებისას მოექცა. თავდაპირველად გავრცელდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ბილანიშვილი აღნიშნულთან რაიმე სახის კავშირში ყოფილიყო, თუმცა გამოძიებამ ყველანაირი შემხებლობა გამორიცხა.
ბილანიშვილი მას შემდეგ დაკითხეს, რაც ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" საქმეში მის შესაძლო მონაწილეობაზე რამდენიმე სიუჟეტი მოამზადა. ბილანიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. მან განმარტა, რომ სურს ყველაფერს ფარდა აეხადოს და მისი სახელი არ უკავშირდებოდეს ამ უმძიმეს საქმეს, რადგან შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებთან, არავითარი კავშირი არ აქვს.
"კაკო ნიკაკოი" - ასე იცნობენ "კრიმინალურ სამყაროში" ქართველ ე.წ კანონიერ ქურდს, "კაწროს" მამას - აკაკი ბილანიშვილს.
წყარო: ambebi.ge